"ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი": რა საბედისწერო შეცდომას უშვებს აშშ-ის ადმინისტრაცია ტერორიზმთან ბრძოლის დროს?
"ფარული მიყურადების" მრავალსერიანი სკანდალი გრძელდება და საქართველოში სხვა განსახილველი საკითხი თითქოს არცაა. არჩევნებამდე, ალბათ, არც იქნება. შემდეგ კიდევ ერთი არჩევნები, შემდეგ კიდევ... და ასე დაუსრულებლად. "არჩევნებიდან - არჩევნებამდე": სკანდალებსა და ურთიერთბრალდებებს რა გამოლევს?
სამი ათეული წელია, "პროვინციალიზმის ნაჭუჭში" ვართ შეკეტილები და გვგონია, დედამიწაზე ჩვენს გარშემო ბრუნავს. ამ დროს კი მსოფლიო ვითარდება და აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებთან ერთადაც 1990-იანი წლებიდან რეფორმები "დავიწყეთ", ჩვენზე გაცილებით წინ არიან. ჩვენი "ნაჭუჭიდან" იმ გლობალურ პრობლემებსაც ვერ ვხედავთ, რომლებიც მსოფლიოს დღის წესრიგშია. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა საერთაშორისო ტერორიზმი და მასთან ბრძოლაა.
"თალიბანის" მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საომარი მოქმედებები და მძიმე ტექნიკის გამოყენება ტერორისტების გასანადგურებლად არაეფექტიანი მეთოდია. ამიტომ აშშ-ის ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ავღანეთში წინასწარ იყო განწირული მარცხისთვის. ამერიკელებმა ვერ შეძლეს არმიის ხისტი სამხედრო მოქმედებების ნაცვლად, ზუსტი წერტილოვანი ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება, რაც მათი სპეცსამსახურების სისუსტედ უნდა ჩაითვალოს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით აშშ-ის სპეცსამსახურები აშკარად მარცხდებიან ტერორიზმთან ბრძოლაში, რასაც, ჩემი აზრით, რამდენიმე მიზეზი აქვს. მთავარი შეცდომა ანტიტერორისტული ოპერაციების ორგანიზაციისაა და დაგეგმვის დაბალი დონე, აგენტურული დაზვერვის არყოლა, "ბოევიკების" წინააღმდეგ არმიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენება და "დრონებით" შეტევების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლია. ერთ-ერთი ამგვარი ტრაგიკული შემთხვევა სულ ახლახან მოხდა.
29 აგვისტოს აშშ-მა ქაბულში დრონით საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რომლის მიზანი, შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელი ტერორისტის ავტომობილი იყო, რომელიც ქაბულის აეროპორტს საფრთხეს უქმნიდა. მაშინ ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ ავტომობილში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, რის გამოც თავდასხმას ძლიერი აფეთქებები და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვაო. დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა კი არ დაუკონკრეტებიათ. თუმცა მაშინვე გავრცელდა ვერსია, რომ ავტომობილით არა ტერორისტები, არამედ - ერთი უბრალო, მრავალშვილიანი ავღანური ოჯახი გადაადგილდებოდა.
გავიდა სამიოდე კვირა და თავად აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, საზღვაო ქვეითთა კორპუსის გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა, რომ დრონის საშუალებით განხორციელებულ თავდასხმას 10 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის - 7 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა და ეს "ტრაგიკული შეცდომა" იყოო. ხოლო აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თავდასხმას შეცდომა უწოდა, ბოდიში მოიხადა და თან დაამატა: უნდა ვისწავლოთ ამ საშინელ შეცდომებზეო. ამავე დროს, აშშ-ის ხელისუფლება ფულადი კომპენსაციის გადახდასაც აპირებს. თუმცა ეს რას შეცვლის? ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ აშშ-ის მოწინააღმდეგეთა (და პოტენციურ თვითმკვლელთა) რიცხვს კიდევ რამდენიმე ათეული "შაჰიდი" რომ დაემატოს, გასაკვირი იქნება?
ერაყში, ავღანეთში და სირიაში ამერიკელთა და მოკავშირეთა პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ დაზვერვის დაბალი დონეა.
აშშ-ის ხელისუფლების უმთავრესი შეცდომა კი ისაა, რომ ამერიკის სპეცსამსახურებს არ ჰყავთ საიმედო, ფარული აგენტების საჭირო რაოდენობა, განსაკუთრებით აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში განლაგებულ ტერორისტულ ორგანიზაციებში.
დაზვერვის რომელ სახეობას: თანამგზავრებიდან, რადიოელექტრონულს თუ აგენტურულს უნდა მიეცეს უპირატესობა ტერორიზმთან ბრძოლის დროს?
ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის გადაუმოწმებლობას ბევრჯერ მოუტანია სავალალო შედეგი.
