"ბელადომანია როგორმე უნდა დასრულდეს. ეს დაბალი კულტურის მაჩვენებელია"
"როცა ამომრჩეველი კარგ პროგრამას მოითხოვს, პოლიტიკოსი იძულებული ხდება ასეთი პროგრამა შეიმუშაოს და მერე, ამომრჩეველს მიცემული დაპირებებიც შეუსრულოს"
არსებობს ასეთი ჩინური წყევლა - საინტერესო დროში გეცხოვროსო... დღევანდელი საქართველო და ჩვენი მოსახლეობა უდავოდ საინტერესო დროში ცხოვრობს - დროში, როცა პრობლემებს დასასრული არ უჩანს. ფოტოკორესპონდენტი გოგა ჩანადირი, სწორედ ამ პრობლემებზე, მიმდინარე აქტუალურ თემებზე გვესაუბრება:
- ბატონო გოგა, ე.წ. ფარული მოსმენების თემით დავიწყოთ, რომელიც ბოლო დღეებში კვლავ წინ წამოიწია და აქტუალური გახდა: მართალია, ბერიას მშობელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ 21-ე საუკუნეში მაინც, რატომ ვერ მოვიშორეთ ეს ჭირი?
- საქართველო მართლაც არის ბერიას მშობელი ქვეყანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებს დღესაც უნდა ვუსმინოთ, ვუთვალთვალოთ და სხვის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩავერიოთ. პირადი ცხოვრება არის პირადი ცხოვრება და როცა ადამიანის პირად სივრცეში მიძვრები, უბრალოდ, ცუდი ადამიანი ხარ. მე ფარული ჩანაწერები არ მინახავს და არც მაინტერესებს, რადგან მათი ნახვა უზნეობის წახალისება მგონია. მოსმენები ხომ თავისთავად დიდი დანაშაული და უსამართლობაა, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ჩანაწერების გავრცელება არანაკლებ მძიმე დანაშაულია. როგორც მოპარული ნივთის ყიდვა არის ქურდობის წახალისება, ასევეა სხვისი პირადი ცხოვრების მოსმენა და ამ ინფორმაციის გავრცელება.
რატომ ვერ მოვიშორეთ ეს მოვლენა? - ალბათ, ზოგიერთები ვერ ეგუებიან, რომ ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს და მისი გამოკვლევა არავის საქმე არაა. დღეს, ჩემი 5 წლის შვილთან ერთად ტაძარში ვიყავი და როცა მითხრა - მამიკო, ღმერთს ორი სურვილის ასრულება ვთხოვეო, არ ვკითხე, რა სთხოვა, რატომ? - ეს მისი სამყაროა, რაც უნდოდა, ის ჩაიფიქრა და სთხოვა. აქედანვე ვაჩვევ, რომ მის პირად სივრცეში სხვა არ უნდა ჩაერიოს, ამას ადამიანი ბავშვობიდან უნდა შეეჩვიოს.
- თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, თქვენ რა ნიშნის მიხედვით აპირებთ მერობის კანდიდატის შერჩევას?
- სხვათა შორის, მე ჩემს "ფეისბუკ" გვერდზეც დავწერე, რომ მინდა ისეთი დრო დადგეს, როცა პოლიტიკოსებს თავიანთი პროგრამის მიხედვით აირჩევენ და არა - გარეგნობის, ქარიზმის, წარმოშობის, ან სხვა ნიშნის მიხედვით. მიმაჩნია, რომ თვითმმართველობის არჩევნები უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასევე მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებსაც საარჩევნო სუბიექტები გვთავაზობენ.
საქართველოში ახალი ჩამოსული ვარ, აუცილებლად უნდა წავიკითხო მერობის კანდიდატთა პროგრამები და ხმა ყველაზე კარგი პროგრამის მქონე პოლიტიკურ სუბიექტს უნდა მივცე. ადრე, ჩვენ ბელადებს ვირჩევდით და ყოველთვის იმედები გვიცრუვდებოდა, ამიტომ, საქართველოში ბელადომანია როგორმე უნდა დასრულდეს. ეს დაბალი კულტურის მაჩვენებელია. როცა ამომრჩეველი კარგ პროგრამას მოითხოვს, პოლიტიკოსი იძულებული ხდება ასეთი პროგრამა შეიმუშაოს და მერე, ამომრჩეველს მიცემული დაპირებებიც შეუსრულოს. თუ ასე არ მოვიქცევით, ცუდ პოლიტიკურ კულტურას და წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობას წავახალისებთ.
- თბილისის მერიას ხშირად აკრიტიკებენ "ბეტონის ჯუნგლების" მომრავლების გამო, თქვენი აზრით, რამდენად სწორი მიმართულებით ვითარდება დედაქალაქი?
- ცნობილია, რომ განაშენიანება ასახავს ერის ხასიათს, მის ინტერესებს. საკუთარი ქვეყნის და ქალაქის მიმართ მტაცებლური დამოკიდებულება კარგად ჩანს ჩვენს თანამედროვე არქიტექტურაში. ადრე ბავშვები ეზოში დილიდან საღამომდე ფეხბურთს თამაშობდნენ, დარბოდნენ და ენერგიას ხარჯავდნენ. ჩვენ მათ სათამაშო სივრცე წავართვით და იქ ავტოფარეხები ავაშენეთ, შედეგად რა მივიღეთ? - ბოლო წლებში ძალიან მოიმატა ნარკომანიამ. ბავშვები ვეღარ თამაშობენ, ენერგიას ვეღარ ხარჯავენ და ეს ენერგია სულ სხვა მიმართულებით წარიმართა.
თბილისის ძველ უბნებში "ბეტონის ჯურღმულების" აგება დაუშვებელია, ამ უბნებს ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ, რადგან ეს წარსულისადმი პატივისცემის ნიშანია. ჩვენს ისტორიულ ქალაქებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ამ უკონტროლო მშენებლობებით. ვის და რატომ მოსწონს ამგვარი "არქიტექტურა", მე არ ვიცი. წარსულს მაინც გადავხედოთ: ვიდრე ქართული საეკლესიო არქიტექტურა ჩამოყალიბდებოდა, ჩვენ შევქმენით ბანა, ოშკი, იშხანი, სულ ძიებაში ვიყავით, მშენებლობაში სხვადასხვა სტილს ვიყენებდით და ბოლოს, რაღაც კონცეფციამდე მივედით. დღესაც ასე უნდა ხდებოდეს.
- თუმცა, ყველაფერს ქალაქის მერი ვერ განსაზღვრავს...
- მართალია, მერი ყველა შენობის პროექტს ვერ ჩაუჯდება და ვერ შეისწავლის, მაგრამ ქალაქის განვითარების ძირითადი მიმართულებები, კონცეფცია უნდა არსებობდეს, სხვაგვარად, სულ ქაოსი გვექნება. უბრალო მაგალითი ავიღოთ: ცოტა ძლიერი წვიმა წამოვა და ქუჩები მაშინვე იტბორება - ეს ნიშნავს, რომ რაღაც სწორად არ კეთდება. ახალს ვერაფერს ვიტყვი: პოლიტიკაში და ქალაქის სათავეში ისეთი ხალხი უნდა იყოს, რომელსაც ეს ქალაქი, ქვეყანა და ადამიანები უყვარს. თუ ადამიანი არ გიყვარს, თუ შენი ქალაქი და ქვეყანა არ გიყვარს, მათთვის სასიკეთოს ვერაფერს გააკეთებ.
- დაბოლოს, არჩევნები მოახლოვდა, მაგრამ მოსახლეობაში სერიოზული ნიჰილიზმი და უიმედობა შეინიშნება, თქვენ რას ეტყოდით ნიჰილისტურად განწყობილ ამომრჩევლებს?
- ხალხში მართლაც არის უიმედობა, ეს სწორედ იმის ბრალია, რომ თავის დროზე ბელადები ავირჩიეთ და არა საარჩევნო პროგრამები. სწორედ ამიტომ, დღეს ადამიანებს არა აქვთ საშუალება, რომ თავიანთი ნიჭი სამშობლოში გამოიყენონ. 1,5 მილიონი ადამიანია ქვეყნიდან გასული, რაც საშინელებაა. 2021 წლის პირველ 6 თვეში გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას გადაასწრო, ჩვენს ქვეყანაში განქორწინება უფრო მეტია, ვიდრე ქორწინება - ეს არასწორი პოლიტიკის ბრალია. სიძულვილით და სხვისი ღირსების შელახვით ვერ გაიმარჯვებ, არ შეიძლება სიძულვილზე ააგო საარჩევნო კამპანია, ბიზნესი, ურთიერთობები, არ შეიძლება ადამიანები მოატყუო და ღირსება წაართვა - ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უნდობლობას და ნიჰილიზმს იწვევს.
ნუთუ, არ დავიღალეთ ამ დაძაბულობით, ქაოსით და უწესრიგობით? - ნუთუ, ჩვენი ცხოვრების აზრი ის არის, რომ ერთმანეთი ვჭამოთ და ვხოცოთ? ამიტომ, ჩვენი ხმა აუცილებლად უნდა მივცეთ უკეთეს მომავალს. ეს ქვეყანა ჩვენია, მას ვერც დასავლეთი მოუვლის და ვერც - ჩრდილოეთი. მეზობელმა ერთხელ და ორჯერ შეიძლება სახლი დაგილაგოს, მაგრამ ყოველდღე ვერ დაგილაგებს. ერთხელ და ორჯერ შეიძლება დაგვეხმარონ მეგობარი ქვეყნები, მაგრამ ყოველთვის ვერ დაგვეხმარებიან, ამიტომ ჩვენს სამშობლოს ჩვენვე უნდა მივხედოთ.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)