"რამ გამოიწვია ბუნებრივი აირის დეფიციტი ზამთრის დადგომამდე და რატომ აწვდის რუსეთი ევროპას ნაკლებ გაზს?" - რას წერს ბრიტანული გამოცემა?
ბრიტანული გაზეთი "ფაინენშელ თაიმსი" (Financial Times) ევროპაში შექმნილ სათბობის (ბუნებრივი გაზის) უკმარისობის გამო დაწყებულ კრიზისს ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით - "რატომ ეშინია ევროპას გაზის დეფიციტის ჯერ კიდევ ზამთრის დაწყებამდე", რომელშიც შექმნილი სიტუაციის ანალიზია მოცემული. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ევროპაში ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ფასი თითქმის 800 დოლარი ღირს, რაც აგვისტოსთან შედარებით 100 დოლარით მეტია. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
"ბრიტანეთსა და კონტინენტურ ევროპაში გაზის ფასებმა ზამთრის მოსვლამდე, როცა სარეზერვო საცავები ბოლომდე არაა შევსებული, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეს სერიოზულ ზიანს აყენებს ინდუსტრიას და შეშფოთებას იწვევს ზამთრის სეზონზე შესაძლო დეფიციტის გამო. ბრიტანეთში ყოველდღიური ფასები შვიდი პროცენტით გაიზარდა. ახლა ის თითქმის სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე წლის დასაწყისში იყო. მხოლოდ აგვისტოს დასაწყისში ფასები 70% - ით გაიზარდა. და რადგან გაზი ელექტროენერგიის წარმოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თავის მხრივ, ელექტროენერგიის ფასმაც რეკორდულად მოიმატა.
რამ გამოიწვია გაზის დეფიციტი ზამთრის გათბობის სეზონის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, როდესაც მოთხოვნა ნამდვილად გაიზრდება? რა გავლენას მოახდენს ეს ადამიანებზე? რა არის შეშფოთების მიზეზი მომარაგებასთან დაკავშირებით?
გაზის მარაგის დეფიციტის გამო შიში წარმოიქმნა ხანგრძლივი ცივი ზამთრის წინ, როდესაც ბუნებრივი აირის რეზერვებმა შემცირება დაიწყო. როგორც წესი, გაზის საცავების შევსება ზაფხულში ხდება ხოლმე, როდესაც გათბობაზე გაზის ხარჯის დონე ეცემა. მაგრამ საქმე ისაა, რომ 2021 წლის ზაფხულში გაზსაცავები უფრო ნელა ივსებოდა, ვიდრე ეს ტრეიდერებს სურდათ.
ამჟამად აქტიურად განიხილება საკითხი, თუ რატომ აწვდის რუსეთი ევროპას გაზის ნაკლებ რაოდენობას. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
პირველ რიგში, რუსეთს საკუთარი რეზერვების აღდგენა სჭირდება; მეორეც, არსებობს ეჭვი, რომ იგი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ევროპის ქვეყნებზე, მათ შორის - გერმანიაზე, იმ მიზნით, რომ ბერლინმა სწრაფად მოაგვაროს მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი - 2"-ის ექსპლოატაციაში გაშვებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამჟამად მისი მშენებლობა უკვე დასრულებულია;
კიდევ ერთ მიზეზს თვითონ ევროპის მოქმედება აჩენს: ბოლო წლებში ევროპის ქვეყნები ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზეც უარს ამბობენ, რაც შეუძლებელს ხდის, ფასების ზრდის ფონზე, ერთი საწვავიდან მეორეზე სწრაფ გადასვლას. ნახშირორჟანგის გამონაბოლქვზე დაწესებული რეკორდულად მაღალი საჯარიმო ფასი გაზიდან ქვანახშირზე გადასვლას ნაკლებად მიმზიდველს ხდის, რადგან, როგორც ცნობილია, ქვანახშირის დაწვისას მეტი ნახშირორჟანგი წარმოიქმნება.
ბრიტანეთი და ევროპის კონტინენტის ზოგიერთი ქვეყანა სულ უფრო ხშირად იყენებენ ქარის ენერგიას ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, მაგრამ ბოლო კვირებში ისეთი ამინდი იყო, რომ ქარის ენერგიის წვლილი ენერგეტიკის "საერთო ყულაბაში" მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ პირობებში გარდაუვლად მატულობს გაზის გამოყენება, რაც ზრდის მასზე მოთხოვნას.
რამდენად საშიშია გაზის დეფიციტი ბრიტანეთისთვის?
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფო შედარებით ნაკლებად დაცულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყანა. ბრიტანეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა ჰაერში მავნე ნივთიერებების გაშვება, რის გამოც ბევრი ქება დაიმსახურა. ეს მიღწეული იქნა განახლებადი ენერგიის წყაროების სიმძლავრის გაზრდით და ქვანახშირის ბუნებრივი აირით ჩანაცვლებით.
ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანას გაზით მომარაგების სხვადასხვა წყაროები აქვს. ამავე დროს, ხელისუფლება აღიარებს, რომ გაზის, განსაკუთრებით კი გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტს პრობლემები შეიძლება შეექმნეს - მსოფლიო ბაზარზე კონკურენციისა და მოთხოვნის გამო. LNG-ზე მოთხოვნა პერმანენტულად იზრდება, განსაკუთრებით - აზიაში, რაც მას უფრო კონკურენტუნარიანს ხდის.
ცხადია, უფრო საიმედოდ ითვლება გაზის მილსადენების მეშვეობით მომარაგება (ნორვეგიიდან - ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში), მაგრამ საქმე ის არის, რომ ბრიტანეთი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული იმ ევროპულ მილსადენზე, რომელიც რუსეთში იწყება.
Brexit-ის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბევრი შეშფოთდა და ჩათვალა, რომ ევროპამ შეიძლება ნებისყოფა მოიკრიბოს და მეტი უპირატესობა საკუთარი რეზერვების შექმნას მიანიჭოს, ბრიტანული მოთხოვნილებების საზიანოდ. ნაიალ ტრიმბლი, ენერგეტიკული ხელშეკრულების საკონსულტაციო კომპანიის Energy Contract-ის წარმომადგენელი აცხადებს: "სავსებით შესაძლებელია, რომ ცივ ზამთარში პრობლემები წარმოგვექმნას".
გაგრძელდება თუ არა გაზზე ფასების ზრდა ევროპაში?
არ არის აუცილებელი. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელსაც ფასების ზრდის თავიდან აცილება შეუძლია.
ყველაზე მნიშვნელოვანია ამინდი. თუ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში რბილი ზამთარი იქნება, ეს ფაქტორი ბაზარს მნიშვნელოვნად "დაამშვიდებს". თუ ქარის სიმძლავრე უფრო მეტი იქნება, მეტი ელექტროენერგია იქნება გამომუშავებული.
ტრეიდერები, ასევე, ყურადღებით აკვირდებიან რუსული "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის ექსპლოატაციაში შესვლის პროცესს: ზოგს აინტერესებს, თუ რამდენი დამატებითი გაზი მიეწოდება ევროპას მიმდინარე წელს. ისინი შიშობენ, რომ მილსადენის გაშვების შეფერხების შემთხვევაში, სიტუაცია გაუარესდება.
"გაზპრომი", რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მილსადენის გაზის ექსკლუზიური ექსპორტიორი, ჯერჯერობით ყველა გრძელვადიან კონტრაქტს ასრულებს. ამასთან, იგი არ ახორციელებს გაზის დამატებით მიწოდებას უკრაინის გავლით, რომელსაც "ჩრდილოეთის ნაკადი-2" გვერდს უვლის. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