"შოიგუს პუტინის მემკვიდრედ გამოცხადების ყველაზე მეტი შანსი აქვს: ვინ არის რუსეთის თავდაცვის მინისტრი?" - რას წერს ხორვატული გამოცემა?
ხორვატულ ცნობილ გამოცემა Advance-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "სერგეი შოიგუს ვლადიმერ პუტინის მემკვიდრედ გამოცხადების ყველაზე მეტი შანსი აქვს" (ავტორი - ანტუნ როშა), რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი რუსეთის მომავალი ლიდერის თაობაზე. პუბლიკაციაში განხილულია სერგეი შოიგუს კანდიდატურა, გადმოცემულია როგორც მისი ბიოგრაფიის მომენტები, ასევე, დასახელებულია პოპულარობის მიზეზები. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
"ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი პირველად საკმაოდ დიდი ხნის წინ გახდა - 2000 წელს. მსოფლიო მაშინ სხვანაირი იყო და არც რუსეთი იყო დანარჩენი ქვეყნებისაგან გამონაკლისი. ვლადიმერ პუტინის არჩევა მოხდა ჯერ კიდევ აშშ-ზე ტერორისტულ შეტევამდე, რომელმაც შემდეგ დასაბამი მისცა ამერიკის შეჭრას ერაყსა და ავღანეთში. ამ მოვლენებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა არა მარტო მსოფლიოს გეოპოლიტიკაზე, არამედ - მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობაზეც. თუ დღევანდელ ურთიერთობას იმდროინდელს შევადარებთ, 2000 წლამდე ორი სახელმწიფოს ერთმანეთთან დამოკიდებულებას იდილიურიც კი შეიძლება, ვუწოდოთ.
რა თქმა უნდა, ურთიერთობები მთლად იდეალური არ იყო, მაგრამ ამერიკა რუსეთს ისეთ ქვეყნად თვლიდა, რომელიც მისთვის ცივი ომისდროინდელ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. უფრო მეტიც - აშშ რუსეთში ახალ ეკონომიკურ პარტნიორს ხედავდა, პროდუქციის გასაღების ბაზრის სახით. რუსეთის უბრალო მოქალაქეებისათვის ეს ნიშნავდა შოკური დოქტრინის დასასრულს ანუ სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლას. ისინი ხედავდნენ, რომ 1990-იან წლებში ადამიანთა მცირერიცხოვანი გავლენიანი ჯგუფი (ოლიგარქები) ზღაპრულად მდიდარი გახდა, ხალხის დიდი ნაწილი კი - გაღატაკდა.
რუსეთის პირველმა მმართველმა (სსრკ-ის დაშლის შემდეგ) ბორის ელცინმა ბევრი რამ გააკეთა ქვეყნის ისეთი მომავლისათვის, რითაც დასავლეთი აშკარად კმაყოფილი იყო - მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და ამერიკაში მშვენივრად ესმოდათ, რომ ბორის ნიკოლაევიჩი "არასტაბილურ" პრეზიდენტს წარმოადგენდა. და როცა მისი მმართველობის ორმანდატიანი ვადა ამოიწურა, დადგა დრო, მას თავისი მემკვიდრე მოეძებნა. ბორის ელცინმაც თავისი უახლოესი თანამებრძოლი - ვლადიმერ პუტინი შეარჩია, რომელიც იმ დროს - 1999 წელს - 47 წლისა იყო.
კრემლის "რჩეულის" სახელით ვლადიმერ პუტინმა ადვილად გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში და ხმების 53,4% მიიღო. იმ დროს დასავლეთში არავის არანაირი კითხვა არ უჩნდებოდა, თუ რამდენად "დემოკრატიული და ღირსეული" იყო ეს არჩევნები. დასავლეთი კმაყოფილი იყო იმით, რომ ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა და არა - მისმა მოწინააღმდეგემ, კომუნისტმა გენადი ზიუგანოვმა, რომელიც მიღებული ხმების რაოდენობით (29,5%) მეორე ადგილზე აღმოჩნდა.
აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა მოგვიანებით დაიძაბა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ვლადიმერ პუტინს "თავში აზრად მოუვიდა" იდეა რუსეთის აღორძინებაზე და ამის გაკეთება ისე მოისურვა, რომ მისი ქვეყანა, თუნდაც უკვე კაპიტალისტური რუსეთი, მხოლოდ დასავლეთის ინტერესების სამსახურში არ ყოფილიყო. დაძაბულობა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც 10 წლის წინ რუსეთმა მხარი დაუჭირა სირიას და მის ლიდერს - ბაშარ ასადს, რომელიც დასავლეთს "შავ სიაში" ჰყავდა შეყვანილი და მისი რეჟიმის შეცვლა იყო დაგეგმილი. დასავლეთთან დაძაბულობის პიკმა კი 2014 წელს მიაღწია, რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის მიტაცების გამო. მას შემდეგ ჩვენ მოწმენი ვართ აშშ-რუსეთს შორის უთანხმოების ზრდის პროცესისა და საეჭვოა, იმის იმედი, რომ მათი ურთიერთობა 1990-იანი წლების კვაზიიდილიურ პერიოდს დაუბრუნდება. მაქსიმუმი, რასაც უნდა ველოდოთ დადებითი თვალსაზრისით, ესაა პრაგმატული ურთიერთობის აწყობა ცალკეული, ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებში. და ეს შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ დროს, როცა აშშ გარკვეულ დასუსტებას დაიწყებს (ახლა, როგორც ჩანს, სწორედ ასეთი სიტუაციის მოწმენი ვართ, ამერიკელების ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ).
