ირანმა ტანკები აზერბაიჯანის საზღვარს მიაყენა - რატომ დაიძაბა თეირან-ბაქოს ურთიერთობები?
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქვეყნის ჩრდილოეთით, აზერბაიჯანის სამხრეთ საზღვართან ტანკებისა და საარტილერიო დანადგარების გადასროლა განახორციელა, რასაც თეირანში სამხედრო სწავლების დაწყებით ხსნიან.
მაგრამ რეალობაში სახეზეა ირან-აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს ურთიერთობების გარკვეულწილად დაძაბვა, რასაც თავისი ისტორიული მიზეზებიც აქვს, რასაც ახალი გარემოებებიც დაემატა.
ერთი წლის წინ, ყარაბაღის ბოლო ომის დროს, მას შემდეგ, რაც საქართველომ თავისი სახმელეთო და საჰაერო გზები ჩაკეტა მებრძოლი მხარეებისთვის სამხედრო დანიშნულების ტვირთების სატრანზიტოდ (რეალობაში როგორ შეჩერდა ეს ტრანზიტი, სხვა საქმეა), სომხეთი რუსეთიდან სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთებს კასპიის ზღვისა და ირანის ტერიტორიის გავლით ღებულობდა, რაც ბუნებრივია, ოფიციალური ბაქოს სერიოზულ გაღიზიანებას იწვევდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ირანის ჩრდილოეთში მაცხოვრებელმა აზერბაიჯანელებმა ერევანში მიმავალი რუსული "კამაზების" კოლონაც კი დაწვეს...
ყარაბაღის მესამე ომის დროს აზერბაიჯანის არმიამ მთავარი შეტევა სამხრეთიდან, ირანის საზღვრის გაყოლებით განახორციელა, რა დროსაც ათეულობით საარტილერიო ჭურვი და რამდენიმე დრონი ირანის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა (ისე, ჩვენც გვაქვს გასახსენებელი ამ ომის დროს კახეთში ჩამოვარდნილი ორი დრონი, რომელთა აფეთქებამაც, საბედნიეროდ, არავინ შეიწირა), რის გამოც თეირანმა, თავის მხრივ, ბაქოს პროტესტი განუცხადა.
ყარაბაღის ბოლო, 44-დღიანი ომის დამთავრების შემდეგ, აზერბაიჯანმა, ფაქტობრივად, აღადგინა საბჭოთა დროინდელი საზღვარი და ისე აღმოჩნდა, რომ ირანიდან ერევნისკენ მიმავალი გორისი-კაპანის საავტომობილო გზა სიუნიქის რაიონში (რომელსაც აზერბაიჯანელები ზანგეზურად მოიხსენიებენ), ერთ მონაკვეთზე, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
აზერბაიჯანმა ამ მონაკვეთზე სასაზღვრო საკონტროლო პუნქტი და საბაჟო გახსნა და ირანული სატვირთო ავტომობილების მძღოლებს საბაჟო გადასახადს ახდევინებს, რაც ირანული მხარის გაღიზიანების კიდევ ერთ გარემოებად იქცა.
სიმართლე რომ ითქვას, აზერბაიჯანს ისე არ უჭირს ფინანსურად, რომ ბიუჯეტის გასაზრდელად ირანელი მძღოლების საბაჟო მოსაკრებლებს დახარბებოდა. აქ უფრო დიდი პოლიტიკური და, თუგინდ, სამხედრო გათვლაა ჩადებული.
საქმე ის არის, რომ ყარაბაღში, სტეფანაკერტსა და კიდევ ორიოდე პატარა ქალაქში დარჩენილი სომხური ანკლავის (რომელთა არსებობას ჯერჯერობით იქ შეყვანილი რუსი სამხედროები უზრუნველყოფენ) მომარაგება ისევ სომხეთიდან ხდება, ლაჩინის დერეფნის გავლითა და რუსი "მშვიდობისმყოფელების" გაცილებით.
