ვანო მაჭავარიანი:"ფაქტია, რომ ეს არ მოხდა შემთხვევით, უკრაინამ მეგის ქარდავას გადმოცემა რაღაცის სანაცვლოდ გადაწყვიტა" - კვირის პალიტრა

ვანო მაჭავარიანი:"ფაქტია, რომ ეს არ მოხდა შემთხვევით, უკრაინამ მეგის ქარდავას გადმოცემა რაღაცის სანაცვლოდ გადაწყვიტა"

დაგეგმილი დრო, ადგილი, პერიოდი. ფაქტია, რომ ეს არ მოხდა შემთხვევით. უკრაინამ მეგის ქარდავას გადმოცემა რაღაცის სანაცვლოდ გადაწყვიტა, - ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი ვანო მაჭავარიანი "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი“ კიევიდან თბილისში სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირებას.

როგორც ვანო მაჭავარიანმა აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ბევრ დამთხვევას აქვს ადგილი, თანაც, მისი თქმით, უცნობია რა ჩვენებას მისცემს მეგის ქარდავა და ვის წინააღმდეგ.

პოლიტოლოგის განცხადებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში იმყოფება, რომელიც არანაირ დაპირისპირებაში არ არის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან.

"ფაქტია, რაღაც გარიგებაა. თუ უკრაინას არ უნდოდა გადმოეცა მეგის ქარდავა, გაერო იყო ამის ძალიან კარგი საბაბი, ან მეტსაც გეტყვით, თუ ქარდავას არ უნდოდა წამოსვლა და უკრაინის ხელისუფლებაც გაითვალისწინებდა ამ პროტექციას, რა თქმა უნდა, ის არ ჩამოვიდოდა, მაგრამ ბევრი უცნაურობა და დამთხვევაა. თან ეს ხდება არჩევნების წინ. კომპრომატების ომი, რომელიც ყოველი არჩევნების წინ ვნახეთ და ახლაც ვხედავთ. მეგის ქარდავას რა პოლიტიკური ბალანსი შეუძლია შემოიტანოს, რა ჩვენებებს მისცეს, ვის წინააღმდეგ, თან უკრაინიდან არის მისი ექსტრადიცია, სადაც არის პრეზიდენტი ზელენსკი, სადაც არის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც არ არის დაპირისპირებული მასთან, როგორც ეს იყო პოროშენკოსთან, მაშინ არ მოხდა ეს ექსტრადიცია. უცნაური სწორედ ეს არის, რას ემსახურება, ვის ემსახურება, რა ეფექტს გამოიწვევს მეგის ქარდავას დაბრუნება. ალბათ, მას თავისი მომხრეებიც ჰყავს, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში. ეს ხომ არ არის უბრალო ადამიანი, რომელიც გადმოსცეს ძალიან პატარა კრიმინალისთვის. საინტერესოა მათ შორის უკრაინის პროკურატურის განცხადება, სააკაშვილის განცხადება. ძალიან ადრეა რამე დასკვნა გამოვიტანოთ. ფაქტია, იმდენი დამთხვევაა არჩევნების წინ - გაეროს პროტექცია, სააკაშვილის "მოვდივარ,“ არჩევნები მოახლოვდა და მეგის ქარდავა, რომელიც საინტერესოა რა განცხადებებს გააკეთებს, - ამ სანახაობაში გვამყოფებენ.

ჩვენ ამაზე ვბჭობთ და ვიღაცა ფაქტია, რომ იცინის. დაგეგმილი დრო, ადგილი, პერიოდი. ფაქტია, რომ ეს არ მოხდა შემთხვევით, უკრაინამ მეგის ქარდავას გადმოცემა რაღაცის სანაცვლოდ გადაწყვიტა. უცნაური პროცესები ხდება თვითონ "ოცნების“ შიგნით. ინფორმაციის გამოჟონვა, გახარიას ასეთი დამაჯერებლობა თავის თავში, ძალიან სერიოზული ბზარები გაჩნდა "ოცნებაში.“ მეგის ქარდავა ვის წინააღმდეგ მისცემს, რა ჩვენებებს მისცემს, რა გარანტიებს მიიღებს არჩევნების წინ, როდესაც თვითონ "ქართული ოცნებაც“ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ შეიძლება ეს არჩევნები ისე მოიგოს, როგორც მას უნდა, ეს არ არის, 2012 თუ 2014, სადაც მეგის ქარდავა ჩამოვიდოდა და ყველაფერი "ოცნებისკენ“ იქნებოდა“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ჩანაწერებს, რომელმაც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ამ საქმის ცენტრში შესაძლოა არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყოს, არამედ თავად "ქართული ოცნება.“

იგი არ გამორიცხავს, რომ მმართველ პოლიტიკურ პარტიაში ადგილი ჰქონდეს დაპირისპირებას.

