"ყველა არჩევნების წინ არის სიძულვილის, ოპონენტების დემონიზების და სამიზნედ ამოღების კამპანია, მათ შორის, ყველაზე აგრესიული რიტორიკით" - კვირის პალიტრა

"ყველა არჩევნების წინ არის სიძულვილის, ოპონენტების დემონიზების და სამიზნედ ამოღების კამპანია, მათ შორის, ყველაზე აგრესიული რიტორიკით"

"ყველა არჩევნების წინ არის კამპანია სიძულვილის და ოპონენტების დემონიზების და სამიზნედ ამოღების, მათ შორის ყველაზე უფრო აგრესიული რიტორიკით", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ დმანისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობა არის მთავარი ინსტრუმენტი, რითაც ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანაში წინასაარჩევნო კლიმატს ქმნის.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ძალადობას რეჟიმთან დაახლოებული კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული პირები, მათ შორის სპორტსმენები სჩადიან.

"ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, რითაც წინასაარჩევნო კლიმატს და ზოგადად პოლიტიკურ კლიმატს ქმნის ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანაში. ყველა არჩევნების წინ არის კამპანია სიძულვილის და ოპონენტების დემონიზების და სამიზნედ ამოღების, მათ შორის ყველაზე უფრო აგრესიული რიტორიკით. ეს არ არის ცალკე აღებული პრობლემა, პრობლემა არის კონტექსტი, რომელშიც ჩვენ ამავე დროს ვხედავთ რეჟიმთან დაახლოებულ, მის მიერ დაქირავებულ, მისი წევრი პირების მიერ დაქირავებულ ადამიანებს, რომლებიც როგორც წესი, არიან ან კრიმინალური სამყაროდან, ან სპორტსმენები, რომლებიც დაკავშირებულები არიან კრიმინალურ სამყაროსთან და მუშაობენ ამ ხელისუფლებისთვის და ვხედავთ, როგორ სჩადიან ძალადობას დაუსჯელად. ჩვენ გვაქვს მთელი გაგრძელება ამ პროცესის, ერთი და იგივე წრიდან ადამიანების, ზოგჯერ ერთი და იგივე ადამიანები არიან ამ ძალადობაში ჩართულები", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დმანისში, დაპირისპირებისას ორი პირი დაჭრეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, სოფელ განთიადში დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით არის დაჭრილი. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დააკავა.