"დიდი მსხვერპლი იქნება, თუ რაღაც ეტაპები არ გავიარეთ... ქართველები იმპულსურები ვართ" - რა შეიძლება გამოიწვიოს იარაღის ტარების საყოველთაო უფლებამ?
"თუ რაღაც ეტაპები არ გავიარეთ, დიდი მსხვერპლი იქნება... ქართველები იმპულსურები ვართ" - რა შეიძლება გამოიწვიოს იარაღის ტარების საყოველთაო უფლებამ?
ქართველ საზოგადოებას პერიოდულად ესმის ინიციატივა იარაღის ტარების ლეგალიზაციის შესახებ. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა, საზოგადოებაში ყველას რომ შეეძლოს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და ტარება.
AMBEBI.GE დაინტერესდა, თუ რა არის ის არგუმენტები, რომლის გამოც საქართველოში იარაღის ტარება დაშვებული უნდა იყოს და რა რეალობის წინაშე დავდგებოდით, ეს რომ განხორციელდეს.
იდეის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აპოლოგეტი პარტია "გირჩია", რომლის ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე არგუმენტი აქვს:
"მე იარაღის ლეგალიზაციას ვითხოვ ამერიკული არგუმენტით ვითხოვ, ანუ რომ იარაღი გვჭირდება თავდასაცავად, ოღონდ თავდასაცავად ძალიან სპეციფიკური მოძალადისგან. ეს მოძალადე, როგორც წესი, სახელმწიფოა. ადამიანებს ამ ქვეყანაში იარაღი სულ ჰქონდათ, სანამ კომუნისტები მოვიდოდნენ. როცა კომუნისტებმა დაგვიპყრეს, სახელმწიფომ ჩამოართვა და ხალხი განაიარაღა. შესაბამისად, დამონებამდე წინა პერიოდი იარაღის ჩამორთმევა იყო. მაგალითისთვის, ამ ქვეყანაში დიდი ხანია, ვუყურებ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ხალხს მიტინგზე ხშირად ცემენ - ჩემი აზრით, არც ერთი ადამიანი არ იყო მოსაკლავი, დასასახიჩრებელი, არც ერთი მიტინგი სამართლიანად და კანონიერად არ დაგვირბევია. მინდა, რომ მიტინგზე შეიარაღებული ხალხი იდგეს, რადგან თუ გვინდა, რომ არსებობდეს ძალა, რომელსაც ხელისუფლებები იგრძნობენ - ნებისმიერი ხელისუფლება, - მათ იქ მდგომი ადამიანების უნდა ეშინოდეთ. იცით, რომ შემოვა სპეცრაზმი და უიარაღო ადამიანებს ხან თოფებს ესვრიან, ხან აბრმავებენ და ა.შ. არა იმიტომ, რომ იქ ჩხუბი ატყდება, არამედ იმისთვის, რომ იქ ჩხუბი არ ატყდეს, მიტინგზე ადამიანები შეიარაღებულები უნდა იდგნენ, საზოგადოება შეიარაღებული უნდა იყოს, როგორც ჩვეულებრივი მტრისგან თავის დასაცავად, ასევე სახელმწიფო ხელისუფლებებისგანაც, რადგან როცა უნდა ხელისუფლებას, იმ დროს ბერტყავს საკუთარ მოსახლეობას და ეს უნდა დამთავრდეს.
- რა გარანტია არსებობს, რომ პირიქით, ამ შემთხვევაში მეტ არეულობას და მკვლელობას არ მივიღებთ?..
