პროკურატურაში მიშა მშვილდაძე და ნიკა გვარამიაც დაიბარეს
თბილისის პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის, ქეთი ნადიბაიძის გამოკითხვა დასრულდა.
ნადიბაიძესთან ერთად საგამოძიებო უწყებაში დაბარებული არიან "ფორმულას" კიდევ ერთი ჟურნალისტი მარტა ქურასბედიანი და ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე. ასევე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
როგორც ქეთი ნადიბაიძემ გამოკითხვის დასრულების შედეგ აღნიშნა, გამოძიებას აინტერესებდა მის მიერ მომზადებული რეპორტაჟების შინაარსი, ასევე რა ინფორმაციას ფლობს ამ რეპორტეჟების მიღმა. გარდა ამისა, ფიგურირებდა თუ არა მისი გვარიც ჩანაწერებში და შეუძლია თუ არა მათში ასახული ფაქტების გახსენება.
"აინტერესებდათ, რა ვითარებაში გავეცანი ამ დოკუმენტებს, ასევე რა ინფორმაციას ვფლობ ამ რეპორტაჟების მიღმა, თუმცა გავიმეორებ, რომ ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება მაყურებელს, არის გაფილტრული და დაცლილი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისგან.
გარდა ამისა, აინტერესებდათ, ფიგურირებდა თუ არა ჩემი გვარი ამ ჩანაწერებში, რასაც ვადასტურებ. არის კომუნიკაცია ჩემს პროდიუსერთან, რესპოდენტებთან და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან. გამოკითხვის დროს დავადასტურე, რომ ამ ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურება შემიძლია და ადგილი ჰქონდა ჩემი პირადი კომუნიკაციის ხელყოფას და უფლებების დარღვევას", - აღნიშნა ქეთი ნადიბაიძემ.
შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.