ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში ჟურნალისტების გამოკითხვა მიმდინარეობს
თბილისის პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტების გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოკითხვაზე ტელეკომპანია ,,ფორმულას" ჟურნალისტი ქეთი ნადიბაიძე მივიდა. საგამოძიებო უწყებაში ასევე დაბარებულები არიან ,,ფორმულას" კიდევ ერთი ჟურნალისტი მარტა ქურასბედიანი და ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე. ასევე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ჟურნალისტ ქეთი ნადიბაიძის განცხადებით, გამოკითხვაზე სავარაუდოდ მოწმის სახით არის დაბარებული, რადგან აღნიშნულ მასალებს ბოლო სამი დღის განმავლობაში აშუქებდა.
"დაბარებული ვარ ფარულ მასალებთან დაკავშირებით, სატელეფონო კომუნიკაციისას დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა, სავარაუდოდ, დაბარებული ვარ მოწმის სტატუსით, რადგან ბოლო სამი დღეა რაც ეს მასალები გასაჯაროვდა ამ თემას ვაშუქებ. ვნახოთ კონკრეტულად რა შეკითხვები ექნებათ", - აღნიშნა ქეთი ნადიბაიძემ.
ნადიბაიძის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყების ძირითადი ინტერესი დამნაშავეების გამოვლენა და სრული დასჯა უნდა იყოს, თუმცა შესაძლოა პროკურატურას სულ სხვა ინტერესებიც ჰქონდეს, რაც "არ იქნება კარგი როგორც პროკურატურისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის".
"მე ვფიქრობ, რომ პროკურატურის მთავარი ინტერესი უნდა იყოს უკანონო მიყურადების ფაქტების გამოძიება, თუკი ამ საკითხზე ექნებათ კითხვები ჩვენ მზად ვართ, რომ ვუპასუხოთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ გამოძიება კიდევ უფრო სიღრმეში უნდა შევიდეს. საგამოძიებო უწყების ძირითადი ინტერესი უნდა იყოს სწორედ დამნაშავეების გამოვლენა და სრული დასჯა", - აღნიშნა ედუარდ მარიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.