"ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც, მამის არჩევის გამო, კაცი კინაღამ მოკლა - "ქართული ოცნება" ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან"
"ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც, მამის არჩევის გამო, კაცი კინაღამ მოკლა - "ქართული ოცნება" ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან", - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დმანისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს ადამიანი საკრებულოს წევრი არ უნდა გახდეს.
"თუ მართლა "ქართული ოცნების" კანდიდატის შვილის მიერ მოხდა დაჭრა, ის კანდიდატი უნდა მოიხსნას. ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც მამის არჩევის გამო კაცი კინაღამ მოკლა, დაასახიჩრა. "ქართული ოცნება" პირველი, რასაც ახლა უნდა აკეთებდეს, ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან. ყველას ინტერესია, რომ ადამიანი კრიმინალის შედეგად არ გახდეს საკრებულოს წევრი", - განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს.