"გვერდით მეორე ნახევრის ყოლა ბედნიერების ამომავალი წერტილი არაა"
"ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, თუკი სიკვდილთან არ გვაქვს საქმე"
სახელი, გვარი: ნატუკა გულისაშვილი.
ასაკი: 49 წლის.
განათლება: დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
ამჟამინდელი საქმიანობა: მსახიობი, ტელე-რადიოწამყვანი.
ჰობი: ცხოველებზე ზრუნვა და კულინარია.
ცხოვრების დევიზი: "ყოველი დღე სასწაულია".
- ნატუკა, როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?
- ძლიერ ქალს, რომელსაც ცხოვრება უყვარს და ყოველთვის მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, თუკი სიკვდილთან არ გვაქვს საქმე. ბედნიერებასაც ვხედავ, რადგან ცოცხალი ვარ და იმის უნარი მაქვს, რომ საკუთარ თავს ვუყურო.
- რთული სიტუაციიდან ისეთი გამოსავალი თუ გიპოვიათ, რაც მერე უღირსად მიგიჩნევიათ და გინანიათ? - უღირსად - არა, მაგრამ, ადამიანს დავხმარებივარ, რაც ძალიან ცუდად შემომტრიალებია...
- ადამიანებს ადვილად უმეგობრდებით? - ადამიანები მიყვარს. მათთან კონტაქტში ადვილად შევდივარ. შემდეგ უკვე უფლის ნებაა, კონკრეტული პიროვნება მეგობარი გახდება თუ არა.
- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით? - ადამიანის ფიქრების გაგება რომ შემეძლოს (იღიმის). ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე ვამბობ, რომ ბევრი ადამიანი ერთს აკეთებს, მაგრამ სხვას ფიქრობს. ასეთ სიტუაციაში, პრობლემების თუ გულისტკენის არიდება ადვილი იქნებოდა, თუ მათი ფიქრების გაგებას შევძლებდი.
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ? - "სხეულის ენა".
- თქვენი საყვარელი ფილმი რომელია? - ამის თქმა რთულია (ფიქრობს)... საყვარელი - არა, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავია "ჰაჩიკო" და "შავყურა თეთრი ბიმი". ჩემთვის ეს ფილმები ყველაზე "მძიმეა"... საყვარელი ფილმი არ მაქვს, რადგან კონკრეტულის ამოჩემება არ მჩვევია: როდესაც ერთს ვნახავ, შეიძლება მეორედაც ვუყურო და მასში სულ სხვა რაღაც აღმოვაჩინო, მაგრამ ვერ ვიტყვი, - ერთ კონკრეტულ ფილმზე გადარეული ვარ-მეთქი.
- მაშინ თქვენთვის შთამბეჭდავი ისეთი ფილმი დამისახელეთ, რომელშიც რომელიმე მსახიობს ჩაანაცვლებდით... - ფრანკო ძეფირელის "ჭირვეულის მორჯულება" (შექსპირის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული). მასში ჭირვეული ცოლის როლს ელიზაბეთ ტეილორი თამაშობს. აი, მის როლს სიამოვნებით შევასრულებდი.
- დაასახელეთ საკვები, რომლის ჭამის ცდუნებას დიეტის დროსაც ვერ უძლებთ... - ეს სასუსნავი უფროა: მზესუმზირა, რომელიც შეიძლება ხინკალზე კალორიულიც კი იყოს. თუ დიეტაზე ვარ, 3 მარცვალს მაინც "მივეპარები" ხოლმე. პანდემიის პერიოდში დაწესებული კომენდანტის საათი სწორედ მზესუმზირამ გადამატანინა: საღამოს 9 საათის შემდეგ, როცა ჩემს საქმეებს დავასრულებდი, მზესუმზირას მოვიმარაგებდი, რომელიმე ფილმს ჩავუჯდებოდი და აღარ ვფიქრობდი, რომ კომენდანტის საათი იყო და გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა.
- როგორ სიზმრებს ხედავთ? - იმის მიხედვით, თუ როგორი დღე მქონდა, რადგან თუკი სიზმარი წინასწარმეტყველური არაა, ძირითადად ის გვესიზმრება, რაზეც ვფიქრობთ, რა ემოციებიც გვრჩება, რაც შეიძლება, რეალურ ცხოვრებაში ვერ გამოვხატეთ, მაგრამ გვინდოდა, რაზეც ყურადღებას მეტად ვამახვილებთ...
- წინასწარმეტყველური სიზმარი გინახავთ? - კი, ერთი-ორი არასასიამოვნო შემთხვევა ყოფილა.
