"დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო იმ გამომძიებლების დაკითხვა, რომლებმაც ნახეს დანაშაულის ნიშნები" - კვირის პალიტრა

"დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო იმ გამომძიებლების დაკითხვა, რომლებმაც ნახეს დანაშაულის ნიშნები"

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვა დასრულდა. სასამართლო სხდომა საქმეში არსებული მტკიცებულებების განხილვით გაგრძელდება.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც საგამოძიებო ორგანოს დანაშაულის ნიშნების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა წერეთლის თქმით, გამომძიებლების ჩვენება ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ ყოფილა და არანაირი მანიშნებელი ფულის გათეთრებაზე არ მოუსმენიათ.

"დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო იმ გამომძიებლების დაკითხვა, რომლებმაც ნახეს დანაშაულის ნიშნები, თუმცა ჩვენს შეკითხვაზე თუ რა დაინახეს აუცილებელი ნიშანი ფულის გათეთრებისა - ტრანზაქციის შენიღბვა, წარმომავლობის დამალვა თუ რაიმე სიყალბე, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. მათ თქვეს, რომ ზოგადად შეექმნათ ასეთი წარმოდგენა და ზოგადად თანხის სესხება, ან გადასესხება ნამდვილად არ ნიშნავს ფულის გათეთრებას. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მნიშვნელოვანი მტკიცებულება ბრალდების მხარისთვის არ ყოფილა და არანაირი მანიშნებელი ფულის გათეთრებაზე არ მოგვისმენია. ახლა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას ვიწყებთ, 27 ტომია და საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი გველოდება წინ. ეს არის დოკუმენტები რაც მოიპოვა გამოძიებამ, მოვიპოვეთ ჩვენ და გადმოცემული აქვს სასამართლოს, ეს პროცესიც დაიწყება დღეს", - აღნიშნა კახა წერეთელმა.

აღნიშნული საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის ინფორმაციით, გამომძიებლების ჩვენებებით დადასტურდა, რომ მტკიცებულებების მოპოვება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოხდა და საქმეში არსებული ცალკეული კომპონენტები ერთობლიობაში ქმნიან დანაშაულის შემადგენლობას.

"დღეს დაიკითხნენ საქმის გამომძიებლები, მათი ჩვენებებით დადასტურდა, რომ ყველა მტკიცებულების მოპოვება მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ჩვენ გავაკეთეთ შეფასება და ამ ტრანზაქციებს, ასევე მის წინარე მოქმედებებს მათ შორის ოფშორული კომპანიის შემოყვანას და ბანკიდან სესხის ჩამოწერას მივეცით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კვალიფიკაცია, რაც წარმოადგენს დანაშაულს. ეს კომპონენტები კუმულატიურად შეადგენენ დანაშაულს, იგულისხმება ფიქტიური სესხის ხელშეკრულება, გადარიცხვები, კონვერტაციები და ოფშორული კომპანიის შემოყვანა, ეს ქმედებები ერთობლიობაში ქმნიან დანაშაულის შემადგენლობას", - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.