"გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი" - რას წერენ ვერაზე მოკლულ ბიჭზე?
ვერაზე, დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით გარდაიცვალა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელია 8 ტყვია მოხვდა.
თავდამსხმელი ბიჭს ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული კონფლიქტი სროლით დასრულდა. მკვლელმა ბიჭს 9-ჯერ ესროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან ავტომობილით მიიმალა.
ინტერნეტში იძებნება ინფორმაცია გარდაცვლილ ახალგაზრდაზე, როგორც ირკვევა ის ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა და დაარსა პლატფორმა "Feedc"-ი. ახალგაზრდას განათლება საფრანგეთში ჰქონდა მიღებული, რის თაობაზეც ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში ყვება.
"ფეისბუქმომხმარებელი" ხათუნა მაღლაკელიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის თაობაზე წერს:
"1999 წელი იყო განსაკუთრებული დაიბადა ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო...
გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი... რომ ვეუბნებოდი ამას, იცინოდა,- გაჩერდიო... 22 წლის ნიკო აღარ გვყავს.. მარტო ჩვენ არა მსოფლიომ დაკარგა უნიჭიერესი ადამიანი! გამთენიისას გარდაიცვალა 9 ტყვიით! რა გითხრათ მე მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად და არ ვიცი ამ დამპალ ქვეყანას როგორ ვანდო ჩემი შვილის ცხოვრება!! ან თქვენ როგორ უნდა იყოთ მშვიდად აქ არ მესმის!!!"
ნიკა კვარაცხელიას შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეც:
"მოკლული 20 წლის ახალგაზრდა, ნიკო კვარაცხელია, დაახლოებით ერთი წლის წინ ბიბლიოთეკაში მესტუმრა და მითხრა, რომ დიდი გეგმები ჰქონდა - "ფეისბუქის" ქართულ ანალოგს ჰქმნიდა - Feedc.com-ს. ვიღაცას ალბათ გაეღიმებოდა, მაგრამ თუ ოდესმე ნიკოს შეხვედრიხართ, მისი ერუდიცია და ენთუზიაზმი მცირე მიზეზსაც არ დაგიტოვებდათ ამის. მთხოვა, პერიოდულად სტატიები მეწერა და სიამოვნებით დავთანხმდი. მასე მერე ხშირად მწერდა და სიახლეებს მიზიარებდა. საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკლეს. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ".