"გააყალბებენ? მიიღებენ ძალიან დიდ პროტესტს!" - კვირის პალიტრა

"გააყალბებენ? მიიღებენ ძალიან დიდ პროტესტს!"

"ჩვენი პარტნიორები დიდი ეჭვით უყურებენ ამ ქვეყნის ხელისუფლების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ხედავენ, რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიდის. მათი პოლიტიკური მიზნების გამო ზიანდება ქვეყანა, ფინანსური და პერსონალური სანქციები აუცილებლად იქნება, თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, მით უმეტეს, არჩევნები გააყალბა", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე. მისი თქმით, დღის წესრიგში აუცილებლად დადგება ივანიშვილისთვის სანქციის დაწესების საკითხი. ამ ხელისუფლებას ქვეყანა დახმარების შეწყვეტისა და სანქციებისკენ მიჰყავს. წინასაარჩევნოდ შექმნილ დაძაბულ გარემოზე, დასავლელ პარტნიორებსა და პოლიტიკური ლიდერების სკანდალურ განცხადებებზე რომან გოცირიძე გვესაუბრება:

- მოხდა ის, რაც ჩვენი ქვეყნის 30-წლიანი უახლესი ისტორიის განმავლობაში არ მომხდარა - ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ელჩი დაიბარეს და დიპლომატიურად უთხრეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ელჩების მოსმენით ვენის კონვენციას არღვევს. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ უზარმაზარ როლს, რაც ამერიკასა და ევროკავშირს აქვს ჩვენი ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში. ორივემ 10 მილიარდამდე ჩადო საქართველოს პოლიტიკურ, სამხედრო და დემოკრატიულ განვითარებაში.

"ოცნების" ლიდერები ბრიყვულად ამბობენ, ამერიკასა და ევროპაშიც არის მიყურადება და ჩაწერაო. თუ იქ მსგავსი რამ მომხდარა, ამას ყოველთვის გასდევდა ლაიტმოტივად ტერორიზმთან ბრძოლა და სახელმწიფო ინტერესების დაცვა.

როდესაც გამჟღავნდა, რომ ოპოზიციური ოფისი ისმინებოდა, პრეზიდენტი ნიქსონი იძულებული გახდა გადამდგარიყო. იმპიჩმენტი გამოუცხადეს, ხოლო მისი სამი თუ ოთხი თანაშემწე დააპატიმრეს. ნიქსონსაც მოუწევდა დაპატიმრება, მაგრამ პრეზიდენტ ფორდის შეწყალების აქტმა გადაარჩინა. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში უკანონო ფარული მოსმენა ისჯება.

საქართველოში მოსმენების მთავარი მოტივი ქვეყანაზე ზრუნვა კი არა, ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება იყო.

მე მაინტერესებს, ამ 9 წლის განმავლობაში რატომ არ უსმენდნენ რუსებს? ნუთუ ამდენ ჩანაწერში რუსეთის ერთი ჯაშუში, დიპლომატი ან ბიზნესმენი ვერ იპოვეს?! რა, გამოდის, უსმენენ ყველას, რუსების გარდა?! ქართული სპეცსამსახურების ჩანაწერები სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

58 000 ფარული ჩანაწერი უკვე უდევთ რუსებს მაგიდაზე და ამუშავებენ.

- ნიკა მელიას მართლაც აქვს უშიშროების სკოლა დამთავრებული? - ნიკა მელიას ბიოგრაფიაში დამალული ფაქტი არ არის, პარლამენტის ანკეტაშიც შავით თეთრზე წერია, რომ უშიშროების სკოლა თბილისში, გლდანში აქვს დამთავრებული. როდესაც გლდანში კენჭს იყრიდა, ხუმრობდა კიდეც, როდესაც ამ სკოლაში ვსწავლობდი, ოთხი წელი, ფაქტობრივად, გლდანში ვცხოვრობდიო. უმაღლესი სასწავლებელი ლონდონში აქვს დამთავრებული, რა არის ამაში ცუდი?!