აზერბაიჯანის დაზვერვამ (რომელიც, სხვათა შორის, კარგად მუშაობს სომხეთშიც, ირანშიც და ჩვენთანაც, საქართველოში) ადვილად დააფიქსირა, რომ ლაჩინის დერეფნის გავლით სომხური ანკლავისკენ მიმავალ სატვირთო ავტომობილებში ბევრად ჭარბობს ირანული მანქანები (მიუხედავად იმისა, რომ სომხური მხარე ამის მიჩქმალვის მიზნით ირანულ "ფურებს" სომხურ ნომრებს უყენებდა), რომელთა შემოწმებას რუსი სამხედროები თავიანთ ბლოკ-პოსტებზე თითქმის არ ახდენენ.
შესაბამისად, ოფიციალური ბაქო ეჭვობს, რომ ირანიდან ამ სატვირთო "ფურებით" ყარაბაღის სომხურ ანკლავში შეიძლება იარაღი და საბრძოლო მასალებიც შედიოდეს, რომელთა მარაგის შევსება ომიდან ერთი წლის შემდეგ, ჰაერივით სჭირდებათ ადგილობრივ სომხურ შეირაღებულ დაჯგუფებებს.
უშუალოდ ლაჩინის დერეფანში სტეფანაკერტისკენ (აზერბაიჯანელები ამ ქალაქს მხოლოდ ჰანკენდად მოიხსენიებენ) მიმავალი სატვირთო ავტომობილების შემოწმება რუსი სამხედროების პრეროგატივაა, ამიტომაც აზერბაიჯანელებმა ნახეს გამოსავალი და ირანიდან ერევნისკენ მიმავალი სტრატეგიული გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც მათი კონტროლის ზონაში მოექცა, ირანული სატვირთო "ფურების" ტოტალური კონტროლი დაიწყეს და რამდენიმე ირანელი მძღოლი დააკავეს კიდეც, რომელთა დაუყოვნებლივ განთავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სომხეთის სპეცსამსახურები ირანელ მძღოლებს შემოვლით გზას ასწავლიან, რომ არ მოუწიოთ აზერბაიჯანულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გასვლა, მაგრამ ეს შემოვლითი, გრუნტის გზა ძალიან რთული დასაძლევია ათეულტონიანი სატვირთო "ფურებისთვის" და რამდენიმე მათგანმა ავარია უკვე განიცადა ამ შემოვლით გზაზე.
ზემოხსენებული ყველა ფაქტი და ის მთავარი გარემოებაც, რასაც აზერბაიჯან-ისრაელის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა ქმნის (სხვა თუ არაფერი, ისრაელის წარმოების სადაზვერვო და "კამიკაძე" დრონებმა, ასევე, ტანკსაწინააღმდეგო "სპაიკებმა", ყარაბაღის ბოლო ომში აზერბაიჯანის არმიის გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანეს), თეირან-ბაქოს ურთიერთობებს საკმაოდ დაძაბულად აქცევს, რისი გაღრმავებაც ძალიან სურს სომხეთს.
ფაქტია, რომ მუსლიმანურ ირანს გრიგორიანულ სომხეთთან ბევრად კარგი ურთიერთობა აქვს (იმის მიუხედავადაც, რომ ყარაბაღის პირველი ომის დროს, 1994 წლის 17 მარტს, სომეხმა მეზენიტეებმა სტეფანაკერტის სიახლოვეს ირანის კუთვნილი "ჰერკულესი" ჩამოაგდეს, რომელსაც მოსკოვიდან თეირანში 32 ადამიანი მიჰყავდა, მათ შორის - ირანელი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები), ვიდრე ასევე მუსლიმანურ აზერბაიჯანთან და თეირანი, ღიად თუ ფარულად, გააგრძელებს ერევნის სამხედრო გაძლიერებას...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს