"აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ქვეყანაში პრობლემებით სავსე "პანდორას ყუთი" ღია დატოვეს"
აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ქვეყანაში ტერორიზმის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და რელიგიური ექსტრემიზმის პრობლემებით სავსე "პანდორას ყუთი" ღია დატოვეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა "თალიბანის" ახალ მთავრობასთან თანამშრომლობა.
"თალიბების" მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა არ არის წარმომადგენლობითი და ინკლუზიური, თუმცა, მათთან მუშაობა, რა თქმა უნდა, საჭიროა. რაც შეეხება აღიარებას, დავეთანხმები მათ, ვინც ამასთან დაკავშირებით თვლის, რომ საჭიროა ამ საკითხზე ჩვენი პოზიციის კოორდინირება," - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, ოპტიმალური იქნება დიალოგის გაღრმავება ავღანეთის საკითხზე მომუშავე გაფართოებული "ტროიკის" მექანიზმის საშუალებით. მისი ინფორმაციით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.