"ატომური სკანდალი" - საფრანგეთს 30 მლრდ-იანი კონტრაქტი თანაალიანსელებმა "აახიეს"
საფრანგეთი ასე ნაწყენი და გაბრაზებული თავის პარტნიორებზე - აშშ-სა და დიდ ბრიტანეთზე, ალბათ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შექმნის დღიდან არ ყოფილა.
ხუმრობა ხომ არ არის, საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა და, შესაბამისად, საფრანგეთის ბიუჯეტმა 30 მლრდ დოლარამდე დაკარგა მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ 16 სექტემბერს უარი განაცხადა ფრანგული წყალქვეშა ნავების შეძენაზე.
საფრანგეთში "საუკუნის კონტრაქტად" მოიხსენიებდნენ ჯერ კიდევ 2016 წლის ტენდერში გამარჯვებას, რომლის თანახმადაც, ფრანგულ კომპანიებს ავსტრალიის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის 2023-2045 წლებში 30 მლრდ დოლარის საფასურად 12 ერთეული დიდი არაატომური წყალქვეშა ნავი უნდა აეგოთ.
ავსტრალიის წყალქვეშა ფლოტის გადასაიარაღებლად არჩეული იყო ახალი ფრანგული წყალქვეშა ნავი "ბარაკუდა", ოღონდ ატომური ენერგეტიკული დანადგარის გარეშე, დიზელის ძრავებით.
და, აი, ხუთი წლის შემდეგ ფრანგები მოულოდნელად იგებენ, რომ ავსტრალია კარდინალურად ცვლის გადაწყვეტილებას და ისევ 12 წყალქვეშა ნავის შეძენას აპირებს, მაგრამ ამჯერად ატომურძრავიანების და თანაც - ამერიკელებისა და ბრიტანელების დახმარებით.
რამ გამოიწვია ავსტრალიის ასეთი შემოტრიალება, თუკი მისმა ხელისუფლებამ მანამდე ფრანგებს სწორედ დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავები დაუკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ "ბარაკუდებს" თავიანთი ფლოტისთვის ფრანგები სწორედ ატომური ძრავებით აკომპლექტებენ?
მთავარი "დამნაშავე"... ჩინეთია!
სწორედ ის ჩინეთი, რომელმაც ბოლო წლებში სამხედრო-საზღვაო ძალების გრანდიოზული მასშტაბის გადაიარაღება შეძლო და ჩინურ სამხედრო-საზღვაო არმადებთან "შერკინება" ამერიკულ და ბრიტანულ ფლოტებს უკვე უჭირთ.
ვაშინგტონსა და ლონდონში "გაიხსენეს" ავსტრალიის მოკავშირეობა მეორე მსოფლიო ომში და მისი საზღვაო შესაძლებლობების გვერდში ამოყენება გადაწყვიტეს, მაგრამ დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ატომურძრავიანებისას, თანაც ჩინეთი "ამრავლებს" ასეთი წყალქვეშა ნავების რიცხვს თავის შეირაღებაში, ამიტომაც, სავარაუდოდ, ავსტრალიის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას "ურჩიეს", უკვე შერჩეულ ფრანგულ წყალქვეშა ნავებზე უარი ეთქვათ...
წყნარი და ინდოეთის ოკეანების სიღრმეში, იქ, სადაც შეიძლება გადაიკვეთოს ჩინეთისა და ამერიკა-ბრიტანეთი-ავსტრალიის ინტერესები, ამერიკული ატომური "ჯორჯია" თუ ბრიტანული "ვენგარდი" ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდება ჩინურ, ასევე ატომურ წყალქვეშა ნავებზე, ვიდრე ფრანგული დიზელისძრავიანი "ბარაკუდა".
სტრატეგიული დონის სამხედრო-პოლიტიკური გათვლა ჩინეთის წინააღმდეგ კი გასაგებია, მაგრამ, სამაგიეროდ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ნატოელი პარტნიორი - საფრანგეთი სერიოზულად გაანაწყენა და ოფიციალურმა პარიზმა პირდაპირ განაცხადა - "ეს ზურგში დანის ჩაცემის ტოლფასი იყო..."
სამაგიეროდ, კრემლმა სწრაფადვე ისარგებლა მომენტით და პარიზს ნიშნისმოგებით შეახსენა - რუსეთის მიერ შეკვეთილი და უკვე ფულგადახდილი ორი "მისტრალი" ბოლო მომენტში რომ არ მოგვყიდეთ, გახსოვთო?!
ავსტრალიის სამხედრო ფლოტის 12 ატომური წყალქვეშა ნავით გაძლიერება, რა თქმა უნდა, გაამყარებს ამერიკულ-ბრიტანულ პოზიციებს წყნარი ოკეანის აუზში, ჩინეთის მზარდ საზღვაო ამბიციებთან მიმართებაში, მაგრამ თანაალიანსელი საფრანგეთის ასე განაწყენებაც არ მოემსახურება ნატოს ევროპაში გაძლიერებას, რაც ასე საჭიროა დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც არათუ ნატო ფართოვდება აღმოსავლეთისკენ, არამედ - ძალამოკრებილი რუსეთი იწყებს დასავლეთისკენ გაცოცებას ბალარუსის "ჩაყლაპვით"...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს