"თუ "ნამახვანჰესის" პროექტი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, არას­დროს გვექ­ნე­ბა იაფი ელექტრო­ე­ნერ­გია, შე­სა­ბა­მი­სად, არას­დროს გვექ­ნე­ბა იაფი ეკო­ნო­მი­კა" - კვირის პალიტრა

"თუ "ნამახვანჰესის" პროექტი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, არას­დროს გვექ­ნე­ბა იაფი ელექტრო­ე­ნერ­გია, შე­სა­ბა­მი­სად, არას­დროს გვექ­ნე­ბა იაფი ეკო­ნო­მი­კა"

როგორი იქნება "ნამახვანჰესის" პროექტის შეჩერების პოლიტიკური ფასი?

კომპანია ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, ნამახვანის კასკადის პროექტი, იმ ხელშეკრულებით, რომელიც 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა, აღარ აშენდება. "ნამახვანჰესში" თურქული კომპანია 800 მილიონ დოლარს დებდა, კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზად კი გავრცელებულ განცხადებაში საკონტრაქტო პირობების დარღვევა და დიდი ხნის ფორსმაჟორული სიტუაცია დასახელდა.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამ სიახლეს?

"რიონის ხეობის მცველის", ვარლამ გოლეთიანის გამოხმაურებით, რა ზარალსაც ბიუჯეტი და ხალხი მიიღებს, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ზოგიერთი პოლიტიკოსის შეფასებით კი, "ნამახვანჰესი" "ანაკლია-2"-ად მოგვევლინა. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა კი აღნიშნავს, რომ "ენკასთან" გაგრძელდება კომუნიკაცია, რათა სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება გამოინახოს .

როგორ შეაფასებს სიახლეს, რომ "ნამახვანჰესი" აღარ აშენდება, რა მნიშვნელობის პროექტი იქნებოდა ეს საქართველოსთვის უსაფრთხოებისა და პოლიტიკური კუთხით და როგორ იკვეთება რუსეთის ფედერაციის ინტერესები მომხდარში? - ამ თემებზე AMBEBI.GE-ს ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე ესაუბრება.

- ხელშეკრულების იურიდიული მხარე ჩემი საქმე არ არის, შემიძლია, ვისაუბრო მხოლოდ უსაფრთხოებაზე და ამ შემთხვევაში, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ გახდეს ენერგეტიკული ჰაბი, ამისკენ პირველი ნაბიჯი ზბიგნევ ბჟეზინსკიმ და ედუარდ შევარდნაძემ გადადგეს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანსა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენს ვგულისხმობ. სხვათა შორის, ამან გადაგვარჩინა იმას, რომ 2008 წელს რუსებმა თბილისი არ აიღეს. უამრავი ამერიკული ანალიტიკური სტატიაა, სადაც წერია, რომ ძირითადად ომის მიზეზი კონტროლის დაწესება იყო სამხრეთ კავკასიის მილსადენებზე - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანსა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენზე. ეს უკვე აშენებული იყო და აშშ-მა რუსეთს უფლება არ მისცა აქ შემოსულიყო, სხვანაირად ჯარს მასშტაბურად შემოიყვანდა...

ენერგოუსაფრთხოება და პოლიტიკური უსაფრთხოება ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. აღნიშნული პრეტენზიის ფონზე საქართველო რეგიონში, ფართო გაგებით, ავღანეთის, ერაყის, ირანის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩათვლით, ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ენერგოდეფიციტურია. გვიწევს ენერგიის იმპორტი, რაც აბსოლუტური ნონსენსია, დაუშვებელია მაშინ, როდესაც ერთ კვ/კმ-ზე საქართველო ყველაზე, ვიმეორებ - ყველაზე მდიდარი ქვეყანაა ჰიდროენერგორესურსებით და მეორე ადგილზე მყოფ უზბეკეთს ალბათ ათჯერ უსწრებს. ეს გამოუყენებელი პოტენციალი რამდენიმე გარემოებასთანაა დაკავშირებული. არსებულ პოტენციალს მცირე ჰესები ვერ მიაღწევს - მათი მშენებლობა ძალიან კარგია და ტაქტიკური და არა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ; ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მძლავრი, მარეგულირებელი სადგურები. ეს ნიშნავს, რომ როცა რაღაც ავარიაა, ქსელი უნდა იყოს დაძაბულობის ქვეშ, თორემ მთელი ქვეყნის მასშტაბით 5, 6-საათიანი გათიშვები გვექნება, რომლის ისტორიაც ჩვენ კარგად გვახსოვს. ამიტომ გვჭირდება მარეგულირებელი სადგურები, "ნამახვანჰესი" კი ზუსტად ასეთ სადგურებს მიეკუთვნება, ისევე, როგორც "ენგურჰესი" და თავის დროზე სხვა პროექტები.

