"იქნებ როგორმე დავფუძნდეთ, ბოშებივით რომ აღარ მოგვიწიოს ცხოვრებამ" - კვირის პალიტრა

"იქნებ როგორმე დავფუძნდეთ, ბოშებივით რომ აღარ მოგვიწიოს ცხოვრებამ"

"ბევრი მაყვედრის, რომ მე, სოციალურად დაუცველს, მინახავს. ასე არ უნდა ხდებოდეს. მრავალშვილიან ოჯახებს არ უნდა სჭირდებოდეთ სოციალურად დაუცველის სტატუსი"

ნანა ცქიტიშვილი და ჯუბა ლომიძე შვიდი შვილის მშობლები არიან. ხუთი ვაჟი და ორი გოგონა ჰყავთ, ერთიმეორეზე უკეთესები, ერთმანეთზე მზრუნველები და მოსიყვარულეები. წლების წინ წყვილი გერმანიიდან იმიტომ დაბრუნდა, რომ სურდა, ბავშვები საქართველოში გაზრდილიყვნენ და არა - უცხო მიწაზე. არ შეუშინდნენ არც უბინაობას და არც არაერთ სხვა გამოწვევას...

- წარმოშობით ზესტაფონიდან ვარ, თუმცა ჩემი მშობლები კარგა ხნის წინ წამოვიდნენ თბილისში საცხოვრებლად და აქ გავიზარდე. აქ გავიცანი ჩემი მეუღლეც. მე მაშინ 18 წლის ვიყავი, ჯუბა 20-ისაც არ იყო. ერთმანეთი შეგვიყვარდა და გაცნობიდან მალევე, ხუთ თვეში, ცოლად გავყევი, უფრო სწორად, გავიპარეთ. მშობლებმა იცოდნენ, შეყვარებულები რომ ვიყავით, მაგრამ არ ეგონათ, თუ ასე მალე გადავწყვეტდით დაქორწინებას. დედა ბავშვების გაზრდაში მეხმარებოდა, მამა, ძირითადად, სოფელში იყო და ერთ ზაფხულსაც ვერ ძლებდა შვილიშვილების გარეშე. შვილი ხომ ტკბილია, მაგრამ შვილიშვილი უფრო ტკბილიაო, დედა ამბობს და მგონი, უფრო მეტი შვილიშვილი უნდა.

მე და ჩემი მეუღლე, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. რა თქმა უნდა, სირთულეები გვქონდა - რომელ ახალშექმნილ ოჯახს არ აქვს - მაგრამ სიყვარული თურმე ყველაფერს გადაგატანინებს.

- ნანა, თქვენ და თქვენი მეუღლე რა პროფესიის ხართ, ან სად მუშაობთ? - ჯაბა პროფესიით პროგრამისტია, ამჟამად კურიერად მუშაობს. ხან აქვს საქმე, ხან - არა. მე ბავშვებს ვუვლი. ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ დამთავრება ვერ შევძელი, რადგან იმ პერიოდში გერმანიაში წავედით საცხოვრებლად და სამუშაოდ. საქართველოში დაბრუნებულმა შევისწავლე ფოტოგრაფია და სანამ მეექვსე ბავშვს გავაჩენდი, ვმუშაობდი.

გერმანიაში სამი წელი ვიცხოვრეთ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად მოვეწყვეთ და მოვერგეთ იქაურობას და მიუხედავად იმისაც, რომ ბინის შესაძენად თანხის მოგროვება ვერ მოვახერხეთ, მაინც დაბრუნება ვარჩიეთ. სხვაგან რაც უნდა კარგად იყო, გული მაინც სულ სამშობლოსკენ გიწევს.

გვენატრებოდა ჩვენი ქვეყანა, მშობლები, ახლობლები. დაბრუნების მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ გვსურდა, ჩვენი შვილები საქართველოში დაზრდილიყვნენ. რომ ჩამოვედით, უკვე მეოთხეს ველოდებოდით.

- მრავალშვილიანობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და უდიდეს ენერგიასა და ძალას მოითხოვს. არ გიჭირთ? - მე ერთი ძმა მყავს და სულ ვსაყვედურობდი დედას, რატომ მეტი არ გააჩინე-მეთქი. დედმამიშვილის ფასი არაფერია. როდესაც ვხედავ, ჩემს ნაცნობებში და-ძმები ერთმანეთს როგორ უდგანან გვერდით, გული სიხარულით მევსება, რადგან ვიცი, ჩემი შვილებიც ასე იქნებიან.

ჩემი მეუღლე დედისერთაა. მამის მხრიდან ჰყავს ერთი ნახევარდა. ეტყობა, მასაც აწუხებდა, ბევრი დედმამიშვილი რომ არ ჰყავდა და შეუღლების დღიდან სულ ამბობდა, შვიდი შვილი მინდაო. თავიდან მეცინებოდა, ამდენი შვილი ვერც კი წარმომედგინა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ასე მოხდა.…შვილის ფასს რომ იგებ, გინდა კიდევ გყავდეს. ნაბოლარა 3 წლისაა და უკვე მენატრება პატარა, მაგრამ აღარ გავაჩენ, რადგან წლებია, ქირით ვცხოვრობთ, რის გამოც ძალიან ვწვალობთ.

არასდროს დამიწუწუნია იმაზე, რომ ვიღლები, რომ ბევრი საქმე მაქვს, რომ ვერ ვყიდულობ ყველაფერს, რაც მინდა და ა. შ., მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა სწორედ უბინაობაა... თანაც მეპატრონეებს არ სურთ, ბინაში ამდენი ადამიანი შეუშვან. კიდევ კარგი, აღმოჩნდებიან ხოლმე ღვთისნიერი ადამიანებიც.

- არასდროს მიგიმართავთ სახელმწიფოსთვის, გამგეობისთვის, მერიისთვის?

- სოციალური დახმარება გვაქვს, მრავალშვილიანობისას ბავშვზე 50 ლარს ვიღებთ. მრავალშვილიანობის დახმარება რომ მიგვეღო, რომ გვეარსება და ქირის ნახევარი მერიას დაეფინანსებინა, სოციალურად დაუცველის სტატუსი დაგვჭირდა. დღეს ბევრი მაყვედრის, რომ მე, სოციალურად დაუცველს, მინახავს. ასე არ უნდა ხდებოდეს. მრავალშვილიან ოჯახებს არ უნდა სჭირდებოდეთ სოციალურად დაუცველის სტატუსი.

სახელმწიფოსთვის შესაცოდი კი არ უნდა ვიყოთ, პირიქით, ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ოჯახები, სხვებისთვის მისაბაძი, რადგან ქვეყნის მომავალი ის თაობაა, რომელსაც ვზრდით და თუ ჯანსაღსა და განვითარებულ თაობას ვერ აღვზრდით, მაშინ მომავალიც არ ჰქონია ჩვენს სამშობლოს.

რამდენიმე წლის წინ მეპატრონემ ბინის დაცლა რომ მოგვთხოვა და ახლის მოძებნა გაგვიჭირდა, მერიაში წავედით, დავწერეთ განცხადება და ორ თვეში მოგვენიჭა უსახლკაროს სტატუსი. განგვიმარტეს, რომ სტატუსის გამო სახელმწიფო ვალდებულია საცხოვრებელი ფართით დაგვაკმაყოფილოს. თავიდან თვეში ერთხელ ვრეკავდით პასუხისთვის, შემდეგ - ორ თვეში ერთხელ. ასე გავიდა მოლოდინის სამი წელი. პანდემიის გამო ქირის გადახდა რომ გაგვიჭირდა, ისევ დავრეკე პასუხის გასაგებად. თურმე ჩვენი პასუხი ოთხი თვე მზად იყო. გაგვიხარდა და იმ დღესვე სიხარულით გავიქეცით, მაგრამ უარი მოგვივიდა. სამჯერ გავასაჩივრეთ და სამჯერვე უარი მივიღეთ. მეოთხედ მოვითხოვეთ შეხვედრა და ზეპირი მოსმენა მერთან და ამაზეც უარი მივიღეთ. აი, რას მიჰყავს ხალხი იქამდე, რომ უკანონოდ, სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე, აიშენონ სახლები.

