მე ვარ ტომას ფიცსიმონსი - რას ჰყვება კეტრინ ზეტა-ჯონსისა და მაიკლ დუგლასის პირადი მცველი
"როდესაც ახალ კლიენტთან ვიწყებ მუშაობას, ჯერ რისკს განვსაზღვრავ, ამის შემდეგ კი ვწყვეტ, როგორი დაცვა დასჭირდება"
რეალურია თუ არა ფილმში "პირადი მცველი" კევინ კოსტნერის გმირის ცხოვრება? ესხმიან თუ არა თავს სელებრიტებს და აქვთ თუ არა პირადი ცხოვრება ჰოლივუდის ვარსკვლავების პირად მცველებს? - ამ კითხვებზე გვინეტ პელტროუს, პოლ ნიუმენის, კეტრინ ზეტა-ჯონსის, და სხვა მრავალი სელებრიტის პირადი მცველი ტომას ფიცსიმონსი ექსკლუზიურად პასუხობს "კვირის პალიტრას".
ტომას ფიცსიმონსი აშშ-ის საზღვაო ძალებში მსახურობდა, იყო ნიუ-იორკის პოლიციის ოფიცერი, მსახიობი, მოდელი, რამდენიმე ბესტსელერის ავტორი. ტომასთან ინტერვიუ კონფიდენციალურობის ჩარჩოში მოვაქციეთ, ჩემი უამრავი კითხვის პასუხად კი მომწერა: "ინფორმაციის კონფიდენციალურობის გამო შეკითხვებზე პასუხი ლიმიტირებული მაქვს. ჩემს პრესაგენტთან და იურისტთან კონსულტაციის შემდეგ ვეცდები მაქსიმალურად ამომწურავად გიპასუხოთ".
- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?
- მე ვარ ტომას ფიცსიმონსი. ნიუ-იორკში დავიბადე. წარმოშობით ირლანდიელი ვარ. ვმსახურობდი აშშ-ის საზღვაო ძალებში, ვიყავი ნიუ-იორკის პოლიციის ოფიცერი, ერთხანს ვმუშაობდი მსახიობად, მოდელად "ფორდ სააგენტოში", პირად დეტექტივად, ახლა კი პირადი მცველი ვარ. ასევე ვარ რამდენიმე ნოველის, მოთხრობების, მემუარებისა და სამი სცენარის ავტორი.
- პოლიციაში მუშაობდით, მაგრამ ამის შემდეგ მალევე გახდით პირადი მცველი...
- ნიუ-იორკის პოლიციაში მუშაობით იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან პოლიტიკოსების მხარდაჭერას ვერ ვგრძნობდი. სამსახურიდან წამოსვლამდე ელეინ ფორდმა, მსოფლიოში სახელგანთქმული "ფორდის სამოდელო სააგენტოს" დამფუძნებელმა აღმომაჩინა და პოლიციიდან სამოდელო ბიზნესში გადავინაცვლე, სადაც ათწლიანი წარმატებული სამოდელო და სამსახიობო კარიერა მქონდა. ჩემი ადრინდელი პროფესიისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაცია შოუბიზნესის სფეროს სწრაფად მოედო და ხშირად მოდიოდნენ რჩევის საკითხავად, როგორ გამკლავებოდნენ სტალკერებს, მოძალადეებს, მოთვალთვალეებსა და ა.შ. ზოგიერთ მათგანს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ვგზავნიდი, ზოგის საქმეში კი თავად ვერეოდი. იმ პერიოდში "როკერების რამდენიმეკაციანი ჯგუფი ჩამოვაყალიბე და იმ კრიმინალებს ვუმკლავდებოდით, რომელთაც ნიუ-იორკის პოლიცია ვერ ან არ ეხებოდა.
