გადაარჩინე შენზე უმწეო! - კვირის პალიტრა

გადაარჩინე შენზე უმწეო!

"მაშინ, როდესაც ქარიშხლის, გრიგალის თუ სხვა სტიქიისგან თავდაღწევის მიზნით სახლებიდან გარბიან, ხალხს თან მიაქვს არა სარჩო-საბადებელი, არამედ სპეციალური კონტეინერებით ან სულაც ბავშვივით ხელში ატატებული შინაური ცხოველები მიჰყავთ"

აიშა

არ ვიცი, რა ჰქვია ძაღლებს, რომლებსაც პატრონები უკვდებათ და მარტო რჩებიან. აიშა ერთ-ერთი ასეთი ძაღლია, რომელმაც 9 თვის წინ პატრონთან და მის საყვარელ 12 კატასთან ერთად დაიძინა და ვერც მეორე დღეს და ვერც ამ ხნის განმავლობაში ვერ გაიგო, რატომ აღარ გაიღვიძა მისმა პატრონმა. ახალგაზრდა კაცი თრომბის შედეგად გარდაიცვალა. მისი სიკვდილი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მხოლოდ სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ დაეჭვდნენ. კარი შეაღეს და... აიშა და კატები გარდაცვლილი პატრონის გვერდით იწვნენ და ამაოდ ცდილობდნენ მისი გაყინული სხეულის გათბობას.

ცხოველები მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ, როდესაც მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა ეზოში გაუშვეს, მათი პატრონი სადღაც წაიყვანეს და სახლის კარი სამუდამოდ ჩაურაზეს. აიშა მიხვდა, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა და როდესაც სახლიდან პატრონის საწოლის ქვეშაგები გამოიტანეს და ნაგვის ურნაში გადაგდება დაუპირეს, საბანი და ბალიში, რომელზეც ხშირად თავი პატრონთან ერთად ედო, მოიპარა და ეზოში მისთვის პატრონისგანვე საგანგებოდ გაკეთებულ სახლში შეიტანა. ამაოდ ეცადნენ წართმევას. აიშა, რომელსაც არასდროს არავისთვის შეუღრენია, გულმოდგინედ იცავდა ნივთებს, რომელთაც ჯერ კიდევ შემორჩენოდა პატრონის სუნი.

ძაღლი სახლთან დააბეს ჯაჭვით. მუდმივად ჰქონდა საჭმელი და წყალი, მაგრამ დაკარგა ორი უმნიშვნელოვანესი რამ - პატრონი და თავისუფლება, და კიდევ, სიყვარული, რომელსაც პატრონთან ცხოვრების თითქმის ხუთი წლის განმავლობაში უშურველად იღებდა. თითქმის ცხრა თვეს არავინ მოჰფერებია. ეზოში აიშასთან მხოლოდ კატები იყვნენ, ჯერ ყველა ერთად, მერე დაიფანტნენ. მხოლოდ ორი შემორჩა და ისინიც თანდათან გაგარეულდნენ, რათა თავი დამოუკიდებლად ერჩინათ. მათ გამოჩენაზე აიშა ჯერ სიხარულისგან ყეფდა, მერე ნერვიულობდა. წუხდა, რომ მათსავით არ შეეძლო თავისუფლად სიარული და ყმუოდა. ამ ხნის განმავლობაში ეზოში მეზობელი ჩადიოდა, საჭმელს დაუყრიდა, წყალს გამოუცვლიდა და ფრთხილადვე გაეცლებოდა.

საჭმლის ფულს აიშას პატრონის უცხოეთში მცხოვრები ნათესავი გზავნიდა. სწორედ ის დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა. ძაღლის ტირილს მიმდებარედ მცხოვრები მეზობლები შეუწუხებია. კახეთის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ქუჩაში უამრავი მიუსაფარი ძაღლია, აიშაც ერთ-ერთ რიგით ცხოველად აღიქმებოდა, რომელსაც ადამიანები არ უნდა შეეწუხებინა. არავის მოუკითხავს, შეიძლებოდა თუ არა ძაღლს დახმარებოდნენ, გაესეირნებინათ, მოჰფერებოდნენ, შეეკედლებინათ. არაერთხელ შეუთვალეს მომვლელს, აქედან მოაშორეთ, თორემ მოვკლავთო. რა დაუშლიდათ? მოკლავდნენ ისე, როგორც არაერთი ძაღლი მოუკლავთ და აიშას პატრონის უცხოეთში მყოფმა ნათესავმა ანერვიულებულმა მომწერა, იქნებ აიშა გადავარჩინოთ, დამეხმარეო.

კახელი ჰაჩიკო, უფრო სწორად, აიშა ჩემმა ზუგდიდელმა კოლეგამ, ჟურნალისტმა სალომე ფარცვანიამ იხსნა. მას კიდევ რამდენიმე მიუსაფარი ცუგა ჰყავს შეფარებული. სალომე და ცხოველთა დამცველი მარიამ შეყილაძე აიშასთვის თავშესაფარს და პატრონს უცხოეთში ეძებენ, რადგან საქართველოში ყველას სურს ჯიშიანი ძაღლი ჰყავდეს და ლეკვობიდან გაზარდონ (უფრო კი გაერთონ). შემდეგ უმეტეს შემთხვევაში მათაც არ უვლიან და ქუჩაში უშვებენ.

