"სიბნელე, სისულელე, ცილისწამება და ტყუილი, რა უნდა ვუწოდო ახლა ამას?"
"სიბნელე, სისულელე, ცილისწამება და ტყუილი, რა უნდა ვუწოდო ახლა ამას?" - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია და გიორგი გახარია ფარული ჩანაწერების უკან სწორედ კალაძეს ხედავს.
კალაძემ ბრალდებებს უპასუხა და ფარულ ჩანაწერებთან რაიმე კავშირი უარყო.
რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარტია "ლელოს" ინიციატივას, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მოხდეს საკითხის განხილვა, კალაძე ამბობს, რომ ამის საჭიროება გამოძიების დასრულებამდე არ დგას.
"შესაძლებელია ამის გაკეთება, პარლამენტში მისვლის პრობლემას ვერ ვხედავ. ალბათ, შესაბამისი სამსახური გააკეთებს განცხადებას, თუმცა, უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომ გაირკვეს ტყუილ-მართალი. გამოძიება არის ყველაზე მთავარი. არ ვართ ლილუაშვილის პარლამენტში მოსმენის წინააღმდეგი, უბრალოდ გამოძიებას და ტყუილ-მართლის გარკვევას უნდა დაველოდოთ. არჩევნებამდე სხდომის მოწვევა და მოსმენა აუცილებელი არ არის",- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერი ამბობს, რომ კანონის ფარგლებში მოსმენები შესაძლებელია.
"ეს უნდა ხდებოდეს კანონის ფარგლებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ ეხება მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურს, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.