- გაგვანდობთ? - ასეთი სიზმარი მამაჩემის გარდაცვალების წინადღეს ვნახე, ასევე - მისი ორმოცის დღეს... უარყოფითზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ასეთი რაღაცებიც ხდება. ეს უკვე სიზმარი აღარაა - რაღაც სხვა ძალაა, რომელიც წინასწარ გაფრთხილებს...
- როგორ ფიქრობთ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ? - სარგებლობის მოტანა ყველას შეუძლია. პირადად მე, სამყაროსთვის თუნდაც ის პატარა სარგებლობა მომაქვს, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, გარემო არ დავანაგვიანო; თუნდაც, ეგზოტიკური ცხოველები, რომლებსაც ადამიანები ანადგურებენ, გადავარჩინო. ამჟამად, შინშილა მყავს - გატყავებას 1 შინშილა მაინც ხომ გადავარჩინე, არა?.. რაღაცნაირად, ბუნებას, გარემოს ვუვლი. როცა გარემოს უვლი, ზრუნავ, პარალელურად ადამიანებზეც ზრუნავ, ეს კი ნიშნავს, რომ სიკეთეს აკეთებ, არა? თუნდაც მოსახლეობის 40% რომ ასე მოიქცეს, ბევრად კეთილი, თბილი და სუფთა გარემო, სამყარო გვექნება.
- საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნიათ? - არასოდეს. ზუსტად ვიცი, რა შემიძლია და რა - არა. არასდროს ვიტყვი, შემიძლია-მეთქი, თუ მანამდე ჯერ ჩუმად არ ვცადე და არ დავრწმუნდი. თუმცა არის სიტუაცია, როცა შეიძლება ისეთი რამ გააკეთო, რაც შენთვის წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, ზოგს სისხლის დანახვის ეშინია, მაგრამ როდესაც გამოუვალი სიტუაციაა, შესაძლოა ასეთი ადამიანი დაჭრილს, სისხლმდინარეს ისე დაეხმაროს, ისეთი რაღაცები გაუკეთოს, რომ თავად ვერც წარმოიდგენდა.
- ყოფილა შემთხვევა, როცა ისეთი უნარი გამოგიმჟღავნებიათ, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ გქონდათ? - კი, მიცვალებულთან ახლოს მისვლის მეშინია, მაგრამ იყო სიტუაცია, როდესაც ძალიან ახლოს მივედი და მას შევხედე კიდეც. იმ დროს ამაზე არ ფიქრობ...
- როგორი მძღოლი ხართ? - ძალიან კარგი. ჩემ შესახებ ამას დიდი ხნის მძღოლები ამბობენ. ერთმა მითხრა, - ავტომობილს კაცივით ატარებო, მაგრამ ეს არასწორია: ბევრ მამაკაცს ვიცნობ, ვინც ავტომობილს კარგად არ მართავს; ასევე, ბევრ ქალს ვიცნობ, ვინც კარგი მძღოლია. ალბათ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ "გესმის" ავტომობილის, როგორ ფლობ მას... მაგალითად, საკერავი ელექტრომანქანის ფლობა თითქოს იოლია: დადებ, ფეხს დააჭერ და ქსოვილს ნაკერს გაუკეთებ, მაგრამ კარგი ნაკერის გაკეთება ყველას ხომ არ შეუძლია, არა? პირადად მე, საკერავ მანქანასთან ძალიან "ცუდად ვარ": არ ვიცი, ვერ ვგრძნობ კერვის ფორმას, მაგრამ ავტომობილს "ვგრძნობ", "ვუსმენ" და დიდი ხანია, ქართველი მძღოლების მართვის სტილს ალღოც ავუღე: ხანდახან ციმციმას მარჯვნივ ჩართავენ და მარცხნივ უხვევენ. მათი თუ გესმის, ჩათვალე, რომ კარგი მძღოლი ხარ.
- როდის ბილწსიტყვაობთ? - საჭესთან ჯდომისას ბილწსიტყვაობა რომ არ მინდა, ვამბობ, - უი, შენ გენაცვალე-მეთქი, თუმცა ამ ფრაზაში სხვა დედააზრია ჩადებული (იცინის). ბილწ სიტყვებს მაშინ უფრო ვიყენებ, როცა ახლობლების წრეში რაღაცას ვყვები...