- საქართველოში იარაღი სულ ლეგალიზებული იყო, სანამ კომუნისტები მოვიდოდნენ. ქართველ კაცს სულ ჰქონდა იარაღი და მას ეს უნდა დაუბრუნდეს. იარაღი წაგვართვეს მაშინ, როდესაც ჩვენი დატყვევება და დამონება გადაწყვიტეს და გამოუვიდათ კიდეც. მერე, საბჭოთა კავშირი დავშალეთ, მაგრამ ამ თემაზე უბრალოდ, არ გვიფიქრია. იარაღი კი არ კლავს, არამედ ადამიანები კლავენ, მთავარია გადაწყვეტილების მიღება ადამიანის მოკვლაზე. ნებისმიერი საშუალებით შეიძლება, ეს მოხდეს. ამიტომ, იარაღის აკრძალვას შინაარსი არ აქვს. ქვა იყო პირველი მკვლელობის იარაღი, ასევე, არ არსებობდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს კლავდნენ. ჩვენ პისტოლეტი ავკრძალეთ არა იმიტომ, რომ ადამიანებს ერთმანეთი არ დაეხოცათ, არამედ იმიტომ, რომ დატყვევებულ მოსახლეობას კომუნისტების შემოსვლის მერე იარაღი არ აეღო ხელში და კომუნისტები არ დაემხო, სულ ეს იყო. ახლაც ეგაა მიზეზი, რის გამოც იარაღი აკრძალულია - არა ის, რომ ერთმანეთს დავხოცავთ, არამედ ის, რომ მიტინგზე ხალხს მთავრობა ვერ გალახავს.
იაგო ხვიჩია იარაღის ლეგალიზაციის სასარგებლოდ კიდევ ორ არგუმენტს ასახელებს:
"ოკუპირებულ ქვეყანაში იარაღის ტარების აკრძალვა და იარაღის სწავლის აკრძალვა აბსურდი და მტრის საქმის ხელშეწყობაა. ერთადერთი, რაშიც რუსებს წინააღმდეგობა შეგვიძლია, გავუწიოთ, ვინმე რომ შემოვიდეს, პარტიზანული ომია, ანუ ყველა ადამიანი რომ იყოს შეიარაღებული და ყველა კორპუსიდან ესმოდეთ, რომ იქ შეიძლება, ვიღაც იარაღით დადის და იარაღის გამოყენება იცის. ჩვენ ფაქტობრივად, ეს რისკი რუსებს დავუზღვიეთ - მთელი ქვეყნის მოსახლეობაზე იარაღი ჩამორთმეული გვაქვს, ვისაც არ აქვს ჩამორთმეული, იმის ბაზა ისეა დალაგებული, რომ რუსებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება და ასეთი ნებისმიერი ადამიანი შეუძლია იპოვოს, ანუ შენმა მტერმა გამოარჩიოს, ვინ არის წინააღმდეგობის გამწევი.
გარდა ამისა, ვინ სჩადის მკვლელობას გაფორმებული იარაღით? თუ ადამიანს მეორე ადამიანის მოკვლა უნდა, ის აუცილებლად იშოვის გაუფორმებელ იარაღს. ამიტომ ფაქტობრივად, ეს აკრძალვა პატიოსან მოქალაქეებზე ვრცელდება, რომლებიც უკანონო იარაღს არ ეძებენ, თუ აკრძალულია, კანონს იცავენ, მაგრამ რჩებიან დაუცველი იმ კრიმინალის წინააღმდეგ, რომელიც იარაღს ნებისმიერ შემთხვევაში იშოვის. პოლიციის ლოდინი კი, როდესაც ვიღაც შეიარაღებული თავზე გადგას, აბსურდია - პოლიცია კარგ შემთხვევაში, ნახევარ საათში მოვა" - ხაზს უსვამს ხვიჩია.
უსაფრთხოების ექსპერტი, ლაშა პატარაია AMBEBI.GE-სთან აღნიშნავს, რომ საკითხი საკმაოდ გრძელვადიანია:
- ის მოდელი, რაც სუფთა ამერიკულია, რომ "ცუდ ტიპს" იარაღით აჩერებს "კარგი ტიპი" იარაღით, პრაქტიკაში რა თქმა უნდა, ხშირად ასეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური განმასხვავებელი ნიშნები, რომელიც ამ ყველაფერს ცოტა უფრო ართულებს. გააგრძელეთ კითხვა