"მთავარია, საზოგადოებამ ნაციონალებს არჩევნების ჩაშლის საშუალება არ მიცეს" - კვირის პალიტრა

"მთავარია, საზოგადოებამ ნაციონალებს არჩევნების ჩაშლის საშუალება არ მიცეს"

"2 ოქტომბრის შემდეგ "ნაცმოძრაობა" აღმოჩნდება არჩევნის წინაშე - დარჩებიან ისეთივე მარგინალები და საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, ან თავიანთი პარტიის ისტორიაში პირველად უარს იტყვიან ძალადობაზე, დესტრუქციაზე და დემოკრატიულ ჩარჩოებში მოექცევიან. ეს კი ნიშნავს, რომ უარი თქვან სააკაშვილზე..."

"ნაციონალური მოძრაობა" არ ემზადება არჩევნებისთვის, არ აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას. მათი ერთადერთი მიზანი დესტრუქცია და პროვოკაციებია. ჩვენ ამის შესახებ დიდი ხნის წინ ვაფრთხილებდით საზოგადოებას", - ამბობს მმართველი გუნდის ლიდერი შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, საზოგადოებამ "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციები უკვე იხილა ბათუმში, კასპში, ხელვაჩაურში, დმანისში და ახლა უკვე თბილისშიც, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი პირდაპირ მიეჭრა ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობიდან გამოდიოდა და ჟურნალისტებს ესაუბრებოდა. ამით მან ტიპური ნაციონალური სახე გვაჩვენა", - ამბობს პაპუაშვილი.

იღებს თუ არა მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას ოპოზიციონერების ცემასა და დაჭრაზე და წინასაარჩევნოდ არსებულ დაპირისპირებაზე და როგორ წარმოუდგენია დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაგრძელება, ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი გვესაუბრება:

- პირველ რიგში ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ რუსთავში მომხდარ ინციდენტსა და ბატონი გველესიანის ცემასთან "ქართულ ოცნებას" კავშირი არა აქვს. ის კაცი, მგონი, პოლიტიკაშიც კი არ არის. რაც შეეხება დმანისის ინციდენტს, ეს იყო ნამდვილი პროვოკაცია. ჩვენ ძალადობას ვემიჯნებით. ძალიან ცუდია, რომ ჩვენმა მხარდამჭერმა ცივი იარაღი გამოიყენა, ამის გამო შესაბამისადაც დაისაჯა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ის გამოიწვიეს და შედეგიც მიიღეს. ამას ჰქვია პროვოკაცია.

ნაციონალები ჩასაფრებული არიან, თუ სადმე გაიგეს, რომ ადამიანური ტრაგედია მოხდა, მაშინვე იქ გაჩნდებიან, პოლიტიკურ სარჩულს დაუდებენ და თავიანთი კონტროლირებადი მედიასაშუალებებით გაავრცელებენ. არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ, მათი ერთადერთი მიზანი ქვეყნის არევაა, ამისთვის კი ტრაგიკული, დრამატული სურათების მოძიება, ზოგ შემთხვევაში დადგმა და გაბუქება სჭირდებათ.

ოპოზიციის ქმედებებზე პასუხისმგებლობას ნამდვილად ვერ ავიღებთ. ჩვენ მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი გვაქვს - გავაფრთხილოთ როგორც ჩვენი საზოგადოება, ასევე უცხოელი დამკვირვებლები, რომ საქმე გვაქვს ძალადობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციასთან.

"ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი თუ რამე კარგს აკეთებდა, ყველაფერი ძალადობაზე ჰქონდა დაფუძნებული. ძალადობა მათი ბუნებაა. აქედან ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ არჩევნებში ხმა არავინ უნდა მისცეს.

