"პოზიტიური მოლოდინი ვერ მექნება, რადგან" - რა ჰკითხეს ნიკა გვარამიას პროკურატურაში
თბილისის პროკურატურაში ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა.
როგორც გვარამიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გამოძიების ირგვლივ პოზიტიური მოლოდინი ვერ ექნება, რადგან აქამდე არც ერთი მსგავსი საქმე არ დასრულებულა.
ამასთან, გვარამიას განცხადებით, გამომძიებლების შეკითხვები კვალიფიციურად და სწორად იყო დასმული, თუმცა ,,მეორე საკითხია რამდენად შეიძლება ამ კვალზე რაიმე გამოჩნდეს".
,,აინტერესებდათ, როგორ მივიღეთ ჩანაწერები, რამდენი იყო, ვისზე იყო და ა.შ. ვუთხარი, რაც ვიცი. მასალების გადმოცემასთან დაკავშირებით ვუთხარი, რომ პრობლემა არ მაქვს, უნდათ თავად მოვიდნენ და ამოიღონ, ან ჩვენ მივცემთ სრულ მასალას, ამაში არანაირი პრობლემა არ არის. დაკითხვაც მგონია, რომ იყო სწორი, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად შეიძლება ამ კვალზე რაიმე გამოჩნდეს. პოზიტიური მოლოდინი ვერ მექნება, იმიტომ, რომ აქამდე არც ერთი მსგავსი საქმე არ დასრულებულა. რაც შეეხება შეკითხვებს, ისინი არ იყო ფორმალური, იყო კვალიფიციურად და სწორად დასმული.
ერთადერთი, რაც მკითხეს ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც სხვებისთვის არ უკითხავთ არის ჩემი განცხადება ,,ქართული ოცნების" შეკრების შესახებ ფარული ვიდეომასალების გამოქვეყნებაზე, რაზეც წყარო არ ვუთხარი, მაგრამ განვუცხადე, რომ ინფორმაცია დაზუსტებით მოგვაწოდა იმ წყარომ, რომელიც იქ იმყოფებოდა.
მეორე კითხვა იყო დიტო სამხარაძეზე, რასაც ის ლაპარაკობს თავის აქტივში, რომ ნუ გეშინიათ მომავალ კვირაში ისეთ ვიდეოს გამოვდებთ, რომ ესენი ყველანი დამთავრდებიანო. ესეც მკითხეს, დავუდასტურე, რომ ვიცი, მაგრამ წყარო იგივეა, ,,ქართული ოცნების" თათბირიდან იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. ეს ადამიანის დაშინების მცდელობაა, თუ მართლა აპირებენ გამოქვეყნებას, ვერ გეტყვით", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, გასულ კვირას ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე გამოკითხა ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, "ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ინწკირველი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტი ელისო კილაძე. დაიკითხნენ სხვა ჟურნალისტებიც. ასევე გამოიკითხა "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.