"უცებ მორიგე ექიმის ხმა რომ ჩამესმა, მოდით და ვინმე წამოიყოლეთო, მაშინვე მივხვდი, რაც მოხდა, იქ მისულებს საშინელება დაგვხვდა..."
"არასოდეს ვაძლევ თავს უფლებას დეპრესიაში ჩავარდე. დეპრესია სასოწარკვეთაა და ადამიანს მაშინ ეუფლება, როცა რწმენა არა აქვს, მე კი მაქვს და ვიცი, რომ ბოლოს ყველა უფლის წინაშე წარვდგებით"
"... სევდა, მონატრება შეიძლება ყველა ნამუშევარში იყოს, მაგრამ სასოწარკვეთა არც ჩემს ცხოვრებაში იქნება და არც შემოქმედებაში", - ამბობს რუსუდან ფეტვიაშვილი... მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვარი უმძიმეს დღეებს იხსენებს, როგორ შეძლო უძვირფასესი ადამიანისთვის შეუძლებელი...
- ქალბატონო რუსუდან, ბოლო წლების სირთულეებმა, ძვირფას ადამიანთან სამუდამოდ განშორებამ რა გავლენა მოახდინა თქვენზე?
- საუბარს დავიწყებ იქიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ჩემი მეუღლის გადარჩენა... საკმაოდ დიდხანს დღე-ღამეში მხოლოდ სამი საათი მეძინა. ვხატავდი იმისთვის, რომ ნახატები გალერეებში გამეგზავნა, ყველაფერი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და ყველა ფინანსური ვალდებულება ჩემს თავზე ავიღე. მორალურად უამრავი ადამიანის თანაგრძნობა იყო, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... თბილისშიც და სტამბოლშიც მხოლოდ დღისით მაძლევდნენ უფლებას თემოს თავზე დავდგომოდი, ისიც დიდი ხვეწნით და საავადმყოფოდან დაბრუნებული ღამით ვმუშაობდი... გალერეები ხელს მიწყობდნენ, ზოგჯერ წინასწარ მიხდიდნენ... რომ არ მემუშავა, არ და ვერ გამოვიდოდა, რადგან ყველაფერი პირდაპირპროპორციული იყო, რამდენად შევძლებდი ბრძოლას თემოს გამოჯანმრთელებისთვის. ჩემი მეუღლე, იმდენად მძიმე პაციენტი იყო, ხშირად მეუბნებოდნენ, მისი გადარჩენის შანსი რომ არ არსებობდა. გულწრფელად გითხრათ, ნერვები მეშლებოდა ამ სიტყვებზე, ვერაფრით ვეგუებოდი, გაასმაგებულად ვიბრძოდი და არაფრით ვუშვებდი, რომ შეიძლებოდა ვერ გადარჩენილიყო.
როგორც კი საავადმყოფოდან წასვლას დავაპირებდი, თემო სულ მთხოვდა, იქნებ დარჩეო. ვეუბნებოდი, აქვე ვარ, სამი წუთის სავალზე, თან არ მძინავს და როგორც კი უჩემოდ გაგიჭირდება, დარეკავენ და მაშინვე აქ გავჩნდები-მეთქი. მართლაც ხშირად ღამის სამ საათზე თავზე დავდგომივარ.
- მისი უმძიმესი დიაგნოზის გაგება თქვენთვის შოკი იყო? - შოკი არ იყო... ერთმანეთს ძალიან ბევრი მძიმე დაავადება აეწყო. ახალგაზრდობიდანვე დიაბეტი ჰქონდა, დიაბეტის ფონზე თირკმლის უკმარისობა განუვითარდა, ფაქტობრივად, დიალიზზე იყო ორ წელს. ჩვენ უკვე ვზრუნავდით თირკმლის გადანერგვაზე, თანხები მოვიძიეთ, შევთანხმდით ბელარუსში ჩასვლაზე, მაგრამ მესამე ავადმყოფობა - ფილტვისგარე ტუბერკულოზი დაემატა, რომლის მკურნალობისთვისაც ძალიან ძლიერი წამლები იყო საჭირო. მაღალი წნევაც დაეწყო და ამ ყველაფრის გამო თირკმლის გადანერგვის ცდა ჩაგვეშალა.
უძლიერესს წამლებს მისი ორგანიზმი ვერ ეგუებოდა, რის შედეგადაც ჯერ ერთი ინსულტი განუვითარდა, შემდეგ მეორე... ამდენად მისი დიაგნოზის გაგება მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ მაინც არ მეგონა, თუ ყველაფერი ასე აეწყობოდა.
- ამხელა სტრესებმა თქვენს შრომისუნარიანობაზე არ იმოქმედა? - სიფხიზლე წამითაც არ დამიკარგავს! ვიცოდი ჩემი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემი მეუღლისთვის, რამდენად აისახებოდა მის ოპტიმიზმსა და შემართებაზე! ბოლომდე თავდაუზოგავად ვიბრძოდი...
