15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა აზიის განვითარების ბანკმა, ვაქცინაციის პროცესში საქართველოს დასახმარებლად
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მთავრობის დასახმარებლად კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად და ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო შესაძლებლობების გასაძლიერებლად 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა.
აზიის განვითარების ბანკის ცნობით, პროექტი დაეხმარება საქართველოს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაახლოებით 700,000 დოზა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, ასევე ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანაში.
მათი ინფორმაციით, სესხს აფინანსებს ADB-ის აზია-წყნარი ოკეანის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის $9 მილიარდიანი პროგრამა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაარსდა და ბანკის განვითარებად წევრ ქვეყნებს ვაქცინასთან დაკავშირებულ სწრაფ და მიუკერძოებელ დახმარებას სთავაზობს.
"ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდ 19-ის გავრცელებისა და მისით გამოწვეული გართულებების შესამცირებლად.
ეს პროექტი საქართველოში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს, შეამცირებს დაავადების გავრცელებასა და მისით გამოწვეულ სიკვდილიანობას და აღადგენს მოსახლეობის თავდაჯერებულობას. ADB სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს კოვიდ 19-ის უარყოფითი გავლენის მართვაში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე და ეს პროექტი ქვეყნის პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული ADB-ის სრული მხარდაჭერის მთავარი კომპონენტია", - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.
მათივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის მიზანია 2021 წლის ბოლომდე მისი ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის, ანუ 1.7 მილიონი ადამიანის აცრა.
"ADB-ის დახმარება 300,000-ზე მეტი მოქალაქის აცრას გახდის შესაძლებელს, ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 8%-ს. მთავრობის ვაქცინაციის პროგრამის პრიორიტეტია ჯანდაცვის მუშაკები, ხანგრძლივი მოვლის ცენტრების ბინადრები და მომსახურე პერსონალი, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და პირველადი სერვისების მომწოდებლები.
ADB-ის დახმარება ასევე გააძლიერებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაძლებლობებს ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცის პროგრამის განხორციელებაში. ჯანდაცვის მუშაკებისა და ვაქცინაციის პერსონალი გადამზადდება გენდერულ საკითხებზე. გენდერის თემა ასევე ჩართული იქნება მობილური ამცრელი ჯგუფების საკომუნიკაციო გეგმებსა და გზამკვლევებში ქალებსა და სხვა მარგინალიზებულ ჯგუფებთან წვდომის გასაუმჯობესებლად.
ახლადდამტკიცებული პროექტი ADB-ის მიერ საქართველოს კოვიდ-19-ის საპასუხოდ გაწეული დახმარების კიდევ ერთი საფეხურია. ADB-მ საქართველოს უკვე გამოუყო $100 მილიონიანი სესხი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოციალური დაცვის მექანიზმებისა და დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერის დასაფინანსებლად. $200 მილიონიანი საბიუჯეტო სესხი ქვეყნის სოციალური დაცვის, ფისკალური და ვალის მართვის სისტემების გასაძლიერებლად გამოიყო და $2.5 მილიონიანი გრანტი გაიცა ლაბორატიული სატესტო შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.
საქართველო ADB-ის წევრია 2007 წლიდან და მას შემდეგ ბანკი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა. საქართველოში ADB-ის განვითარების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ვაჭრობის გაფართოება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და სიღარიბის დამარცხება ეკონომიკური დერეფნების განვითარების გზით.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი", - აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.