- "ქართული ოცნების" მცდარი პოლიტიკის შედეგი ხომ არ არის ის, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს დღემდე "ნაციონალური მოძრაობა" ქმნის? - სანამ 500 000 კაცი ხმას აძლევს "ნაცმოძრაობას", ქვეყანაში დესტრუქცია იქნება. ერთადერთი გამოსავალი ამომრჩევლის ცნობიერების ამაღლებაა. თავად ამომრჩეველმა უნდა გასცეს პასუხი პარტიას, რომლის დღის წესრიგი ძალადობაა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ აძლევს 500 000 კაცი ხმას პარტიას, რომლის დღის წესრიგიც, როგორც თქვენ ამბობთ, ძალადობაა? - მე ერთი რამ ვიცი - ის 500 000 კაცი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია. ეს ტრაგედიაა. გასაგებია, რომ ბევრი მყარი მხარდამჭერი ჰყავთ, მაგრამ ხომ იციან, რომ ეს ხალხი პირადად მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს. მათ, ერთი მხრივ, დისტანცირება სურთ სააკაშვილისგან, მაგრამ მაინც ვერ ელევიან, იმიტომ, რომ მის პირად მხარდამჭერებზე არიან დამოკიდებული. აი, ასეთი შეკრული წრეა. ერთადერთი, რაც დამაიმედებელი პროგნოზის საშუალებას იძლევა, ის არის, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ მთელი 3 წლის განმავლობაში არჩევნები აღარ იქნება. ყოველი არჩევნების შემდგომი პერიოდი ნაციონალებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ არჩევნების გაყალბებაზე ილაპარაკონ და ქაოსი შექმნან. 2 ოქტომბრის შემდეგ "ნაცმოძრაობა" აღმოჩნდება არჩევნის წინაშე - დარჩებიან ისეთივე მარგინალები და საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, ან თავიანთი პარტიის ისტორიაში პირველად უარს იტყვიან ძალადობაზე, დესტრუქციაზე და დემოკრატიულ ჩარჩოებში მოექცევიან. ეს კი ნიშნავს, რომ უარი თქვან სააკაშვილზე.

- თქვენ ამბობთ, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ არჩევნები სამი წლის განმავლობაში აღარ გაიმართება, ოპოზიცია კი ირწმუნება, 2022 წელს აუცილებლად ჩატარდება ვადამდელი არჩევნებიო. რას უნდა ველოდოთ 3 ოქტომბერს? - ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაპირისპირების რისკი 3 ოქტომბერს ან მას შემდეგ კი არა, 2 ოქტომბერს, არჩევნების დღესაც იქნება.

თუ დააკვირდებით ნაციონალების პროვოკაციებსა და დესტრუქციულ მოქმედებებს, მიხვდებით, რომ 2 ოქტომბერსვე აპირებენ არჩევნების ჩაშლას. მთავარია, საზოგადოება გაფრთხილდეს და არჩევნების ჩაშლის საშუალება არ მისცეს. 3 ოქტომბრისთვის და შემდეგ მათ უკვე აღარ ექნებათ რესურსი, რომ ეროვნული მნიშვნელობის პროტესტი ააგორონ. ამდენი წელია ერთი ხეირიანი მიტინგიც ვერ ჩაატარეს. მათი ერთადერთი რესურსი სატელევიზიო კამპანია და სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გავრცელებაა.

- თუ სიძულვილის ენაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ სისხლიანი ბანერები და კოკაინთან დაკავშირებული ირაკლი კობახიძის ბრალდებები. - სიძულვილის ენა ადამიანის შეურაცხყოფა და ლანძღვაა. ნებისმიერი ოპოზიციური ტელეარხი დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჩართეთ და ნახავთ, რომ პოლიტიკოსები კი არა, უკვე ჟურნალისტებიც ილანძღებიან.

- თქვენი ვერსიით, დღეს არსებული პოლარიზებული გარემო დასავლურ სამყაროს ხომ არ გვაშორებს? - დიახ, თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ პოლარიზაციაზე, შეიძლება დავამატოთ, რომ "ქართული ოცნება" დგას დასავლურ პოლუსზე, ხოლო "ნაცმოძრაობა" რადიკალურად განსხვავებულ პოლუსზე თავისი ძალადობით, დესტრუქციით, რადიკალიზაციითა და რუსული პროპაგანდისტული ხერხებით.

ხათუნა ბახტურიძე