"რა დიპლომატიური სკანდალი, სად არის დიპლომატიური სკანდალი?!" - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს - კვირის პალიტრა

"რა დიპლომატიური სკანდალი, სად არის დიპლომატიური სკანდალი?!" - ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს

"რა დიპლომატიური სკანდალი?! სად არის დიპლომატიური სკანდალი?!"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითიც დასმულ კითხვას უპასუხა, რომ ქვეყანა დიპლომატიურ სკანდალშია.

როგორც კობახიძემ განმარტა, არავითარი დიპლომატიური სკანდალი არ არსებობს.

"რა დიპლომატიური სკანდალი?! სად არის დიპლომატიური სკანდალი?! არავითარი დიპლომატიური სკანდალი. ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომ დასმულიყო კითხვები, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც ტელევიზიებს აწვდის ამ ინფორმაციას და შემდეგ ვინც ამას აქვეყნებს. ესენი კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან",- აღნიშნავს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშრებით კრიტიკული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. ჰარცელი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და განაცხადა, რომ ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.