ეპიდაფეთქება კრემლში - ინფიცირებულია რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვიდან ათობით ადამიანი: რას ამბობს კარანტინში მყოფი პუტინი - კვირის პალიტრა

ეპიდაფეთქება კრემლში - ინფიცირებულია რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვიდან ათობით ადამიანი: რას ამბობს კარანტინში მყოფი პუტინი

კრემლში კორონავირუსის ეპიდაფეთქებაა. ოფიციალური ცნობების მიხედვით, ინფიცირებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გარემოცვიდან ათობით ადამიანი. აღნიშნული კი თავად პუტინმა დაადასტურა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა კარანტინშია.

"კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა შიდა წრეში და ინფიცირებულია არა ერთი, ან ორი, არამედ რამდენიმე ათეული ადამიანი", - ამბობს პუტინი.

"გარდიანი" წერს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პუტინის ვირუსისგან დასაცავად. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი რუსული წარმოების ვაქცინით, Sputnik V-თ არის აცრილი.

აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში პუტინი სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს და ტოკიოს პარალიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულ რუს სპორტსმენებს შეხვდა. თუმცა კრემლის განცხადების თანახმად, შეხვედრამდე ისინი იზოლაციაში იყვნენ.

ცნობისთვის, რუსეთი მსოფლიოს მეხუთე ქვეყანაა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით და მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომია, ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც მაღალია. ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 7 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღწერილი. ქვეყანაში კორონავირუსმა 195 041 ადამიანი იმსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ პუტინის გარემოცვა მთელი პანდემიის განმავლობაში კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით, რეგულაციებს მკაცრად იცავდა და რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ისინი ჯერ იზოლაციაში იყვნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ვირუსმა კრემლში მაინც შეაღწია.

ამ დროისთვის, პუტინი კვლავ კარანტინში რჩება და ჯერჯერობით უცნობია, დაუდასტურდა თუ არა მას კორონავირუსი.

წყარო