ვლადიმერ პუტინი მრავალი წელია, "რუსული იმპერიის მმართველის ტახტზე" ზის. იგი ქვეყნის პრეზიდენტად, პრინციპში, განუწყვეტლივ - 2000 წლიდან - დღემდე რჩება: მართალია, 2008-2012 წლებში იგი პრემიერ-მინისტრად მუშაობდა, პრეზიდენტი კი დიმიტრი მედვედევი იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ყველას კარგად ესმოდა, რომ მედვედევს პუტინის გარეშე არაფერის გაკეთება არ შეეძლო და პრეზიდენტის სავარძელიც პუტინისთვის ჰქონდა "დაკავებული".
დღეისთვის ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლება კიდევ უფრო განიმტკიცა, შეცვალა კონსტიტუცია, რომელიც მას თეორიულად უფლებას აძლევს, ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს (თუ იგი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას). დღეს პუტინი 68 წლისაა, 2036 წლისათვის კი იგი 83 წლისა შესრულდება. ნუთუ მართლაც ასე დიდი ხნით გეგმავს იგი ქვეყნის მართვას?
ფაქტი ისაა, რომ ვლადიმერ პუტინის პოპულარობა რუსეთში ისეთი აღარ არის, როგორიც 7-8 წლის წინ იყო.
არიან ისინი, რომლებიც თვლიან, რომ ვლადიმერ პუტინი, ალბათ, თავის მემკვიდრეს იპოვის, შეარჩევს და თვითონ 2036 წლამდე ქვეყნის ლიდერი აღარ იქნება. თვითონ მას მსგავსი რამ საჯაროდ არასოდეს უთქვამს და სავარაუდო მემკვიდრე არასოდეს დაუსახელებია. შესაბამისად, უკვე დიდი ხანია, სხვადასხვა ვარაუდი გამოითქმება იმაზე, თუ ვინ იქნება პუტინის "რჩეული" პიროვნება. ცხადია, ბევრი იდეა და მოსაზრება იცვლება ხოლმე გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მაგრამ სულ უფრო ხშირად ისმის ხმები, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური მემკვიდრე მისივე ახლო თანამებრძოლი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იქნება.
კაცმა რომ თქვას, სერგეი შოიგუ მართლაც შეიძლება პუტინის მემკვიდრე გახდეს - თავდაცვის მინისტრი ხომ რუსეთის შიდაპოლიტიკურ არენაზე მეორე პოპულარული პიროვნებაა, პრეზიდენტის შემდეგ. გარდა ამისა, შოიგუ არაჩვეულებრივი ადამიანია რუსულ პოლიტიკურ ზედაფენაში, "მწვერვალზე": მიუხედავად იმისა, რომ მის სახელსა და გვარს თითქოსდა რუსული ელფერი აქვს, სინამდვილეში, სერგეი შოიგუ წარმოშობით ტუვის რესპუბლიკიდანაა, რომელიც მონღოლეთის საზღვართან მდებარეობს. ტუვა რუსეთის ეგზოტიკური რეგიონია, ხოლო სერგეი შოიგუ - ერთ-ერთი პიროვნებაა იმ მცირერიცხოვანი ეთნიკური წარმომადგენლებიდან, რომლებსაც რუსეთში ესოდენ მაღალი მდგომარეობა უკავიათ. სანამ თავდაცვის მინისტრი გახდებოდა, იგი საგანგებო სიტუაციათა მინისტრი იყო, შემდეგ კი - მოსკოვის ოლქის გუბერნატორი.
სერგეი შოიგუს სახელი უეჭველია, დღეს რუსეთში (და მსოფლიოშიც) ყველამ კარგად იცის. რაც უფრო მეტად აქტიურობს რუსეთი საერთაშორისო არენაზე, მით უფრო მეტს ლაპარაკობენ სერგეი შოიგუს შესახებ: მისი სახელი ისმის როგორც სირიის ომთან დაკავშირებით, სადაც რუსეთმა საკვანძო როლი შეასრულა, ასევე - ამასწინანდელი სამშვიდობო მისიების რეალიზების პროცესშიც (აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში).
