"ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების ადგილსამყოფელის დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს" - კვირის პალიტრა

"ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების ადგილსამყოფელის დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს"

"ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ბრალდებულების ადგილსამყოფელის დასადგენად", - ამის შესახებ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პროკურორის თქმით, რა გახდა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

"სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და შესაბამისად გამოიყენება აღკვეთის ღონისძიება.

რაც შეეხება ბრალდებულების ძებნას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულების ადგილსამყოფელის დასადგენად.

დადგენილია ის გარემოება, რომ აღნიშნული მკვლელობა უშუალოდ ჩადენილია ამ ორი პირის მიერ. თანამზრახველებზე, მოტივზე და კავშირში მყოფ პირებზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები" , - განაცხადა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა და კითხვაზე ბრალდებულებს ეძებენ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ აღნიშნა, რომ "ჩვენ ვეძებთ ყველგან".

რაც შეეხება დაცვის მხარეს, აკო ჭელიძის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე ამ ეტაპისთვის საქმეში დანაშაულის მოტივი დადგენილი არ არის და აღნიშნავს, რომ ოფიციალური ვერსია რის გამო მოხდა ეს ფაქტი მასალებიდან არ ჩანს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 15 ნოემბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.