KIU წარმატებული უნივერსიტეტების რეიტინგების სათავეშია - კვირის პალიტრა

KIU წარმატებული უნივერსიტეტების რეიტინგების სათავეშია

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. გამოქვეყნდა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში წამყვან პოზიციებს იკავებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, 19 სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის KIU პირველ ადგილზე, ხოლო 53 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2021 წლის საუკეთესო შედეგების მქონე (TOP) 25 სტუდენტიდან 14-მა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბარა, ამ რეიტინგში KIU-ს პირველი ადგილი, ხოლო TOP 50 და TOP 100 სტუდენტის რეიტინგებში მეორე ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ წელს KIU-ს მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის სურვილი 1848 აბიტურიენტმა გამოხატა, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ქულათა მაღალი ბარიერი 425-მა მათგანმა გადალახა.

KIU-ს სტუდენტებს შორის არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების, ასევე კონკურსის „M ვექტორი“ გამარჯვებულები, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეები. უმაღლესი შედეგების მქონე ახალგაზრდები საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან არიან. ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტში წელს ჩაირიცხნენ, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების საქართველოს ნაკრების 2 წევრი და უცხოელი სტუდენტები. პანდემიის მიუხედავად, KIU-ში სწავლის სურვილი გამოხატეს უცხოელმა აბიტურიენტებმაც, შესაბამისად, წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ უცხოელი სტუდენტებიც უკრაინიდან და ბელარუსიიდან. KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია.

###

KIU-მ 2020-2021 სასწავლო წელს სტუდენტების პირველი ნაკადი მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.