- საინტერესოა თქვენი აზრი იმ დაპირისპირების შესახებ, რომელიც ნიკა მელიამ წამოიწყო ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ. მან კობახიძეს სწორედ მაშინ მიაყენა შეურაცხყოფა, როდესაც ევროპელი პარტნიორები ქართველ პოლიტიკურ ლიდერებთან პოლარიზაციისა და დაპირისპირების აღმოსაფხვრელად შეხვედრას მართავდნენ. - ისიც უნდა ითქვას, ამ დაპირისპირებას წინ რა უძღოდა. ყველამ კარგად ნახა, როგორ დაასახიჩრეს ჩვენი მხარდამჭერი. კობახიძემ თქვა, "ნაციონალებმა" თავად დაჭრეს თავისივე მხარდამჭერიო, მაშინ როდესაც პირდაპირ ეთერში ჩანდა, ერთ-ერთ მათ ზონდერს როგორ ჰქონდა ქამარში გარჭობილი პისტოლეტი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მთელი 9 წლის განმავლობაში ოპოზიციაზე ძალადობენ, მაგრამ ამისთვის არავინ დასჯილა. ყოველთვის ნაცად ხრიკებს მიმართავდნენ - არჩევნების წინ დააკავებდნენ და მერე 100-ლარიანი ჯარიმით ან სხვა სამართლებრივი ხრიკების საშუალებით ათავისუფლებდნენ. ახლაც დააკავეს მოძალადე, რომელმაც დანით დაჭრა ოპოზიციის წევრი. როგორც კი დამთავრდება არჩევნები, მაშინვე გამოუშვებენ... მმართველმა გუნდმა ძალადობის ესკალაცია დაიწყო სისხლიანი პლაკატების გამოფენით. აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტების წინააღმდეგ შავრაზმელების გამოყენებასა და ტელეოპერატორის მკვლელობაზე. 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ და ეს არის მათი ყველაზე დიდი სადარდებელი... "ოცნებამ" განაცხადა, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გავედითო, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ დოკუმენტი ისევ ძალაშია და მას სავალდებულო შესასრულებლად განიხილავს ყველა, როგორც მონაწილე პირები, ისე დასავლელი პარტნიორები. ამ შეთანხმების შეუსრულებლობას მძიმე პოლიტიკურ და პერსონალურ ფასად დაუსვამენ "ოცნებას". აი, ამ შიშებით არის განპირობებული მათი არნახული ზეწოლა ამომრჩეველზე. რისთვის სჭირდებოდათ ტოტალური მოსმენები? იმისთვის, რომ საზოგადოება დაეშანტაჟებინათ და თავიანთ ჭკუაზე ეტარებინათ. შანტაჟთან ერთად, ტყუილებსაც არ ერიდებიან. ისეთ აბსურდულ რაღაცებს აკეთებენ, გაგიკვირდება. მაგალითად, მოიპარეს დუბაის პორტის ნახატი, დაატყეპეს ბათუმს და ამბობენ, ზღვაში უნდა ავაშენოთ კუნძულიო. ასეთი კუნძულის აშენება იმაზე ორჯერ მეტი დაჯდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტია. დუბაიში ეს 12 მილიარდი დაუჯდათ, ახლა კი წყალში იძირება, კვადრატული 20.000 დოლარი ღირს და არავინ ყიდულობს. რაში სჭირდება ბათუმს კუნძული, როდესაც იმხელა სანაპირო აქვს, ან სად არის საამისო ფული?! თუ ფული აქვთ, პენსია და ხელფასი გაუზარდონ ხალხს.

- თქვენი აზრით, არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდება?

- როგორი იქნება არჩევნების დღე, რამდენად იქნება დაცული საარჩევნო ურნები და რა მოხდება არჩევნების შემდეგ, ეს დამოკიდებულია "ოცნებაზე". გააყალბებს?! მიიღებს ძალიან დიდ პროტესტს. პროტესტი იქნება ყველა ოჯახში, მთლიანად საზოგადოებაში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში. პარტნიორების პროტესტი გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას შეუწყვეტენ ქვეყანას და უგუნური ხელისუფლების გამო ხალხი დაზარალდება. თუმცა იქნება პერსონალური სანქციებიც, რომელიც ივანიშვილს მიახვედრებს, რომ შორს არ არის ის დღე, რაც მოხდა მოლდოვაში.

ხათუნა ბახტურიძე