"ნუთუ ვინმეს შეუძლია მითხრას, რომ არ უნდა დავხმარებოდი?"

ამერიკის იმ შტატებში, სადაც ადამიანური სახელების მქონე სტიქიური მოვლენები მოსახლეობის უმრავლესობას ხშირად უსახლკაროდ ტოვებს, აღსანიშნავია გულის ამაჩუყებელი დამოკიდებულება ცხოველების მიმართ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქარიშხლის, გრიგალის თუ სხვა სტიქიისგან თავდაღწევის მიზნით სახლებიდან გარბიან, ხალხს თან მიაქვს არა სარჩო-საბადებელი, არამედ სპეციალური კონტეინერებით ან სულაც ბავშვივით ხელში ატატებული შინაური ცხოველები მიჰყავთ. დამამახსოვრდა ერთ-ერთი დაზარალებული ამერიკელის კომენტარი: "ჩვენი სახლი აღარ არსებობს, მაგრამ ყველანი ცოცხალი ვართ. უზენაესმა არ გაგვწირა და მაგალითი მოგვცა, რომ დავეხმაროთ ჩვენზე უმწეოებს. ეს ძაღლი, რომელიც ძალიან შეშინებულია და მთხოვს, ძირს არ დავსვა, ჩემი მეზობლის არის. ცხოველებს ძალიან ეშინიათ სტიქიური უბედურების და მისი მოახლოებისთანავე იბნევიან, ზოგჯერ უმისამართოდ გარბიან კიდეც. კრისტოფერიც ასე გაიქცა და ჩვენ გადავაწყდით. ნუთუ ვინმეს შეუძლია მითხრას, რომ არ უნდა დავხმარებოდი?" - წერდა კაცი და გულში იხუტებდა მოზრდილ ძაღლს, რომელიც მთელი სხეულით თრთოდა.

ჰოლანდია - სამოთხე ძაღლებისთვის

შეიძლება ჰოლანდიას ძაღლების სამოთხე ეწოდოს, რადგან ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ყველა მიუსაფარი ძაღლი გაჩუქდა. სახელმწიფომ კი არ დახოცა ძაღლები, გააჩუქა, დააბინავა.

ჰოლანდიის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც ოთხ ძირითად პრინციპს ეყრდნობა და პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან შედეგიანი გამოდგა. მიუღებელია მიდგომა, რომ ყველა ძაღლი გამრავლდეს. თუ გსურთ მომშენებელი იყოთ, სავალდებულოა ძვირადღირებული ლიცენზია შეიძინოთ, რის შემდეგაც ლეკვებს იაფად ვერ გაყიდით და ისინი ხელმისაწვდომი არ იქნებიან ნებისმიერი მსურველისთვის. თუ მომშენებელი არა ხართ, თქვენს ცხოველს კასტრაცია-სტერილიზაცია უნდა ჩაუტაროთ, ეს სერვისი უფასოა.

ჰოლანდიაში პატრონი ვალდებულია იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, შეუქმნას სათანადო პირობები და არ იძალადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ასცდება სამ წლამდე პატიმრობა და ჯარიმა 16.000 დოლარიდან. კანონი უმკაცრესია, ვინც თავის ცხოველს ქუჩაში მიატოვებს. გადასახადების გაზრდით ჯიშიანი ლეკვების გაძვირების შედეგად სახელმწიფომ მოსახლეობას უბიძგა, დიდი თანხის გადახდის სანაცვლოდ სასურველი ცხოველი თავშესაფრიდან აეყვანა. ამასთან, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით გაჩაღდა საინფორმაციო კამპანია. შედეგად, მილიონზე მეტმა უპატრონო ძაღლმა იპოვა უსაფრთხო საცხოვრებელი და მზრუნველი პატრონი. 2011 წლიდან ჰოლანდიაში მოქმედებს ცხოველთა პოლიციაც.