რა თქმა უნდა, სერგეი შოიგუს თავის მშობლიურ ტუვაში ეროვნულ გმირად თვლიან. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ტუველი მას თითქმის სუბედეის რეინკარნაციად მიიჩნევს - იმ მონღოლ მთავარსარდლად, რომელმაც რვა საუკუნის წინათ თანამედროვე რუსეთისა და უკრაინის ტერიტორია გააუკაცრიელა (სუბედეი, ჩინგიზ-ხანის - თემუჩინის უახლოესი თანამებრძოლი იყო, რომელიც 1220 წელს საქართველოშიც შემოიჭრა და მეფე გიორგი IV ლაშას ჯარი დაამარცხა - ს.კ.).
თავისი კარიერა სერგეი შოიგუმ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე. უკვე ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთ-ერთი "დიდი ხნის მაცხოვრებელია" რუსეთის მმართველ წრეებში. სერგეი შოიგუ 36 წლის იყო, როცა 1991 წელს მინისტრი გახდა და მან ამ თანამდებობაზე თავი ძალიან მარჯვე მმართველად გამოავლინა, უწყებას ეფექტიანად მართავდა და ის, თითქმის, სამხედრო სტრუქტურად გადააქცია, მკაცრი წესებით. ამიტომაც ახალგაზრდა სერგეი შოიგუ უკვე პოპულარული იყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ ქვეყნის პრეზიდენტად პუტინი გახდებოდა.
სერგეი შოიგუ 1955 წლის 21 მაისს ტუვის პატარა ქალაქ ჩადანში დაიბადა (მოსახლეობა - 9 ათასი ადამიანი). მამამისი, სახელად კუჟუგეთი, ეთნიკურად ტუველი იყო, დედა კი, ალექსანდრა (ქალიშვილობის გვარი კუდრიავცევა) იაკოვლევა - რუსი, უკრაინაში დაბადებული. სკოლის დასრულების შემდეგ სერგეი შოიგუ კრასნოიარსკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა, სადაც ინჟინრის დიპლომი მიიღო. იგი ათი წლის განმავლობაში საბჭოთა ქვეყნის სხვადასხვა მშენებლობაზე მუშაობდა. პოლიტიკაში 1980-იანი წლების ბოლოს მოვიდა და შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი პოსტი დაიკავა იმდროინდელი მმართველი კომუნისტური პარტიის ერთ-ერთ რეგიონულ ორგანიზაციაში (იყო აბაკანის ქალაქკომის მეორე მდივანი), შემდეგ კი - კრასნოიარსკის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი გახდა.
1990 წელს სერგეი შოიგუ მოსკოვში ჩავიდა, სადაც იგი რსფსრ-ის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, შემდეგ კი, როგორც უკვე ვთქვით, საგანგებო სიტუაციათა მინისტრად. ამ პოსტმა მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა და არცთუ უსაფუძვლოდ - შოიგუ მართალაც ეფექტიანად მუშაობდა: სადაც კი წყალდიდობა, მიწისძვრა თუ ტერაქტი მოხდებოდა, იგი დაუყონებლივ პირადად ჩადიოდა ადგილზე და უბედურებების შედეგთა ლიკვიდაციას ყველანაირ ვითარებაში თვითონ ხელმძღვანელობდა.
1990-იანი წლებიდან სერგეი შოიგუს რუსეთის მმართველი პარტიის - "ედინაია როსიას" ერთ-ერთ ლიდერად ვხედავთ... 2012 წლიდან კი იგი თავდაცვის მინისტრი ხდება.
დღეს ეს ადამიანი, რასაკვირველია, პოპულარობას ჰმატებს მმართველ პარტიას, რომელიც ბოლო დროს თავის მომხრეებს კარგავს.
ეჭვგარეშეა, ვლადიმერ პუტინს ჰყავს მემკვიდრე-ფავორიტი შერჩეული, რაც, პრაქტიკულად, აუცილებელია იმის გათვალისწინებით, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იგი მოულოდნელად გარდაიცვლება, ქვეყანაში ქაოსი გაბატონდება. ჯერჯერობით მემკვიდრის სახელი სასტიკად გასაიდუმლოებულია და, რა თქმა უნდა, მანამდე არ იქნება გამხელილი, სანამ პუტინი ცოცხალია ან თვითონ არ განაცხადებს გადადგომას (პენსიაზე გასვლას).
სერგეი შოიგუ ხშირად არის პუტინთან ერთად, პოლიტიკისგან დასვენების დროს. მათ, ორივეს უყვარს ბუნებაში ხეტიალი, ნადირობა, სალაშქრო პირობები... ვლადიმერ პუტინი ჯერჯერობით პირველ პლანზეა, მაგრამ მასთან თითქმის მუდმივად ჩანს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. ბევრს ესმის, რომ ფოტოსურათები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა, იქ შემთხვევით არ არის გამოქვეყნებული. რასაკვირველია, ბუნებრივად იბადება აზრი, რომ სწორედ სერგეი შოიგუ იქნება ის პიროვნება, ვისზეც სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ რუსეთის მომავლის გამოცნობის მცდელობისას. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