"გახარია მელიას სასარგებლოდ თამაშობს" - კვირის პალიტრა

"გახარია მელიას სასარგებლოდ თამაშობს"

"ქვეყნის განვითარების ხედვასა და პერსპექტივებზე მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა - "ქართული ოცნება" ლაპარაკობს. დანარჩენები ქვეყნის დაქცევაზე საუბრობენ"

"კასრებში არსებული ფაილები გატანილია და იმ ადამიანების ხელშია დღეს, რომლებიც აშანტაჟებდნენ, და ამ ფაილებით მანიპულირებას განაგრძობენ", - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სუს-ი სასულიერო პირებს უსმენს და საიდუმლო მასალებმა იქიდანვე გაჟონა. ვოლსკის თქმით, თუ ვინმე ფაილებს აგროვებდა და ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, მონაზვნების, მღვდლების, ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების, იყო "ნაციონალური მოძრაობა". მმართველი გუნდის სხვა ლიდერებმა, მაგალითად, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გუნდში დიდი პოლიტიკური ღალატი მოხდა. მისი, ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ვერსიით, თვალთვალისა და მოსმენების უკან შესაძლოა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და მისი გუნდის წევრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დგანან. რას ეფუძნება მმართველი გუნდის ლიდერების ვერსიები და ბრალდებები, რა საფრთხეების წინაშე აყენებს ქვეყანას ფარული ჩანაწერებით მანიპულირება და როგორ აპირებს მმართველი გუნდი ამ საფრთხესთან გამკლავებას, ამის შესახებ გიორგი ვოლსკი გვესაუბრება:

- დიახ, არსებობს გუნდი, რომელიც გაწაფულია ჩანაწერების დამზადებასა და ამ ჩაწერილი საუბრებისთვის ანალიზის გაკეთებაში. მათი ინტელექტუალური რესურსი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ დღესაც შექმნან ფალსიფიცირებული ჩანაწერები, გადაიღონ ვიდეოები და ერთმანეთს მიაბან ტყუილ-მართალი. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კონსპირაციასთან. ვინაიდან ყოფილი პრემიერის ყველა განცხადება ზუსტად ემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესს დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, ვვარაუდობთ, რომ ამ საქმეში შეიძლება მისი რესურსიც არის გამოყენებული. არ არის გამორიცხული, გახარიას შეეგროვებინა ეს ინფორმაცია, დაემუშავებინა და გარეთ გამოეტანა. ჩვენ ბევრი ვერსია გვაქვს, მაგრამ მთავარ პასუხს გამოძიებისგან ველოდებით.

- გიორგი გახარია ამბობს, რომ მმართველი გუნდის ლიდერებმა უბრალოდ იჭორავეს, როდესაც ის "ნაციონალებთან" შეთქმულებასა და ამბოხების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს. - რას ჰქვია ვიჭორავეთ?! ირაკლი კობახიძემ თავის დროზე ფაქტის კონსტატაცია გააკეთა, რომლის ჭეშმარიტებაშიც ეჭვი არავის ეპარება, მათ შორის არც "ნაციონალებს", არც თავად გახარიას და არც მისი პრომოუშენის მკეთებელ ტელევიზიებს. არავის არაფერი დაუბრალებია. კაცმა მელიას დაპატიმრებაზე უარი თქვა და განაცხადა, სახელმწიფო არ არსებობსო. სახელმწიფოს ჩამოშლაზე საუბარი პირდაპირ "ნაციონალების" ინტერესებში შედიოდა. Aამ საუბარს კონკრეტული ქმედებებიც დაემატა. შემდეგ უკვე, როდესაც თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინა, ყველაფერი ცხადი გახდა. ზუსტად იცის გახარიამ, რომ კალაძეს ვერ მოუგებს. გახარია "ნაციონალური მოძრაობის" დანამატია და ნიკა მელიას სასარგებლოდ თამაშობს. მელიას გახარია ისევე ვერ აჯობებს, როგორც მელია ვერ აჯობებს კალაძეს.

- გახარიას თამაშის მიზანი რა შეიძლება იყოს? - შეძლებს თუ არა ამის გაკეთებას, სხვა საკითხია, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს შექმნას ხალხის მასა, რომლის საშუალებითაც "ნაციონალურ მოძრაობას" დაეხმარება დესტაბილიზაციაში. რაც შეეხება ფარული ჩანაწერების დამზადებასა და გამომზეურებას, თუ ეს კონსპირაციას უკავშირდება, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.

- ანუ გახარიას დაიჭერენ? - მე რა ვიცი... მე რაც ვიცი, გეტყვით - გახარიასა და "ნაციონალებს" შორის პოლიტიკური კავშირი თვალსაჩინოა. არსებობს დამთხვევები, რაც ამ თვალსაჩინოების კონტურებს უფრო მკაფიოს ხდის. ბოლოს იყო მერობის კანდიდატად დადგომა და მელიას დანამატად გახდომა. თუ ამ მოცემულობის გათვალისწინებით ირაკლი კობახიძე ან მე ვიტყვით, რომ გახარიამ თავისი პრემიერობის დროს შესაძლოა უკანონოდ მოიპოვა ჩანაწერები და გამოაქვეყნა მაშინ, როდესაც ეს "ნაციონალებს" დასჭირდათ, რასაკვირველია, ამას საფუძველი აქვს. გამოძიებამ უნდა გაითვალისწინოს ეს შესაძლებლობაც. გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობა" არის ძალა, რომელსაც ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს ნებისმიერი სახის ფალსიფიცირებული დოკუმენტის შედგენასა და გამოყენებაში.

