"მარტივად გეტყვით, დაველოდოთ გამოძიებას" - კვირის პალიტრა

"მარტივად გეტყვით, დაველოდოთ გამოძიებას"

"ბატონი ღარიბაშვილი და ბატონი კობახიძე აგონიურ მდგომარეობაში არიან. ამაზე მეტყველებს ბოლო დღეებში მათი განცხადებები, რომლებიც არა მარტო ლოგიკას არის აცდენილი, არამედ ფაქტობრივი უზუსტობებით არის გაჯერებული", - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ბატონი ღარიბაშვილის ინტერვიუ, სადაც ის პოლიტიკური ქულების დასაწერად გიორგი გახარიას აკისრებს 20 ივნისზე პასუხისმგებლობას. ისევე როგორც მძიმე იყო ირაკლი კობახიძისა და თეა წულუკიანის განცხადებები, როდესაც ისინი ფარული მასალების გავრცელების საქმეში გიორგი გახარიასა და ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შესაძლო ჩართულობაზე საუბრობდნენ. ეს ფაქტობრივი უზუსტობები და ლოგიკას აცდენილი განცხადებებია.

ბატონი ხოჯევანიშვილი არასდროს ყოფილა იმ კონკრეტული დანაყოფის და მიმართულების კურატორი, რომელიც პასუხისმგებელია მოსმენებზე. შესაბამისად, ძალიან მიკვირს, როდესაც "ოცნების" ლიდერები გამოდიან და ამ სკანდალურ ფაილებს უტიფრად უკავშირებენ მხოლოდ ორი პირს, გახარიასა და ხოჯევანიშვილს, მაგრამ არ ახსენდებათ სხვა სახელები და გვარები უსაფრთხოების სამსახურიდან. თავად უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე არაფერს ამბობენ და მაინცდამაინც მის მოადგილეზე აქვთ გართულება. კლასიკური სტილით ტყუიან.

- პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე რას იტყვით? - ჩვენ "ქართული ოცნებისგან" იმით განვსხვავდებით, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა გვაქვს როგორც ყოფილი კოლეგებისა და ინსტიტუციების, ასევე სახელმწიფოსა და მისი ინტერესების წინაშე. 24 საათიც არ იყო გასული ამ სკანდალური ამბის გახმაურებიდან, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები გამოვიდნენ და სახელებისა და გვარების დასახელება დაიწყეს. ნაცვლად იმისა, მათ ინტერესში ყოფილიყო სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიებისთვის დალოდება, გამოვიდნენ და პირდაპირ მინიშნებებით დაიწყეს საუბარი. მათგან განსხვავებით ჩვენ სახელმწიფო ინტერესებსა და იმ კონკრეტულ ინსტიტუციებზე ვზრუნავთ, სადაც ჩვენ ვმუშაობდით. ამიტომ მარტივად გეტყვით, დაველოდოთ გამოძიებას.

თუ დადასტურდა, რომ იყო არასანქცირებული მიყურადება სხვადასხვა სოციალურ სეგმენტზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვინც მაშინ იყო ან დღეს არის ხელისუფლებაში, გახარია იქნება, ხოჯევანიშვილი თუ ლილუაშვილი.

- თქვენ ინსტიტუციების ნდობასა და პატივისცემაზე საუბრობთ, მაგრამ გიორგი გახარიამ უნდობლობა გამოუცხადა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და ვენაში გაემგზავრა იმის დასამტკიცებლად, რომ კოკაინის მომხმარებელი არ არის. - ჩვენმა ლიდერმა უნდობლობა გამოუცხადა იმ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელიც სამხარაულის ბიუროს კი არა, სრულიად სახელმწიფო ინსტიტუციებს იყენებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. სამხარაულის ექსპერტებთან გიორგი გახარიას არანაირი პრობლემა არა აქვს. პირიქით, გარკვეულწილად გადააზღვია იმ პოლიტიკური პროვოკაციისგან, რასაც ხელისუფლება გეგმავდა და უხერხული მდგომარეობიდან იხსნა.

- თუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუციებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, ობიექტურ გამოძიებას როგორ ელოდებით? - ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ გამოძიებაში ჩართოს ყველაზე სანდო ინდიკატორები სხვადასხვა საზოგადოებრივი სეგმენტიდან - იქნება ომბუდსმენის ოფისი, საერთაშორისო ექსპერტები თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. თუ გამოძიების შედეგმა გამოიწვია ღრმა კონსპირაციის განცდა, ხელისუფლება იმაზე ბევრად უარეს დღეში აღმოჩნდება, ვიდრე დღეს არის.

- როგორ გგონიათ, გახარიასა და ხოჯევანიშვილს დააპატიმრებენ? - ქართულ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია.

- თქვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობა ძალოვან უწყებებს კურირებდა. თავად თქვენ უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი იყავით. ამ ლოგიკით, "ქართული ოცნების" ლიდერებზე თქვენც უნდა ფლობდეთ გარკვეულ ინფორმაციას... - მე მათ შესახებ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს - მაგიდაზე საკმაოდ მძიმე შიდა კვლევის შედეგები უდევთ. ამიტომაც არიან დღეს პარანოიდულ მდგომარეობაში.

ხათუნა ბახტურიძე