„მოვედი პიანინოთი, ჯერ მუსიკალური სმენა შევუმოწმე, შემდეგ კი შევასრულე მუსიკა ყველასთვის საყვარელი ფრანგული ფილმიდან “სათამაშო”
ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებულმა კანდიდატმა საბურთალოს ოლქში, ბორის ყურუამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო.
მან ადგილზე პიანინო მიიტანა და დაუკრა, რითაც როგორც თავად ამბობს, "სუსი-ს მუსიკალური სმენა" შეამოწმა.
მისივე თქმით, სუსი არის ბიძინა ივანიშვილის სათამაშო და მხოლოდ იმას აკეთებს, რაც მას სურს.
"მოვედი პიანინოთი, ჯერ მუსიკალური სმენა შევუმოწმე, შემდეგ კი შევასრულე მუსიკა ყველასთვის საყვარელი ფრანგული ფილმიდან "სათამაშო", რადგან ეს კანტორა არის ბიძინა ივანიშვილის სათამაშო და მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც ამ კაცს უნდა. მგონია, რომ იმაზე პასუხს აქვთ თუ არა მუსიკალური სმენა მაშინ გავიგებთ, როცა შემდგომში ვინმეს ისევ ეყოფა გამბედაობა რომ სუსის ფაილები გამოაქვეყნოს და გვაჩვენოს რას საქმიანობენ ისინი. თუ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ასეთი ფაილების ავთენტურობა, თუმცა ჩვენ არანორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც საგამოძიებო ორგანოებიც იმ კანტორას ეკუთვნის, რომელიც მოსმენებზე მუშაობს. შესაბამისად, ამ გამოძიებას და მათ დასკვნას არ ვენდობი. საზოგადოება თავად გადაწყვეტს, სიმართლე არის თუ არა ეს ყველაფერი", - განაცხადა ყურუამ.