"თალიბანისა" და "ისლამური სახელმწიფოს" მაგალითი გვიჩვენებს, თუ რაოდენ უსუსური შეიძლება გახდნენ მსოფლიოს უძლიერესი სპეცსამსახურები, როცა უდიდეს სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებენ და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, ოპერატიულ-აგენტურული მეთოდების ფართო არსენალიდან, აშკარა და გამოკვეთილ უპირატესობას ოპერატიული ტექნიკის გამოყენებას მიანიჭებენ. ფარული მოსმენების (კოსმოსური თანამგზავრიდან, ფიჭური თუ ჩვეულებრივი ტელეფონებიდან) გზით ინფორმაციის მოპოვება ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ის არ იქნა გაჯერებული აგენტურული ანუ "ცოცხალი წყაროებიდან" მოპოვებული ინფორმაციით, მაშინ საბედისწერო შეცდომის დაშვების ალბათობა ძალზე დიდია. ასე მოხდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების დროს, როცა აშშ-ის სპეცსამსახურებს - ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს, გამოძიების ფედარალურ ბიუროსა და ეროვნული უშიშროების სააგენტოს მომავალი ტერაქტების შესახებ ელექტრონული დაზვერვის შედეგად მიღებული სხვადასხვა "ინფორმაციული ნაგლეჯები" ჰქონდათ, მაგრამ ვერ შეძლეს ერთიანი სურათის შექმნა და ტერორისტების მოქმედებათა პროგნოზირება.
ამჟამად ტექნიკური საშუალებებით იმდენი ინფორმაციის "დაჭერა" ხდება, რომ მათი გადამუშავება ფიზიკურად ვეღარ ხერხდება და მთავარ პრობლემად ინფორმაციის ანალიზი იქცა. ამ დროს ვერ ესწრება ინფორმაციის ამ დიდი მასივის ერთმანეთთან დაკავშირება, ტერორისტთა შემდგომი სვლების გათვლა და შემდგომი მოქმედების პროგნოზირება. აგენტურული და ტექნიკური დაზვერვები ავსებენ ერთმანეთს, თუმცა პირველს მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია, რასაც კოსმოსური მზვერავ-თანამგზავრიდან და სატელეფონო მოსმენებიდან ვერ დაადგენ, კერძოდ: ტერორისტთა მეთაურების ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრა; მათი მოქმედებების მეთოდებისა და ტაქტიკის შესწავლა; ფინანსური რესურსებისა და იარაღის მიღების წყაროებისა და არხების გამოვლენა; ტერორისტთა გადაადგილების, მათი სასწავლო ბაზებისა და დროებითი ბანაკების ზუსტი განლაგების დადგენა. ამ ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ტერაქტამდე უნდა მოხდეს, რათა ტერორისტებმა მიზნის მიღწევა ვერ შეძლონ.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ აგენტურულ მუშაობაზე ყურადღების შემცირება რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული.
ჯერ ერთი, 1960-90-იან წლებში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის არნახულმა წარმატებებმა "დათვური სამსახური" გაუწიეს მსოფლიოს წამყვან სპეცსამსახურებს. დაირღვა ბალანსი ტექნიკურ და აგენტურულ დაზვერვებს შორის - პირველის სასარგებლოდ. ჩამოყალიბდა სტერეოტიპი და მითი იმის შესახებ, რომ: "თუ კოსმოსური მზვერავ-თანამგზავრიდან ასანთის კოლოფს დავინახავთ და ავტომობილის ნომრებს წავიკითხავთ, მაშინ ტერორისტები ვეღარ გაგვექცევიან".
მეორე მიზეზი კი, თვით ტერორისტების მიერ ტაქტიკის შეცვლაა.
ტერორისტებმა უკვე დიდი ხანია, გაშიფრეს სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი სპეცპროგრამები, რომელიც განსაკუთრებულ სიტყვებზე ("პრეზიდენტი", "ბომბი" და სხვ.) რეაგირებს და ამ საუბრებს ავტომატურ რეჟიმში იწერს. "ალ-ქაიდა","ჰეზბოლა" და სხვა ტერორისტული და ექსტრემისტული ჯგუფები უკვე მოსმენებისაგან მაქსიმალურად დაცულ კავშირგაბმულობის არხებს და ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ ან საუბრის დროს ადრევე დათქმულ პირობით ტერმინებს ხმარობენ, როცა "პრეზიდენტი" - სანტექნიკოსი, "ბომბი" -კი ტყემალია.
