"ნიკას ძალიან ახლოს ვიცნობდი, ძალიან მაგარი ახალგაზრდა იყო" - რას ამბობს ვერაზე მოკლულ 22 წლის ახალგაზრდაზე კახი კალაძე?
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვერაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის, ნიკა კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილს პირადად იცნობდა. კახა კალაძის განცხადებით, შსს ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქმე დროულად გაიხსნას.
"მწუხარება მინდა გამოვთქვა, ნიკას ძალიან ახლოს ვიცნობდი, ძალიან მაგარი ახალგაზრდა იყო, წარმატებული, განათლებული. ნამდვილად გულდასაწყვეტია, უმძიმესი ფაქტი მოხდა, ვიზიარებ მწუხარებას და მინდა მივუსამძიმრო ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს. რაც შეეხება გამოძიებას, ძალიან მალე დააკავებენ კონკრეტულ პირს თუ პიროვნებებს, ამას გამოძიება გვეტყვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად გაიხსნას ეს საქმე“, - განაცხადა კალაძემ.