- სანამ გახარიამ ნებით არ დატოვა პოსტი, თქვენ რატომ ვერ გაარკვიეთ მისი ფარული ზრახვები, რით იყო განპირობებული თქვენი ესოდენ მაღალი ნდობის ხარისხი? - გუნდში ნდობა უნდა იყოს. პრემიერი, შეცდომების მიუხედავად, სტაბილურ მთავრობას ქმნიდა. სტაბილურობაში ეჭვის შეტანა შესაძლოა უფრო მძიმე ყოფილიყო, ვიდრე ჩვენი შენიშვნების და შიდა განხილვების გარეთ გამოტანა. თუმცა ის, რაც ბოლო დროს მოხდა, შეცდომები აღარ არის. ეს არის პოლიტიკური კავშირი დესტრუქციულ ძალასთან, ეს კი ჩვენთვის ნამდვილად სიახლე იყო.

- ის, რომ გახარია კოკაინის მომხმარებელია, ეს თქვენი ვერსიაა თუ კონკრეტული ფაქტები გაქვთ? - როდესაც ადამიანს ნარკოტესტის გაკეთებას სთავაზობენ და უარს აცხადებს, დრო გაჰყავს და ეჭვი შეაქვს ისეთი ავტორიტეტული უწყების დასკვნაში, როგორიც სამხარაულის საექსპერტო ბიუროა, ეს ეჭვს ნამდვილად აჩენს.

- ვენის ჰოსპიტლის დასკვნით, გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დაუდასტურდა. - დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ნარკოტესტის გაკეთება შესთავაზეს. ამასთან, ჯერ დასკვნაც არ გვინახავს.

- თქვენი ვერსიით, ფარული ჩანაწერების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ამომრჩევლის განწყობას თუ შეცვლის? - ამომრჩევლის განწყობა ორი ასპექტის მიხედვით ყალიბდება: პიროვნული ხედვა და პერსპექტივაში დანახვა იმ პირებისა, რომლებიც გაერთიანებული არიან "ნაციონალურ მოძრაობაში". ადამიანი, რომელიც "ნაციონალებს" უკავშირდება, თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით ნდობას არ იმსახურებს. მეორე არის ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის რეალურად გაკეთებული საქმეები, პროექტები და პერსპექტივები. სამწუხაროდ, ქვეყნის განვითარების ხედვასა და პერსპექტივებზე მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა - "ქართული ოცნება" ლაპარაკობს. დანარჩენები ქვეყნის დაქცევაზე საუბრობენ.

- ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ რამდენიმე გამოკითხული პოლიტიკურ ლანდშაფტს აღწერს როგორც უაღრესად პოლარიზებულს, ხოლო დისკურსს - აგრესიულს. უხვადაა დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული ბრალდებები. რისი თქმა შეგიძლიათ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ასეთი გარემოს შექმნაზე და ხომ არ ვიმყოფებით სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე? - სამოქალაქო დაპირისპირება რომ არის ვიღაცების ინტერესებში, არავითარ ეჭვს არ იწვევს. ფარული ჩანაწერების თემაც ამ მიზანს ემსახურება. აქვეა გახარიაც. გასაგებია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სურს დესტაბილიზაცია, მაგრამ მათ მიზნებს პერსპექტივა არ გააჩნია. ამომრჩეველი "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს თუ გახარიას, მას არეულობა არ სურს. ცოტა ხნის წინ ქვეყანაში მეგის ქარდავას ექსტრადირება მოხდა. ეს კაცი უბრალოდ დამნაშავე კი არ არის, გამოხატულებაა იმ სადისტური რეჟიმისა, რომელიც სააკაშვილმა ჩამოაყალიბა.

- თუმცა სააკაშვილი და სხვა "ნაციონალი" ლიდერები ემიჯნებიან ქარდავას. ამბობენ, რომ არც იცნობენ და მათი ხელისუფლება სწორედ მისნაირმა მავნებლებმა დაღუპეს. - გაემიჯნებიან აბა, რას იზამენ, აღიარებით ჩვენებას ხომ არ მისცემენ?! ქარდავას თუ არ იცნობდნენ, ძმებ ახალაიებსა და მერაბიშვილს ხომ იცნობდნენ? როგორ გგონიათ, რატომ იტყუებიან, საქართველოში დანაშაული გაიზარდაო? გგონიათ არ იციან, რომ სინამდვილეში მძიმე დანაშაულები ორჯერ შემცირდა? ძალიან კარგად იცნობენ სტატისტიკას, მაგრამ მიზანმიმართულად იტყუებიან, რათა თავი გაიმართლონ და თქვან, სადისტური მმართველობა იყო საჭირო კრიმინალის აღსაკვეთადო. სააკაშვილი ახლა ყველა იმ ბოროტებას გაემიჯნება, რაც მისი ბრძანებით ჩაიდინეს მისივე რეჟიმის წევრებმა.

ხათუნა ბახტურიძე