"ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა"
"ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ მას შემდეგ განცხადდება, რაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
"არის მსჯელობა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე, გარდა ლატარიისა, რომელზეც არ მინდა ჯერ საუბარი, რადგან გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. ახალი ველოსიპედი აქ არ არის, ეს არის ბევრი გამეორება იმისა, რომელსაც წარმატებული ქვეყნები იყენებდნენ და იყენებენ თავისი იმუნიზაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გამჟღავნდება. ვადასტურებ, რომ არის განხილვა რამდენიმე სერიოზული წამახალისებელი ღონისძიების, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე ინდივიდუალური პირებისთვის,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარება ნელი ტემპით, თუმცა სტაბილიზაციისკენ მიდის.
როგორც მან ვებინარზე აღნიშნა, ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რიცხვი დაინფიცირებულთა რიცხვს სჭარბობს და აქტიური შემთხვევების რაოდენობაც იკლებს. მისი განმარტებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობაც შემცირდა. "ჯერჯერობით სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ის წესი დავიცვათ, რაც არის რეკომენდებული, რომ როგორმე სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდეს. რაც შეეხება ვაქცინაციას, ეს ტემპი დღემდე კარგი იყო", - განაცხადა გამყრელიძემ.მისი თქმით, პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის. ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
"პირველ ადგილზე ადმინისტრირებადი ვაქცინებით არის "ფაიზერი", შემდეგ "სინოფარმი", შემდეგ "სინოვაკი" და შემდეგ "ასტრაზენეკა". 4 ვაქცინა ადმინისტრირდება დღეს ქვეყანაში. ვაქცინაციის დღიური რიცხვის კლება გვაქვს, რაც კარგი არ არის. 30-35% ჯავშნის გარეშე მიდის ასაცრელად, რაც კარგია. კიდევ და კიდევ უნდა გაიზარდოს აცრის მაჩვენებელი. პანდემიის დამთავრების გზა გადის აცრებზე. რაც უფრო სწრაფად ავცრით კრიტიკულ პაციენტებს, მით უფრო მალე შევაჩერებთ პანდემიას",-განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორშაბათის მონაცემებით, ექიმების 58% - სრულად, 76% კი ერთჯერადად არის აცრილი.
ამასთანავე, გამყრელიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების აცრა უნდა იყოს სავალდებულო.
"მაქვს ორშაბათის შემაჯამებელი სტატისტიკა, სადაც ექიმების სულ მცირე 76% იყო ერთჯერადად, 58% კი სრულად აცრილი. შედარებით ნაკლები, 50%-ის ფარგლებში, არიან ექთნები და კიდევ შედარებით უფრო ნაკლებია აცრების მაჩვენებელი უმცროს სამედიცინო პერსონალში, სადღაც 35%. 50%-მდეა სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, პირდაპირ გეტყვით. გასაგებია, ექიმებში მეტია, ასეც უნდა იყოს, ამიტომ სამედიცინო პერსონალზე მოწოდება სულ უფრო და უფრო აქტიურია. იცით, რომ მე რამდენჯერმე გავაჟღერე ჩემი პირადი მოსაზრება, ვისურვებდი, რომ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების აცრა იყოს მანდატორული,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
"ინტერპრესნიუსი"