"ხელისუფლებას მოუწევს ძალიან მძიმე ახსნა-განმარტების მიცემა პარტნიორებისთვის და, შესაძლოა, ამას გარკვეული უსიამოვნებებიც მოჰყვეს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას მოუწევს ძალიან მძიმე ახსნა-განმარტების მიცემა პარტნიორებისთვის და, შესაძლოა, ამას გარკვეული უსიამოვნებებიც მოჰყვეს"

"ცხინვალში განლაგებულია ელექტრონული დაზვერვის უძლიერესი სისტემა, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისთვის საინტერესო ნებისმიერი ადამიანის მოსმენა ხელეწიფება"

რა გავლენას მოახდენს საქართველოს იმიჯზე რეგიონსა და დასავლეთში, სუსის მიერ ფარული მიყურადებით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენაზე ინტერნეტსივრცეში გავრცელებული მასალები? - ამის შესახებ შეფასებების გასაკეთებლად kvirispalitra.ge ანალიტიკოსებს ესაუბრა:

მამუკა არეშიძე: - ფარული მასალების გავრცელება არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ - მთლიანად საქართველოს იმიჯზე აისახება უარყოფითად. რით შეიძლება ეს გამოიხატოს? ვერ გეტყვით. ეკონომიკური სანქციები იქნება თუ სხვა ტიპის სანქციები, რთული სათქმელია, მაგრამ კარგი არაფერი იქნება - ეს დაზუსტებით ვიცი.

საზოგადოებებმა ცივილურ სამყაროში იციან, რომ უმაღლესი დონის მოსასმენი აპარატურა აქვს სპეცსამსახურებს. მოსმენების რამდენიმე ტიპი არსებობს - ლოკალური, კერძო და ა.შ ჩვენ დღეს საქმე გვაქვს ტოტალურ მოსმენებთან. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ სპეცსამსახურს შეეძლო. ისმის ლოგიკური კითხვა - რისთვის სჭირდებოდა ჩვენს სპეცსამსახურს ამ ტიპის მასობრივი მოსმენები. ამ მიმართულებით რამდენიმე ვერსია შეიძლება განვიხილოთ. მაგალითად, ხომ არ იყო ეს სპეციალურად დაგეგმილი ღონისძიება იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, საზოგადოებაში ისეთი რეაქცია გამოეწვია, როგორიც ახლაა? თუ დააკვირდით, გავცელებული ფაილები, ძირითადად, რამდენიმე ინსტიტუციას ეხება, ეს არის - საპატრიარქო, დიპლომატიური კორპუსი და მთავრობა. ოპოზიციური პარტიის ან არასამთავრობო სექტორის მოსმენების შესახებ არაფერი მსმენია. ამ ფაილებში, ასევე, წარმოდგენილნი არიან ის ჯგუფები, რომლებიც უკავშირდება ხელისუფლებას ან ოპოზიციის მოწინააღმდეგენი არიან. საბოლოო ჯამში, ისეთი სურათი იკვეთება, რომ ამ ღონისძიებას თავისი მისამართი აქვს - მიმდინარეობს დარტყმა ყველაზე ძლიერ ინსტიტუციებზე, მათ შორის - საპატრიარქოზე და ადგილი აქვს ხელისუფლების დისკრედიტაციას დიპლომატების თვალში. ეს რომ ხელისუფლებას არ აწყობდა, ხომ ცხადია?! ხელისუფლებას, ასევე, არ აწყობდა იმ ფაქტის გახმოვანება, რომ ისინი ვიღაცას, პირველ რიგში, დიპლომატიურ კორპუსს უსმენდნენ. ან აბსოლუტურ იდიოტებთან გვაქვს საქმე, ან ეს არის სპეცოპერაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ტოტალური მოსმენების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეს ძალიან დელიკატური საკითხია და "შუბი ხალათში არ დაიმალება".

უშიშროების სამსახურში, ისევე, როგორც სამართალდამცავ სისტემებში კოჰაბიტაციის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა. ალბათ, გახსოვთ, წინა ხელისუფლება რა აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ საკუთარი თანამშრომლები მორჩილებაში ჰყოლოდა. ამისთვის ერთ-ერთი ფორმა იყო დაშანტაჟება - ფარული კადრებით. ე.ი. სისტემაში დარჩენილი კოჰაბიტირებული კადრების ერთი ნაწილი მართვადია წინა ხელისუფლების მიერ. მართვადია, იმიტომ, რომ მათზე კომპრომატები არსებობს. რატომ არ შეიძლება, რომ ეს ადამიანები საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ?! მე არ ვიცი, ასეთი ტიპის ადამინები არიან თუ არა დარჩენილნი სუსის ტექნიკურ სამსახურში, სადაც თანამშრომლებს ასეთი ტიპის აქტივობა - მოსმენები ევალებათ.

