"ეს იგივე სიმძიმის პრობლემაა, როგორც ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერება" - კვირის პალიტრა

"ეს იგივე სიმძიმის პრობლემაა, როგორც ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერება"

"ეს იგივე სიმძიმის პრობლემაა, როგორც ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერება - მგონია, რომ აუცილებლად, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ახალი ინვესტორი უნდა გამოინახოს", - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ ENKA-ს მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ჩიტაძემ აღნიშნა, საქართველოს დიდი ჰიდროპოტენციალი აქვს, რომელიც მაქსიმალურად ათვისებული უნდა იყოს.

"ძალიან სამწუხარო მოვლენაა, ვინაიდან, ჩემი აზრით, საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი უნდა იყოს ენერგეტიკა და განსაკუთრებით ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში 26 060 მდინარე არსებობს და საქართველოს მძლავრი ჰიდროპოტენციალი აქვს, საქართველოს ელექტროსადგურებს შეუძლიათ გამოიმუშავონ დაახლოებით 150 მილიარდი კილოვატსაათი ენერგია. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჰიდრორესურსების მხოლოდ და მხოლოდ 15%-ია ათვისებული. იყო შანსი, რომ "ნამახვანჰესის" ექსპლუატაციაში შესვლის შემთხვევაში მასზე მოვიდოდა საქართველოს ენერგიის გენერაციის დაახლოებით 10-12%. ძალზე მტკივნეულია ის ფაქტი, რომ მსხვილი ინვესტორი მიდის ქვეყნიდან. იგივე სიმძიმის პრობლემაა, როგორც ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერება. მგონია, რომ აუცილებლად, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ახალი ინვესტორი უნდა გამოინახოს. საქართველოს ჰიდროპოტენციალი უნდა იქნეს მაქსიმალურად ათვისებული, რა თქმა უნდა, გარემოსდაცვითი სტანდარტების სრულად დაკმაყოფილების შესაბამისად",- განაცხადა ჩიტაძემ.