- დღეს ლაპარაკობენ იმაზე, რომ "ნამახვანჰესის" პროექტის განხორციელებისთვის ხელშეშლა შეიძლება, რუსეთის ინტერესებს ხელს უწყობდეს...

- შეიძლება კი არა, 100, 120%-ით ასეა. 120%-ით დაფინანსებულები არიან, არ ვიცი, ამას აკეთებენ აბსოლუტურად შეგნებულად და გაუთვითცნობიერებლად, მაგრამ დაფინანსებულია რუსეთისგან. ამჟამად რუსეთის ძირითადი იარაღი, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, არის ზუსტად ენერგოკონტროლი საქართველოზე. ნახეთ - ყველაფრის ყიდვა მოახერხეს ქართველებმა: "ყაზტრანსგაზის", სხვადასხვა კომპანიის, მაგრამ "თელასს" რუსები არ ყიდიან, არა?! აი, ეს არის - ენერგოკონტროლი რუსების მხრიდან ძალიან ხელშესახები, მგრძნობიარე ინსტრუმენტია.

- დაფინანსებულებში "რიონის ხეობის მცველებს" გულისხმობთ?

- არა მარტო. "რიონის ხეობის მცველების" მობილიზება იყო საჭირო. ისინი არიან აბსოლუტურად გულახდილი ხალხი, რომელთაც უნდათ თავიანთი ხეობის დაცვა, მაგრამ ამას ხომ ორგანიზება, სპეციალური, მრავალწლიანი პიარი სჭირდებოდა? საერთოდ, ხედავთ, რომ ნებისმიერი სადგურის წინააღმდეგ გამოდიან - გინდ პანკისის ხეობაში, გინდ - სად. ვისი ნარატივია? და რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება? - ხმას არ იღებს. როცა დაიწყება, იტყვის, "აი, ჩვენ ძალიან კარგად ვიქცევით და კარგ ხელშეკრულებას ვდებთ" და ამის აღარავის სჯერა. ამიტომ, როგორც ხარჯავენ ისინი (რუსები) სულ მცირე 30 მილიონ დოლარს ამ პიარზე, ზუსტად ასეთი პიარის წინააღმდეგ აუცილებელია შესაბამისი პოზიტიური პიარის მოწყობა.

- ანუ ეს ხარჯები რუსეთიდან მოდის?..

- პირდაპირ და არაპირდაპირ. შეიძლება, მოდის სადღაც ოფშორული ზონებიდან - ინგლისიდან, ამერიკიდან, მაგრამ სინამდვილეში, რასაკვირველია, ამ ფულის პირველწყარო რუსეთია. ამას ხელისუფლება ხელს არ უწყობს, მაგრამ არც უშლის. თქვენ გინახავთ 25 წლის განმავლობაში, ერთი ჯაშუში მაინც დაეჭიროთ საქართველოში?

- თქვენ მუშაობდით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე. შეგიძლიათ ორ პროექტს შორის პარალელი, რუსეთის ინტერესების თვალსაზრისით, გაავლოთ?

- მაშინ გია ჭანტურიას ოფისში იყო პიარის უძლიერესი სამსახური, რომელიც ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით პრესას აანალიზებდა, შეხვედრებს აანალიზებდა და ყოველდღიურად გასცემდა რეკომენდაციებს, რა უნდა გაკეთებულიყო ამის საწინააღმდეგოდ. მაშინ რუსეთი 20 მილიონ დოლარს ხარჯავდა და არაფერი გამოუვიდა, რადგან ძალიან მძლავრი პიარი იყო გია ჭანტურიას მხრიდან. მეც ვიღებდი მონაწილეობას, დავდიოდით რეგიონ-რეგიონ, სოფელ-სოფელ და ვმუშაობდით. ასეთი მუშაობაა საჭირო. უმძლავრესი სპეციალური განყოფილება იყო, ასე ვთქვათ, უარყოფითი პიარის წინააღმდეგ - ეს ძალიან კარგად ვიცი, რადგან მას ჩემი შვილი ხელმძღვანელობდა.

რასაკვირველია, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს ჰგავს, ეს ხომ 2ხ2=4-ია. რუსებს არაფერი ახლის სწავლა არ შეუძლიათ, როცა რაღაც ერთი, სტანდარტული ტექნოლოგია აქვთ, მას იყენებენ; გინდ პოლიტიკა აიღეთ, გინდ პოლიტიკური პარტიები, გინდ ენერგოუსაფრთხოება - ესაა ნეგატიური პიარი. გაგრძელება