"ის, რაც ევროკავშირის ოფისის წინ მოხდა, ჯამბაზობა იყო"
"წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს შესახებ არაფერი იცით, კანადიდან პირველად ჩამოხვედით და ხედავთ, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს "კოკაინშიკს" ეძახიან, შარდიანი "ბანკებით" დარბიან, ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ ერთმანეთს აგინებენ... რას იფიქრებთ ამ ხალხზე?" - სვამს რიტორიკულ კითხვას პარტია "გირჩის" ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი. მისი აზრით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაპირისპირების ისეთი მასშტაბი იქნება, რამდენზე წამსვლელებიც არიან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ვახტანგ მეგრელიშვილი უფრო ვრცლად გვესაუბრება:
- პარტია "გირჩში" სრულიად განსხვავებულ თემებზე ვლაპარაკობთ. როდესაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საზოგადოებას ვხვდებით და ველაპარაკებით, გვეუბნებიან, რა უცნაური რამე ხდება პოლიტიკაშიო. წინ თვითმმართველობის არჩევნებია და პოლიტიკაზე არავინ ლაპარაკობს, მთავარი განსჯის საგანია, ვინ ვისი მოსყიდულია, ვინ პუტინის აგენტია, ვინ "კოკაინშიკი"... ხალხი სხვა სამყაროშია, პოლიტიკოსები სხვაგან არიან... მერწმუნეთ, უცხო ადამიანი რომ დააკვირდეს ჩვენს ქვეყანაში პროცესებს, იტყვის, ამათ რა სჭირთ, ვერ არიანო...…
- თქვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორ ფიქრობთ, რა გვჭირს? - არ ვიცი, ვერ გავერკვიე. პარლამენტშიც ხომ გავატარე რამდენიმე თვე. ჩემს თავს სულ ვეკითხებოდი, რა ხდება, რა გვჭირს-მეთქი?!
გამაოგნებელია, რომ არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას კონკრეტულ თემაზე საუბარი არ სურთ, თითქოს უხერხულიც კია. როგორც კი საუბარს იწყებ კონკრეტულ საკითხზე, მაშინვე პოლიტიკურ შეფასებას გაძლევენ, ესე იგი, ან ერთ დაპირისპირებულ მხარეს ხარ, ან მეორე მხარეს. ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკურ ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.
ის, რაც რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობის წინ მოხდა, ჯამბაზობა იყო. აი, ასე იბლოკება საქართველოში პოლიტიკური პროცესები.
პრობლემებზე საუბარი ცოდვა გახდა. შეიძლება ორივე მხარემ ჩაგქოლოს. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომელიმეს მხარეს დადგე და ზურგგამაგრებულმა სადღეგრძელოებით, მაღალფარდოვანი სიტყვებით ლანძღო მეორე მხარე.
- რატომ უნდა უნდოდეს პოლიტიკური პროცესის დაბლოკვა ორ ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ძალას? - ამას ორი ახსნა აქვს: ორივე კმაყოფილია ბოლო 9 წლის განმავლობაში არსებული რეალობით, თავიანთი როლებით, თამაშითა და ამ თამაშით მიღებული სტატუს-კვოთი. მეორე ახსნა ასეთია - კომპეტენციის პრობლემა დგას. მთავარ პოლიტიკურ თემად რომ ვაქციოთ ინფლაცია, ადამიანის უფლებები ან სხვა ნებისმიერი სერიოზული საკითხი, ვის აწყობს? არავის.
სასამართლო სისტემის გამოცვლა რომ მოვინდომოთ, ხომ უნდა შევთანხმდეთ, რომ სასამართლო არც ნაციონალების დრო ვარგოდა და არც "ოცნების" დროს ვარგა?! ორივეს ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა და მაგიდასთან უნდა დასხდნენ ისინი, ვისაც ეს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს. თუ ერთმანეთს ვაბრალებთ ამ სისტემაში არსებულ მანკიერებას, როგორ უნდა შევთანხმდეთ?!
- თქვენ ამბობთ, რომ ხალხს სხვა რამ აინტერესებს და პოლიტიკოსები სხვას სთავაზობენ. თუმცა ამ პოლიტიკურ სპექტრს ხომ ისევ ხალხი ირჩევს? - ხალხს სხვა არჩევანი არა აქვს. მთელ ბაზარზე არიან "გირჩი" და სხვა დანარჩენი.
- "ნაციონალებს" და "ქართულ ოცნებას" "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და სხვა დანარჩენებიც მიაყოლეთ? - შეიძლება სხვა პარტიის ლიდერებს არც სურდეთ, მაგრამ უნებლიეთ არიან ჩათრეული დიდ თამაშში. მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ გიორგი ვაშაძეს არ უნდა აწყობდეს ამ თამაშში მონაწილეობა და ჩვენსავით ფიქრობდეს, რომ კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა ჯობია, ვიდრე საყოველთაო ლანძღვა-გინებაში ჩართვა.
- ვაშაძეც ზუსტად ამას ამბობს. - ძალიან კარგი, ესე იგი, ემთხვევა ჩემი შეხედულებები გიორგის აზრებს. თუმცა სხვა საკითხია, ჩვენ რა ტიპის შესაძლებლობები გვაქვს. ნახეთ, მთელი მედიარესურსის 90% "ნაცმოძრაობისა" და "ოცნების" განკარგულებაშია. შესაბამისად, საჯარო სივრცეში ისეთი სურათი იხატება, როგორიც ამ ორ პარტიას აწყობს.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, მიზნები და ძალიან გვინდა მათი შესრულება. ძალიან მაინტერესებს, რა მოხდება 2 ოქტომბერს, როგორი იქნება ჩვენთვის ამომრჩევლის ვერდიქტი.
ხათუნა ბახტურიძე