ცხოველთა მონიტორინგი ქართულად

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს არა მარტო მიუსაფარი ძაღლების, ქართული ნაგაზის გადარჩენის პრობლემაც ჰქონდა, საქართველოს კინოლოგიის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ჩვენი ენდემური საოცრების, ქართული ნაგაზის გადარჩენის საკითხს განვიხილავდით. მაშინ სიტყვას მოჰყვა და ბატონმა გიამ თქვა, რომ ორივე პრობლემის გადაჭრა მარტივი იქნებოდა მოქნილი საკანონმდებლო რეგულაციებით და მათი აღსრულების მექანიზმის დანერგვით: "მიუსაფარი ძაღლების პრობლემა კომპლექსურად უნდა მოგვარდეს და არა ერთი კონკრეტული ადგილის მიხედვით. უნდა შევიძინოთ ავტომობილები, სადაც ვეტერინარული მინიკლინიკები იქნება დამონტაჟებული, ვიაროთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და სადაც კი უპატრონო ძაღლს ვნახავთ, ყველა აღვრიცხოთ, ავცრათ როგორც ცოფზე, ისე ჭირსა და სხვა დაავადებებზე, გავასტერილოთ და გადავინაცვლოთ პატრონიან ძაღლებზე. ყველას არ უნდა ჰქონდეს ძაღლის გამრავლების ან შეძენის უფლება. ძაღლი, მით უფრო ჯიშიანი, არ უნდა იყოს ყველასთვის იოლად ხელმისაწვდომი და ცხოველის ყოლა უმკაცრესი რეგულაციებით უნდა კონტროლდებოდეს". გია გიორგაძეც და სხვებიც, ვისაც ამ პრობლემაზე გული შესტკივა, ამას ამბობენ წლების განმავლობაში, თუმცა ამაოდ. ცხოველთა მონიტორინგი ქართულად ერთ-ერთი ურთულესი სფეროა, სადაც, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო გიმძაფრდება ეჭვი, რომ საქმეს არც სპეციალისტები განაგებენ და საერთოდ, უფრო სპონტანურად მოქმედებენ, ვიდრე გააზრებულად. ფაქტია, თბილისში, სადაც ქუჩაში უამრავი მიუსაფარი ძაღლი გადარჩენას ცდილობს, მონიტორინგის სამსახური მათ აღრიცხვასაც ვერ ახერხებს. მეტიც, მე, მოქალაქე, ცხოველთა უფლებების დამცველი, რომელიც ქუჩაში მიუსაფარ ძაღლებს ვუვლი, ხშირად დავზარალებულვარ მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოშვებული დაავადებული ძაღლების გამო. ეს გასაცოდავებული ძაღლები ასნებოვნებენ როგორც ქუჩის ჯანმრთელ, ისე პატრონიან ძაღლებს. თავშესაფრის დეზინფექცია რატომღაც მარადიულ პრობლემად იქცა.

ჩვენ ძაღლის პატრონობა არ ვიცით

სანამ სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებისკენ ხელს გავიშვერთ და ცხოველების პატრონობას მოვთხოვთ, დავფიქრდეთ, როგორი საზოგადოება ვართ, პასუხისმგებლიანი, ცხოველის მოყვარული?

ზუგდიდში ერთ ცუგას, სახელად ბრილოს, რომელიც პატრონსა და თავშესაფარს ეძებდა, ვიღაცამ ცეცხლსასროლი იარაღი ორჯერ ესროლა. საბედნიეროდ, ძაღლი გადარჩა და ადგილობრივი ცხოველთამოყვარულებისა და ჰოლანდიური ორგანიზაცია Pawsome Pets-ის დახმარებით შემფარებელი ნიდერლანდებში უპოვეს. ცხოველთა დამცველის მარიამ შეყილაძის თქმით, ძაღლს ჰქონდა კანის პრობლემა, რის გამოც მოსახლეობას მისი ძალიან ეშინოდა, არავინ კვებავდა და განწირული იყო სიკვდილისთვის. გამოჯანმრთელების შემდეგ ის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის კორპუსთან ცხოვრობდა, სადაც მოსახლეობა და რამდენიმე ობიექტი კვებავდა, თუმცა ცხოველთმოძულე ადამიანები იქაც აღმოჩნდნენ. ერთ-ერთმა იარაღი რამდენჯერმე ესროლა. "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" ინიციატივით ფაქტის შესახებ პოლიციას ეცნობა და გამოძიებაც დაიწყო. თუმცა ასეთი საქმეები უმეტეს შემთხვევაში გამოძიებას რატომღაც ბოლომდე არ ან ვერ მიჰყავს და ბრილოც მხოლოდ ერთ-ერთია უამრავ მიუსაფარ, მიტოვებულ და გაუბედურებულ ძაღლთაგან.

ჯიშიანი ძაღლების გამოფენა

16-17 ოქტომბერს სპორტის სასახლის დიდ დარბაზში საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ორგანიზებით ყველა ჯიშის ძაღლების საერთაშორისო გამოფენა CAC-CACIB FCI ჩაAტარდება. გამოფენაში მონაწილეობენ ფედერაციაში და მის წევრ კლუბებში დარეგისტრირებული 70-ზე მეტი საერთაშორისოდ აღიარებული ჯიშების წარმომადგენლები და ასევე ჯიშიანი ძაღლები უცხოეთიდან. საქართველოში ამ ტიპის გამოფენები 1997 წლიდან იმართება. აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, გამოფენა არც 2020 წელს ჩავარდნილა და წელსაც გაიმართება. ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძის განცხადებით, წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებით მაღალი დონის მსაჯები ეყოლება. საქართველოს ეწვევიან მსოფლიო კინოლოგიური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გერარდ იპინგი, ტატიანა ურეკი და დუშან პაუნოიჩი.