- როგორ ფიქრობთ, მეორე ნახევრის გარეშე შეიძლება ადამიანი სრულფასოვნად ბედნიერი იყოს? - ყოველთვის ვამბობ, ადამიანი არ უნდა ელოდებოდეს, რომ ბედნიერება სხვამ შეუქმნას - თავად უნდა იქმნიდეს. ყოველი დღე ბედნიერებაა, რომ იღვიძებ, ადამიანებთან ურთიერთობ... საერთოდ, გააჩნია, ადამიანი ბედნიერებას რაში პოულობს, მაგრამ როდესაც მეორე ნახევარი ჰყავს, ერთმანეთს პრობლემებს, სიხარულს უზიარებენ. თუ გვერდით საერთოდ არავინ ჰყავს, თუნდაც მეგობარი არასდროს ჰყოლია, ეს უკვე დიდი უბედურებაა, რადგან ე.ი. ადამიანი თავადაა ისეთი, რომ მის გვერდით ყოფნის სურვილი არავის გაუჩნდა. ხშირად გვერდით ვიღაც იმის გამო ჰყავთ, რომ სხვამ არ იფიქროს - მარტოა, რა საცოდავიაო. ეს კიდევ უფრო უარესად მიმაჩნია. ცუდია, როცა დანგრეულ ოჯახებს შვილების გამო ინარჩუნებენ... ბედნიერება ეს არ არის. ბედნიერებაა, როცა გვერდით ნამდვილად მეორე ნახევარი გყავს და არა - ილუზია, რაღაცების დაფარვა... ამიტომ მიმაჩნია, რომ გვერდით მეორე ნახევრის ყოლა ბედნიერების ამომავალი წერტილი არაა.
- მსახიობობის გარდა, ყველაზე უკეთ რომელი საქმე გამოგდით? - ცხოველებთან ურთიერთობა (იცინის). კულინარიაც კარგად გამომდის, ადამიანებთან ურთიერთობაც, ავტომობილის მართვაც, სახლის დალაგებაც... რასაც ვაკეთებ, ყველაფერი კარგად გამომდის, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გავაკეთებდი. ასევე, ძალიან მიყვარს ნებისმიერი გადაცემა, რომლის წამყვანიც ვყოფილვარ. მსახიობობას, წამყვანობას რაც შეეხება, მაყურებელმა უნდა თქვას, ეს საქმეები გამომდის თუ არა. როცა მაყურებლებისგან, რადიომსმენელებისგან სიყვარულს ვგრძნობ, ეს ნიშნავს, რომ საქმე კარგად გამომდის. ხალხისგან დიდ სიყვარულს ვიღებ.
- უცებ დამისახელეთ ერთი ქართველი, ღირსეული, მოქმედი პოლიტიკოსი...
- არც ერთი (იცინის). მე და პოლიტიკა ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ. პოლიტიკოსების გვარ-სახელები ვიცი, მაგრამ გონებაში არავინ მომდის... ისეთი თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც ბევრი ომი, არჩევნები ნახა, მაგრამ მართლა ვერავის დავასახელებ. მინდა, ისე ვიცხოვრო, რომ ჩემი საქმე ვაკეთო, პოლიტიკოსებმა კი - თავიანთი, დისკუსიებში ნაკლებად ვერეოდე... ვინმე რომ დავასახელო, იტყვიან, - აი, მხარს უჭერსო. არავისი მხარდამჭერი არ ვარ.
- მოულოდნელად მილიონი დოლარი რომ მიიღოთ, როგორ გაანაწილებთ? თქვენს ცხოვრებას როგორ წარმართავთ?
- სანამ განაწილებას დავიწყებდი, ალბათ, მცირე შოკის გამო, ჯერ საავადმყოფოში მოვხვდებოდი. შემდეგ, როგორი სასაცილოც უნდა იყოს, ჩემთვის აუცილებლად სახლს ვიყიდდი, რადგან არ მაქვს - ახლაც ნაქირავებში ვცხოვრობ. მერე ჩემს საყვარელ ადამიანებს პატარ-პატარა საჩუქრებს გავუკეთებდი, ოღონდ - ისეთს, როგორიც ოცნებად აქვთ. ალბათ ჩემს პატარა ოცნებასაც ავიხდენდი - პატარა კაფეს გავხსნიდი, სადაც ადამიანებს ცხოველებთან ერთად შემოსვლა შეეძლებოდათ.
- თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ? - იმას, რომ შვილი მყავს (ქალისთვის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ალბათ ის არის, რომ დედა გახდეს), ასევე - საქმეს, რომელსაც ამდენი წელია, ვაკეთებ და კარგად გამომდის, რადგან ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ.
- თქვენი ცხოვრების მთავარი ფასეულობა რა არის, რაც თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს? - ერთგულება, ურთიერთობა, სიყვარული და იმედი. მარტივი და მძივივით აწყობილია: ადამიანი, როდესაც იღვიძებ, უფალს მადლობას უხდი, რომ გათენდა, ბედნიერი ხარ. შემდეგ ცდილობ, დღე სიყვარულით დაიწყო და იმედი გაქვს, რომ ხვალინდელი დღე კიდევ უფრო უკეთესი იქნება...
ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"