- ფიქრობთ, რომ უწყებაში ასეთი დიდი ღონისძიება მიმდინარეობდა და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ გახარიამ და ხოჯევანიშვილმა? - გახარიასი რა მოგახსენოთ, მაგრამ ხოჯევანიშვილს ნამდვილად უნდა სცოდნოდა, ისევე, როგორც ეს უნდა სცოდნოდათ ამ სისტემაში, მაღალ თანამდებობაზე მომუშავე სხვა პირებსაც. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური მოსმენების საბაბს ვერ ვხედავ. აქედან გამომდინარე, ეჭვი მაქვს, რომ ეს არის მხოლოდ უშიშროების სამსახურის მიერ შექმნილი პროდუქტი.

- რატომ გამოვრიცხავთ, რომ ამ ყველაფრის უკან მტრულად განწყობილი ქვეყნის, რუსეთის სპეცსამსახურები იდგეს? - არა მხოლოდ რუსეთის. თუმცა რუსეთის შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ცხინვალში განლაგებულია ელექტრონული დაზვერვის უძლიერესი სისტემა, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისთვის საინტერესო ნებისმიერი ადამიანის მოსმენა ხელეწიფება. იქ, ასევე, არის რუსული სპეცსამსახურების ძალიან ძლიერი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ამუშავებს ქართული ტელევიზიების პოლიტიკური ტოქშოუს ყველა გადაცემას და ელექტრონული ვერსიით გამოქვეყნებულ ნებისმიერ მასალას. ეს მათი მუშაობის მხოლოდ ერთი ფრაგმენტია, სხვა რამეებიც ხდება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებსაც შეუძლიათ ასეთი რამის გაკეთება. თუმცა, არა მგონია, ასეთი ტოტალური მოსმენები მათ რამეში სჭირდებოდეთ. ძალიან ბევრი ვერსიის განხილვა შეგვიძლია, თუ ვისი გაკეთებული შეიძლება იყოს ყველაფერი, თუმცა ვისი ხელიც არ უნდა ერიოს ამ საქმეში, საბოლოოდ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მმართველი გუნდისთვის ერთადერთი გამოსავალი ობიექტური, ძალიან სერიოზული გამოძიების ჩატარებაა. ზოგადად, საქართველო, მთლიანი პოლიტიკური სპექტრი ამ ლაქას კარგა ხანს ვერ ჩამოირეცხავს, იმიტომ, რომ პარტნიორების დასაცინი გავხდით. შემაჯამებლად რომ ვთქვათ - უსაფრთხოების სამსახურის წიაღში არსებობდა მოქმედი ან ყოფილი სპეცსამსახურის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა და ასრულებდა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ან კონკრეტული ქვეყნის დავალებას.

- რატომ გამოვრიცხავთ, რომ მოქმედ ხელისუფლებას ჰქონდა ტოტალური მოსმენების მიზეზი და ეს მიზეზი ადამიანების სრული კონტროლია? - იმიტომ, რომ ამ მასალებით, რაც მე მოვისმინე, ვერანაირი კონტროლი ვერ ექნებოდათ. იმდენად სუსტი მასალებია, რომ გახმოვანებისთანავე ძალას კარგავს. ამ ფარული მიყურადების ობიექტებს შეუძლიათ თქვან - გამჟღავნდა ყველაფერი და მე აღარ დაგემორჩილები. სხვათა შორის, მოსმენები არცერთი ცივილური ქვეყნისთვის არ არის უცხო, მათ შორის - არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს სახელმწიფოს მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია, იმიტომ, რომ, როგორც წესი, ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი ელემენტები თუ ჯგუფები მოქმედებენ ასევე მაღალი დონის ტექნოლოგიებით. პოლიტიკური ისლამის წარმომადგენლები ევროპის ქვეყნებში მხოლოდ საჯარო აქტიურობით კი არ შემოიფარგლებიან, ძალიან სერიოზული აგენტურული სისტემა აქვთ შექმნილი.