- იმედი მაქვს, მალე თქვენი ყველა პრობლემა მოგვარდება. ახლა მითხარით, როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე ლომიძეების ოჯახში? - ყველას განსხვავებული ხასიათი აქვს. რთულია, ამდენ ბავშვს სიყვარული და ყურადღება თანაბრად გაუნაწილო. რთულია, ყველას გაუგო, აუხსნა, ასწავლო... უფროსი, ნიკა, 16 წლისაა და მიხარია, რომ ჩემთანაც და მამამისთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს. მეორე განსაკუთრებულად ემოციურია, ყველაფერი გულთან მიაქვს და ამიტომ ვეფერებით, ვცდილობთ, არ განაწყენდეს. გოგონა ძალიან ჯიუტია და ა.შ. მთელი დღის განმავლობაში ჩვენს სახლში დიდი ალიაქოთია. აი, ახლაც თამაშობენ - ერთი პოლიციელია, მეორე - ექიმი, მესამე - მასწავლებელი. მოკლედ, ერთი პატარა სახელმწიფო გვაქვს. ერთმანეთისგან ბევრ რამესაც სწავლობენ. უფროსები პატარებზე ზრუნავენ.

ღმერთს მადლობას ვუხდი და ყოველთვის ვამბობ, რომ არაფერი მინდა, ოღონდ ესენი მყავდნენ ჯანმრთელები. რაც მთავარია, მინდა, კარგი ადამიანები გაიზარდონ, ერთმანეთი და ადამიანები უყვარდეთ, ერთმანეთზე ზრუნვა ისწავლონ, დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება. იქნებ როგორმე ერთ ადგილზე დავფუძნდეთ, ბოშებივით რომ აღარ მოგვიწიოს ცხოვრებამ. პატარა მიწა მაინც რომ გვქონდეს, ჩვენ თვითონ ავაშენებდით სახლს.

- ნანა, საუბრის დასასრულს გკითხავთ, ონლაინსწავლებამ რა პრობლემები შეგიქმნათ? - ჩვენს ოჯახში ონლაინსწავლება ბევრ პრობლემას ქმნის. ეს, უპირველესად, უკავშირდება სივრცესა და ტექნიკას. მრავალშვილიან ოჯახებში ყველა ბავშვს ხომ არ აქვს ტელეფონი ან კომპიუტერი? აქამდე ერთ-ერთი ჩემს ტელეფონს იყენებდა. ეს დღეებია, გამიფუჭდა და მოუწევთ, მორიგეობით ჩაერთონ გაკვეთილებზე. ასევე, პრობლემას ქმნის ინტერნეტიც. სტანდარტული პაკეტი როგორ ეყოფა ოთხი კომპიუტერული მოწყობილობის უხარვეზოდ მუშაობას?

3, 4 და 5 წლის ბავშვებს ძნელად გააგებინებ, რომ უფროსებს გაკვეთილი აქვთ და ჩუმად იყვნენ. ჩემს მეორე ბიჭს, რომელიც 10 წლისაა, დისტანციური სწავლის გაგონება არ უნდა. გასულ წელსაც მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილს დაესწრო. დისტანციური სწავლება ისეთ ყურადღებას მოითხოვს მშობლისგან, რომ წარმოუდგენელია, იმუშაო. მე მიწევდა ბევრი რამის ახსნა, რადგან ბავშვებს გაგება უჭირდათ. არც მოტივაცია აქვთ. გოგონა მესამე კლასშია და მასწავლებლის ხათრით სწავლობს. ძალიან უყვარს და ერთი სული აქვს, როდის ჩაეხუტება.

ჩემი შვილების მაგალითზე მე უკვე ვხედავ ონლაინსწავლების არასასურველ შედეგს. ყველას და ყველა საგანში კერძოდ ვერ მოვამზადებ, შეუძლებელია, თანაც სკოლაში მხოლოდ საგნებს ხომ არ სწავლობენ ბავშვები?! იქ ბევრ სხვა უნარებსაც იძენენ, ურთიერთობას, მეგობრობას სწავლობენ. ამიტომ კარგი იქნება, ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები მიიღოს, რომ ბავშვებმა, რეკომენდაციების დაცვით, საკლასო ოთახებში ისწავლონ. სასკოლო გარემო ჩვენი შვილების ნორმალური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ნინო ჯავახიშვილი