- არაერთი სელებრიტის პირადი მცველი ყოფილხართ, რა არის მთავარი თვისება რასაც სელებრიტები პირადი მცველისგან ითხოვენ? - იარაღის გამოყენებისა და ხელჩართული ბრძოლის ცოდნა პირველი მოთხოვნაა. უნივერსალად ითვლება მცველი, რომელიც მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს, როდესაც რამეს ეკითხებიან და არა - თავისი ინიციატივით. ასეთ მცველზე ძალიან დიდი მოთხოვნაა."მეგობრული უცნობი" - ეს არის პირადი მცველის მანტრა. სელებრიტები არ გვქირაობენ იმისთვის, რომ ვიმეგობროთ ან კომპანიონობა გავუწიოთ, მათ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი. მათი მოთხოვნაა, ჩვენი მოვალეობა საუკეთესოდ შევასრულოთ. ჩემი გუნდის წევრებს ხშირად ბიზნესმენებად მიიჩნევენ. ისინი გარემოსთან შეუმჩნევლად ადაპტირდებიან, ამ დროს კი თავიანთ სამუშაოს ასრულებენ.
რეპერები დიდი ტანის ადამიანებს ქირაობენ პირად მცველებად, რომ ხალხი დააფრთხონ და ყურადღება მიიქციონ. როდესაც ახალ კლიენტთან ვიწყებ მუშაობას, ჯერ რისკს განვსაზღვრავ, ამის შემდეგ კი ვწყვეტ, როგორი დაცვა დასჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი გუნდის ყველა წევრს თავად ვარჩევ.
- ალბათ, უამრავი საინტერესო ამბავი გადაგხდენიათ თავს. იქნებ გაიხსენოთ ამბავი, რომელიც კეტრინ ზეტა-ჯონსს უკავშირდება?.. - წლების წინ ბროდვეიზე დაიდგა სპექტაკლი A Little Night Music, რომელშიც კეტრინ ზეტა-ჯონსი მონაწილეობდა. იმ პერიოდში ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჯონ ვოიტი შემოივლიდა ხოლმე თეატრში ტექსტით: "უთხარით კეტრინს, რომ მინდა მივესალმო!"
სიმართლე გითხრათ, არ მომწონდა მისი ეს დაჟინება. კეტრინს ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და რეპეტიციებისგან გადაღლილმა თავი შეიკავა შეხვედრისგან. როდესაც ვოიტს სიტუაცია ავუხსენი, თითქოს გაიგო, თუმცა არ დანებდა. არ გამკვირვებია, რადგან კეტრინი მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალია, მაგრამ მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. ხუთჯერ მოვიდა თეატრში კეტრინის სანახავად და ხუთჯერვე უკან გავაბრუნე. ერთი წლის შემდეგ კეტრინი და მაიკლ დუგლასი ერთ-ერთი ფონდისადმი მიძღვნილ წვეულებაზე ისხდნენ და, იცით, ვინ აღმოჩნდა კეტრინის გვერდით სკამზე, ბედნიერი ღიმილით? ჯონ ვოიტი! რომ შევხედე, გაეცინა და ცერა თითით მანიშნა, ყოჩაღო. მეც გავუღიმე და ვანიშნე, შენც ყოჩაღი ხარ-მეთქი.
- საშიში სიტუაცია, რომელიც ახლა კარგად გახსენდებათ... - თუ პირად მცველს უნდა, თავიდან აიცილოს სახიფათო სიტუაცია, უნდა გათვალოს ყველა დეტალი, მოქმედება, კლიენტის მიმოსვლა, მისი ადგილსამყოფლის თითოეული კუთხე-კუნჭული, ჟურნალისტების მოქმედება, მსვლელობა წითელ ხალიჩაზე, წვეულება და ა.შ. თუმცა მაინც შეიძლება მოხდეს რამე გაუთვალისწინებელი.
ჰოლივუდის მსახიობ ჯინა დევისთან ვმუშაობდი... ფილმის პრემიერა იყო... პაპარაცებმა გამაფრთხილეს, რომ ხალხში ერთი ბიჭი დადიოდა და ჩუმად, გამწარებული სახით ჯინას სახელს იმეორებდა. ჩემი გუნდიდან ორი მცველი მივუჩინე იმ ბიჭს. როდესაც პრემიერა დამთავრდა, ჯინა თავისი ლიმუზინისკენ გაემართა. უკან მე მივყვებოდი. სწორედ ამ დროს ეს ბიჭი უეცრად გამოვარდა ბრბოდან და ჩვენკენ გამოეშურა. ბიჭებმა მაშინვე ხელი სტაცეს. ყველაფერი წამებში მოხდა, ისე სწრაფად, რომ ჯინამ დღემდე არაფერი იცის.
- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გასაუბრების დროს, ახალი კადრების შერჩევისას? - აუცილებელია, პრეტენდენტს ჰქონდეს სამართლებრივ ან სამხედრო სფეროში მუშაობის გამოცდილება, ან ნამუშევარი იყოს პოლიტიკოსებთან თუ მაღალი რანგის სამხედრო პირებთან პირად მცველად. ვეძებ ადამიანს, რომელიც გუნდის ლიდერობას შეძლებს, თავს კომფორტულად გრძნობს კონსერვატულ ბიზნესგარემოში და არ ადარდებს ჰოლივუდის გლამური. არასერიოზულმა ხალხმა არც უნდა სცადოს ჩემთან გასაუბრებაზე მოხვედრა.
- რა ხდება, როდესაც სელებრიტი, რომელსაც იცავთ, ძნელად სათვალთვალო ხდება, მიდის მეგობრებთან ან წვეულებაზე? ხომ არ არის სიტუაციები, როცა მას დაცვა არ სჭირდება? - ყოველთვის თვალს ვადევნებ და ეს რთული არ არის. ნებისმიერ დროს ვიცი, სად არის, მაგალითად, საპირფარეშოში თუ შენობის გარეთ მოსაწევად. მე ან ჩემი გუნდის რომელიმე წევრმა ყოველთვის იცის ეს. ჩემი კლიენტები, ძირითადად, ზრდასრული, სერიოზული ხალხია, რომელთაც ღამის წვეულებები მაინცდამაინც არ ხიბლავთ. მათი გართობა საღამოს გატარებაა სახელგანთქმულ"ბემელმანსის" ბარში, რომელიც სასტუმრო "კარლაილშია", ნიუ-იორკში.
- ამჟამად რას საქმიანობთ? - ბოლო 18 წელია, კეტრინ ზეტა-ჯონსისა და მაიკლ დუგლასის პირადი მცველი ვარ. ახალ სელებრიტებს აღარ ვიყვან, თუმცა ვწვრთნი მცველებს, რომლებიც საუკეთესოდ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. გულწრფელად გითხრათ, მივხვდი, რომ ადამიანებს, ვისაც პირადი მცველის დაქირავება სურთ, ან საშუალება არა აქვთ, ან ეს ძალიან იაფად უნდათ, მაგრამ ჩვენთანაც ისეა, როგორც ნებისმიერ ბიზნესში - იღებთ იმას, რასაც იხდით!
რამდენია პირადი მცველის ხელფასი ამერიკაში?
2021 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, პირადი მცველის საშუალო ხელფასი თვეში 64 808 დოლარია. ზოგადად, ხელფასის ოდენობა 58 667 დოლარიდან 73 894 დოლარამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორზე, როგორიც არის პირადი მცველის განათლება, სერტიფიკატების რაოდენობა, დამატებითი უნარები, გამოცდილება. პირადი მცველის კონკრეტული სამუშაო საათები არ არსებობს და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც არის მცველის პროფესია ასე მაღალანაზღაურებადი. "პირად მცველსა და სელებრიტს შორის მეგობრული ურთიერთობა დაუშვებელია" - ამ ფრაზას საერთაშორისო მედიის ბევრ სტატიაში ამოიკითხავთ, თუმცა ცნობილია ტოპმოდელ ჰეიდი კლუმისა და მისი პირადი მცველის რომანტიკული ურთიერთობა, რომელიც სამ წელიწადს გაგრძელდა, დაშორების შემდეგ კი მოდელის პირადმა მცველმა, შეყვარებულთან ერთად, სამსახურიც დაკარგა.
ნინო წიფურია