"არჩევნებამდე დარჩა ორი კვირა, ბევრი კომპრომატი გამოვიდა და ეს მგონი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გეგმავენ. ახლა ალბათ პოლიტიკოსებზე იქნება რაღაცა, პირადი საუბრები, პოლიტიკური გარიგებები, ეს არის კომპრომატებით ომი, რომელიც რუსებისგან კარგად ისწავლა ჩვენმა სუს-მა, ისევ პოსტსაბჭოური მეთოდებით მუშაობენ. ეს ის ძალაა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სისტემას მუდმივად "აჯაყჯაყებს“.

შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახარიას ეს აწყობდეს ამ ფორმით და იმ შინაარსით, რომელიც ეხება ეკლესიას. ეს რომ გამოსულიყო "ქართულ ოცნებაზე,“ რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ უსმენენ, შეიძლება. შიდა ბზარები და დაპირისპირება, ერთმანეთის ზიზღი, ეს ყველაფერი არსებობს, პირად საუბრებში არ მალავენ ხოლმე. შიგნითაც პრობლემებია, კამპანიას აკეთებენ უფრო პიროვნულს, ვიდრე პოლიტიკური პარტიის მიმართულებით. ძალიან ჰგავს ეს "ქართული ოცნების“ ბზარებს და იქიდან გამოჟონილ სერიოზულ პრობლემებს. შიგნით იმდენად უამრავი პრობლემაა და ნაკერებზე სკდება ეს ყველაფერი. ივანიშვილი გავიდა, ღიად არავის ესაუბრება, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს, "ქართულმა ოცნებამ“ არ იცის ვინ არის მისი პატრონი, კობახიძე, მდინარაძე არ აღმოჩნდეს ის სანდო ადამიანები, რომლებიც ერთ დღეს გახარიას აქებდნენ და დღეს ნარკომანობას აბრალებენ. კალაძე გვახსოვს ავად გახდა, ახლა ძალიან ჯანმრთელად არის, ის ავადმყოფობაც არის დაკავშირებული რაღაც პრობლემებთან, რომელიც შიგნით ჰქონდა ივანიშვილთან. სერიოზული მოძრაობები ხდება და ივანიშვილია ამის სათავეში ხოლმე.

ეს გახარიას თემაც უცნაურია, 8-10% აქვს, რეალურად ვის თამაშს თამაშობს, რუსების თამაშს, ამერიკის თამაშს, ბიძინას თამაშს, - დაიბნა "ქართული ოცნება.“ ისინი არ არიან გამოცდილი პოლიტიკაში, მოყვანილი არიან, ბიზნესმენები, ახლა ერკვევიან პოლიტიკაში და ეს დაბნეულობა არის, "ვაიდა არასწორი მისამართით არ წავიდეს.“ ყველაფერი მიდის იქამდე, რომ "ქართული ოცნების“ ბზარები გამოჩნდა და ეს ნაკერებზეც გასკდომამდეა უკვე. წარმოიდგინეთ, რა სერიოზული ინფორმაცია გამოჟონეს სერიოზული ორგანიზაციიდან, რომელსაც "ქართული ოცნება“ სიურპრიზით შეხვდა, მათ შორის მოსალოდნელია, როგორც თვითონ ამბობენ, მეტის გამოჟონვა. ქარდავას დაბრუნება, სააკაშვილის "ჩამოვდივარ,“ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არ ჩანს, გახარია, რომელიც დიდ გულზეა, ჩვენ ღია დაპირისპირებაში შევედით "ქართული ოცნების“ სახით ევროპასთან, - ეს ყველაფერი, როდესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა და პოლიტიკური კრიზისი არ მოგვარებულა, მიანიშნებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება“ ვერ აკონტროლებს შიდა პოლიტიკურ პროცესებს და ცდილობს ეს კამპანია უფრო წინ წამოწიოს“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადაცია დღეს განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"