"კრიმინალური ავტორიტეტების" მორიგი დაპირისპირება? - რა მოხდა კალაშოვისა და სოხუმური კლანის წევრებს შორის?
საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, სტამბოლში 13 სექტემბერს ონიანი-ჯანგველაძის კლანის შეკრება გაიმართა, რომელსაც 20-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი ესწრებოდა.
"კანონიერი ქურდების" დიდი შეკრება ფინანსურ საკითხებს ეხებოდა. როგორც აღმოჩნდა, "კრიმინალურ ავტორიტეტს" აკაკი ტუღუშს, იგივე "ენცო ბატუმსკის" კითხვები გაუჩნდა 55 წლის ბათუმელი "კანონიერი ქურდის" - ასლან ქობულაძის მიმართ, რომელიც დღესდღეობით ნომერ პირველი "კანონიერი ქურდის" - ბადრი კოღუაშვილის ახლო მეგობარია.
სააგენტოს ინფორმაციით, ქობულაძე "სხოდკაზე" "ობშიაკის" საკითხის განსახილველად დაიბარეს, რომელიც უკვე 2 წლის განმავლობაში რუსთავისა და ქუთაისის კოლონიებიდან მის სახელზე ირიცხება. აღსანიშნავია, რომ თანხების უკეთ განსაკარგავად, ქობულაძემ დამხმარედ მისი ვაჟი დანიშნა, ასეთი შემთხვევა კი, როგორც ამბობენ, აქამდე არასდროს მომხდარა.
სააგენტოს წყაროს ცნობით, თავდაპირველად ბათუმელმა "კანონიერმა ქურდმა" შეკრებაზე ოფიციალური მოწვევა მოითხოვა, შემდეგ კი - აღარ გამოჩენილა. კრიმინალური სამყაროს წევრები ფიქრობენ, რომ "ობშიაკი" შეჭმულია.
სანამ ქობულაძე ჯერ კიდევ ჩრდილშია, ჯანგველაძის კლანის წევრი მერაბ ბახია, შაქრო კალაშოვის კლანის წევრს გურამ ჩიხლაძეს, იგივე "კვეჟვიჩს" დაუპირისპირდა, რადგან მას ჰქონდა საშუალება ქობულაძეს დაკავშირებოდა, თუმცა "კანონიერი ქურდების" უკმაყოფილება მას არ გააცნო.
ამბობენ, რომ ქობულაძესთან დაპირისპირება ჯანგველაძისა და კალაშოვის კლანს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი გაგრძელებაა. (წყარო)
მოამზადა ნიკა გულუამ