ვგრძნობდი, მისთვის სახლში ყოფნა რამდენად მნიშვნელოვანი იყო და მისი უახლოესი მეგობრის, ექიმის რჩევით გადავწყვიტე, რაც უნდა დამჯდომოდა სახლში გამომეყვანა. დიალიზიც კი სახლში მოვაწყვე თავისი გაყვანილობით, წყლის ავზებით, შევიძინე სასუნთქი აპარატურა და ყველაფერი, რაც კი საჭირო იყო... ჩემი სამუშაო ოთახი ავარჩიე, რადგან არაჩვეულებრივი ხედი აქვს. ვიცოდი, როგორ ამოისუნთქავდა და გაიხარებდა, ოთახიდან სინათლეს რომ დაინახავდა.
- ვიცი, უმძიმესი გასახსენებელია, მაგრამ როდის მოგიხდათ მასთან დამშვიდობება?
- 17 ნოემბერი იყო და ძალიან გვიანობამდე საავადმყოფოს შევრჩი, რადგან დიალიზი უტარდებოდა. ღამის პირველის ნახევარზე სახლში წამოსვლა გადავწყვიტე, მაგრამ ვხედავდი, თვალებით როგორ მეხვეწებოდა, მასთან დავრჩენილიყავი. დარჩენა აღარაფრით გამოვიდოდა, რადგან იმ დრომდეც არავის აჩერებდნენ, მხოლოდ მე მქონდა იქაურობა ციხესიმაგრესავით აღებული და აღარც მაინტერესებდა, ვის ვაწუხებდი, ვის არა... როგორც მოგახსენეთ, რეანიმაცია უკვე სახლში მქონდა მოწყობილი, კვირა იყო, ორშაბათს კათეტერს ჩაუდგამდნენ ყელში და სამშაბათს წამოვიყვანდი. ამ დღისთვის მთელი არსებით ვემზადებოდი.
დავემშვიდობე და ვუთხარი, რომ დილის 8 საათზე მივიდოდი, თუ დასჭირდებოდა, ნებისმიერ წუთს იქ გავჩნდებოდი. საქართველოს საუკეთესო საავადმყოფოში, საიმედო ხელში დავტოვე... დილის ხუთ საათზე რომ დამირეკეს, ცუდზე წამითაც არაფერზე მიფიქრია. სტამბოლშიც და თბილისშიც ყველა გაფრთხილებული მყავდა, თემოს ჩემი ნახვა რა დროსაც უნდა მოეთხოვა, მაშინვე დაერეკათ. უცებ მორიგე ექიმის ხმა რომ ჩამესმა, მოდით და ვინმე წამოიყოლეთო. მაშინვე მივხვდი, რაც მოხდა, აღარაფერი მიკითხავს, ყურმილი დავუკიდე...
წავედით მე და დედაჩემი და იქ მისულებს საშინელება დაგვხვდა...
ყველაზე დიდი დარტყმა იმიტომ იყო, რომ სახლში გამოყვანა ვერ მოვასწარი, ვერ ავახდინე ჩემი და მისი დიდი სურვილი. უცნაური ის იყო, რომ უფრო მძიმედ ყოფილა და გადაუტანია. სტამბოლშიც და თბილისშიც სიკვდილს არაერთხელ ჩავხედეთ თვალებში. რამდენჯერ უთქვამთ, ბოლო წუთებია, მოდით, დაემშვიდობეთო... დაახლოებით რვაჯერ უკვე დამშვიდობებული ვიყავი.
- მეუღლის გარდაცვალებამ თქვენს შემოქმედებაზე იმოქმედა, სხვა ფერებიც გაჩნდა? - ჩემთვის ჩემი მეუღლე არასოდეს იყო წასული და არც ახლაა! იმდენად ჩემს სულში, გულში, გონებაშია, იმდენად ძვირფასია, რომ მის დანაკლისს არ განვიცდი. არ ვთვლი, რომ ჩემგან შორსაა... მუშაობაც არ შემიწყვეტია. ჩემი ერთადერთი გამოხატულება - მწუხარების, დარდის, სიხარულის - ჩემი სამუშაოა და, რასაკვირველია, ყველაფერი მხატვრობაში გადმოიღვარა. ძალიან მარტივად მივხვდი, რომ ეს ორი სამყარო ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა!
ძალიან ოპტიმისტი ვარ, მორწმუნე, და მჯერა, რომ ადამიანები გარდაცვალების შემდეგ არ ქრებიან. მე ყველაფერს ვაკეთებ მისი სულისთვის. არასოდეს ვაძლევ თავს უფლებას დეპრესიაში ჩავარდე. დეპრესია სასოწარკვეთაა და ადამიანს მაშინ ეუფლება, როცა რწმენა არა აქვს, მე კი მაქვს და ვიცი, რომ ბოლოს ყველა უფლის წინაშე წარვდგებით.
- ნახატები მიუძღვენით? - კი, არაერთი, მაგრამ მისი გარდაცვალება არაფერ შუაშია. ჩემთვის თემო გარდაცვლილი არასოდეს იქნება! ერთხელაც იმ ქვეყნადაც შევუერთდებით ერთმანეთს!
ის, რომ ადამიანი წავიდა, ამ შინაარსის ნახატები კი შექმენი, მისი სული რომ უკვდავია - სევდა, მონატრება შეიძლება ყველა ნამუშევარში იყოს, მაგრამ სასოწარკვეთა არც ჩემს ცხოვრებაში იქნება და არც შემოქმედებაში!