- მაშინ რატომ გავხდით პარტნიორების დასაცინი, რა უკვირთ ჩვენგან? - შეიძლება ჩვენი უსუსურობა გაუკვირდეთ, თუ ამ საქმის გამოიძიებას მაინც ვერ შევძლებთ. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქმის ობიექტური გამოძიებისთვის. საქმეში ჩაუხედავ საზოგადოებას შეიძლება აღარც ახსოვს "ვიკილიქსის" ძალიან სერიოზული სკანდალი. ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა ქვეყნის პრესტიჟზე და თუ ვინმეს ხელისუფლებიდან ან ოპოზიციიდან ჰგონია, რომ აქედან თავს მარტივად დააღწევს, ყველაფერს სხვას გაადააბრალებს, ძალიან ცდება. ეს შეუძლებელი იქნება, თუ სასწრაფოდ არ მოხდა ამ საქმის გამოძიება და მალევე არ დაიდო პირველადი შედეგები. მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრია ამ საქმეში გახვეული, ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი.

გიორგი გობრონიძე:

- რთულია იმაზე მსჯელობა, რა უფრო ცუდია - ის, რომ სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე ფარულ მიყურადებას ახორციელებს და შემდეგ ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, თუ ის, რომ იღებს უამრავ ინფორმაციას დანაშაულის, მათ შორის - სექსუალური სახის დანაშაულის შესახებ და დუმს, არაფერს აკეთებს. ამ საშინელ დანაშაულებზე თვალს ხუჭავს მხოლოდ იმიტომ, რომ დამნაშავეები პარტიული ინტერესების სასარგებლოდ მართოს. კალაძემ "განგვანათლა", - აბა, სპეცსამსახური რისია, თუ არ მოგვისმინაო. ჯერ საერთოდ არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია, კომპრომატებით მართული ადამიანი რამდენად შეიძლება გამოდგეს იმ დიადი მიზნების განხორცილებისთვის, რისთვისაც, წესით, უსაფრთხოების სამსახური უნდა იღწვოდეს. სინამდვილეში, საკუთარი მოქალაქეების კომპრომატებით მართვა ემსახურება მმართველი გუნდის მიერ შიშის და უნდობლობის დათესვას. ამ ამბავს შეიძლება ორი ეფექტი ჰქონდეს - ძალიან ცუდად დაუბრუნდება მმართველ გუნდს და მეორე - ძალიან შეაშინებს საზოგადოებას. ჯერ არ ვიცით, რომელი მოხდება. ე.ი. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ევროპის ნაწილია. ასეთ დროს პარტნიორებს ვეუბნებით - ბოდიში, მაგრამ ვიქცევით როგორც ბელარუსი, რუსეთის ფედერაცია და საკუთარი მოსახლეობის ნების დათრგუნვაზე ვხარჯავთ კოლოსალურ თანხებს, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციით ვიყოთ დაკავებულნი. ჩვენ შეცდომას ვუშვებთ არა მხოლოდ შიდაპოლიტიკური, არამედ - საგარეო იმიჯის თვალსაზრისითაც. ცალკე ტრაგედიაა ის, რომ ქვეყნის სპეცსამსახურიდან ინფორმაცია გავიდა. ჩვენ უკვე არ ვიცით, რამდენი გავიდა და სად გავიდა. ჩვენზე გაცილებით ძლიერი სახელმწიფოებიდან - ამერიკისა და რუსეთის სპეცსამსახურებიდანაც გავიდა ასეთი მასალები და მათი საერთაშორისო პოზიცია შეირყა, მაგრამ ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ მათსავით ზიანის მინიმიზაცია შევძლოთ.

ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყოფილმა თანამშრომელმა გამოიტანა, მაგრამ მტკიცებით ფორმაში არაფრის თქმა შეიძლება. რაც შეეხება რუსეთს, ეს ქვეყანა დგას თუ არ დგას ამ საქმის უკან, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ამას მაინც გამოიყენებს და არა მარტო რუსეთი, არამედ - აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსიც.

- და რა ტიპის საფრთხის წინაშე ვდგებით? - ე.ი. ჩვენი სახელმწიფოს შიდა სამზარეულო, პოლიტიკური ლიდერების, სამღვდელო პირების და უბრალო მოქალაქეების პირადი ბიოგრაფები სრულიად დაუცველია. უცხო ქვეყნის სპეცსამსახური როგორ და რა მიზნით გამოიყენებს ამას, არ ვიცით. ეს ფაილები რომ აღმოჩნდეს და, დიდი ალბათობით, უკვე აღმოჩენილია, ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით.

- როგორი იქნება მეგობრულად განწყობილი ქვეყნების რეაქცია, როდესაც ისინი დარწმუნდებიან, რომ ჩვენი სპეცსამსახური მათ წარმომადგენლებსაც უსმენდა? - ჩვენს ხელისუფლებას მოუწევს ძალიან მძიმე ახსნა-განმარტების მიცემა პარტნიორებისთვის და, შესაძლოა, ამას გარკვეული უსიამოვნებებიც მოჰყვეს ჩვენს სახელმწიფოებს შორის.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)