"გახარია „ააგდეს“ პატარა ბავშვივით, გაიქცა, ანალიზი ჩაიტარა - როცა ბიძინას დასჭირდება, აქეთ გახარიას დასვამს, იქეთ კალაძეს და ორივეს აუწევს ყურს"
"გახარია "ააგდეს" პატარა ბავშვივით, გაიქცა სადღაც, ანალიზი ჩაიტარა, მაგრამ რადგან ჩაიტარა, მიბაძონ - ისე გახარია და "ქართული ოცნებაც" ერთი მედლის ორი მხარეა, როცა ბიძინას დასჭირდება, ორივეს აუწევს ყურს",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცზადა, რითაც გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, რომელმაც გახარიას "კოკაინშიკი" უწოდა.
გოცირიძე სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან გახარიას დადანაშაულებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ჩანაწერები გახარიას გაკეთებული და გატანილია, პასუხისმგებელი ამაზე მთელი "ქართული ოცნებაა", რომლის პრემიერიც გახარია იყო.
"ამბობენ რომ გახარიამ იცოდა ამ ჩანაწერების შესახებ, ის აკეთებდა თუ მან გაავრცელაო, ანუ ამ 9 წელში პრემიერ- მინისტრები სჩადიოდნენ დანაშაულს და "ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ ეს თურმე მათი პასუხისმგებლობის სფერო არ არის. თუ გახარია ამაში მონაწილეობდა, მთელი "ქართული ოცნება" ამ დანაშაულის თანამონაწილე იყო და მაშინ "ქართული ოცნება" საერთოდ უნდა წავიდეს პოლიტიკური სარბიელიდან, რადგან არნახული ტოტალური თვალთვალის და მოსმენის მომსწრე ვართ დღეს. ყოფილი პრემიერ- მინისტრის დადანაშაულება პარტიის ლიდერების მიერ ნიშნავს, რომ მთელი სისტემა იყო დანაშაულის თანამონაწილე და ამ სისტემის ნაწილი თავს ვერ გაიმართლებს, რადგან ყველაფერი ერთი კაცის თავში იხარშებოდა და ყველაფერს მართავს ივანიშვილი, მათ შორის მართავდა გახარიას.
რაც შეეხება განცხადებას, რომ ის კოკაინის მომხმარებელია, კოკაინი ერთი წელი და მეტი რჩება ორგანიზმში, ახლა კალაძე წავიდეს და თმა ჩააბაროს და არა შარდი, რადგან შარდის ანალიზი შეიძლება გაყალბებულიც იყოს, ჩვენთან ექსპერტიზას რა ავტოროტეტი აქვს, ვიცით. გახარიაც "ააგდეს" პატარა ბავშვივით, გაიქცა სადღაც, ანალიზი ჩაიტარა, მაგრამ რადგან ჩაიტარა, მიბაძონ. ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი და მკვდარია უდანაშაულობის პრეზუმფცია. ისე რომ არაფერია დადასტურებული, ადამიანს შეიძლება აჰკიდო ყველაფერი. ისე გახარია და "ქართული ოცნებაც" ერთი მედლის ორი მხარეა, როცა ბიძინას დასჭირდება, აქეთ გახარიას დასვამს, იქეთ კალაძეს და ორივეს აუწევს ყურს,"- განაცხადა გოცირიძემ.