ისიც უნდა ითქვას, რომ სპეცსამსახურებს უდიდესი ობიქტური პრობლემები ჰქონდათ და აქვთ ტერორისტულ ჯგუფებში აგენტურის შეგზავნისა და იქ დამკვიდრების მხრივ. ობიექტურობა მოითხოვს, რომ აღინიშნოს: დიქტატორული რეჟიმების ქვეყნებში აგენტურული მუშაობა ისტორიულად ურთულესი საქმეა. ერაყის, სირიის და ავღანეთის, როგორც კლასიკური აღმოსავლური ავტორიტარული ქვეყნების მნიშვნელოვანი სპეციფიკა ისაა, რომ აგენტურული შეღწევა ასეთ ქვეყნებში თითქმის შეუძლებელი იყო და არის. იქ არ არსებობს რეალური და ძლიერი შიდა ოპოზიცია, რომელთანაც შეიძლება ოპერატიული მუშაობა და კარგი სადაზვერვო პოზიციების მოპოვება-გამაგრება, გართულებული არის ინფორმაციის სანდო წყაროს გადმობირება. ამ ქვეყნებში, ფაქტობრივად, სახეზეა საბჭოთა კავშირის 1950-1990 წლების ჩაკეტილი ადმინისტრაციული მოდელი - "რკინის ფარდა", მხოლოდ უფრო რთული - აღმოსავლური სპეციფიკით.
ბევრი გადაბირებული აგენტი, შეაღწევდა თუ არა ტერორისტულ ორგანიზაციაში, სწრაფადვე მათ მხარეს გადადიოდა, რაშიც გადამწყვეტი მომენტი რელიგიური ფაქტორი იყო. ტერორისტულ ჯგუფებში აგენტურული მუშაობის დამაბრკოლებელია, აგრეთვე, იქ არსებული ღრმა ნათესაური კავშირი და გადაწყვეტილებების მიმღები ხელმძღვანელი ჯგუფის მცირერიცხოვნობა. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მრავალწლიანი ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ "ალ-ქაიდას" ჯგუფებში მყოფი ტერორისტების 60%-ზე მეტი მრავალი წლის მანძილზე იცნობდა ერთმანეთს, ხოლო 20% კი - ნათესავები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციების ქსელთან მრავალ ათას ტერორისტსა და დამხმარე პირს აქვს მჭიდრო კავშირი, საბოლოო გადაწყვეტილებას ტერაქტების ჩატარებაზე 20-30 კაცისგან შემდგარი, ძალზე ღრმა კონსპირაციაში მყოფი ჯგუფი იღებს, რომელსაც სულ რამდენიმე პიროვნება აკონტროლებს. ძველი ხალხური სიბრძნე გვასწავლის: "მინდორში თაგვს ლომზე უკეთ კატა იჭერს". წარმატებული ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება მხოლოდ პატარა, მობილურ ჯგუფებს ძალუძთ, რომლებიც უახლესი სპეციარაღით და კავშირის საშუალებებით არიან აღჭურვილნი, კარგად იცნობენ ტერორისტების მოქმედებებს და რაც მთავარია, აქვთ სხვადასხვა წყაროებით გადამოწმებული ზუსტი აგენტურული ინფორმაცია.
ამისთვის კი საჭიროა შეიქმნას ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალური დანაყოფები (სპეცსამსახურების "მინი მოდელები" - საკუთარი დაზვერვით, კონტრდაზვერვით და ანალიტიკური ჯგუფებით), რეგულარულ არმიას მხოლოდ სტრატეგიული ობიექტების დაცვის, ანტიტერორისტული ოპერაციების მხარდაჭერის და - არა უშუალოდ მონაწილეობის ფუნქცია უნდა დარჩეთ.
სამწუხაროდ, ტერორიზმთან ბრძოლის მომავალი 10-20 წლის პროგნოზი ძალზე პესიმისტურია. არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ უზარმაზარი ფინანსური რესურსები საშუალებას მისცემს ტერორისტებს, გამოიყენონ უახლესი სამხედრო ტექნიკა და ტექნოლოგიები, კომუნიკაციისა და ინფრასტრუქტურის ბოლო მიღწევები. უფრო დაიხვეწება მათი საორგანიზაციო ფორმა და სტრუქტურა. მომავალში პოტენციური საფრთხე ტერორისტების მიერ იმდენად ჩვეულებრივი იარაღის გამოყენება კი არა, არამედ - გაცილებით შეუმჩნეველი და კომპაქტური - ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება და კიბერტერორიზმი შეიძლება გახდეს. ამავე დროს, რომელიმე ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნის სათავეში რელიგიური ფანატიკოსების მოსვლის შემთხვევაში, არაა გამორიცხული სახელმწიფო ტერორიზმის განვითარება, რაც გაცილებით მძიმე შედეგებს მოიტანს, ვიდრე - რელიგიური და კიბერტერორიზმი.
კარგად ორგანიზებულ საერთაშორიოსო ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მიღწევა მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით ილუზია და დროებითი მოვლენაა. საბოლოო და სამუდამო მშვიდობის დამყარება მხოლოდ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და პრევენციული ანტიტერორისტული და ანტისეპარატისტული ღონისძიებების (მათ შორის, უპირველესად, სპეცსამსახურების შესაძლებლობების სრულად გამოყენების) გზითაა შესაძლებელი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს