"არ მინდა, ეს სიტყვები ვინმემ მოწოდებად ჩამითვალოს - ეს ჩემი მოსაზრებაა"
ადამიანის ორგანიზმში შეძენილი იმუნიტეტის ფორმირებას იმუნიზაციას უწოდებენ. იმუნიზაცია, აცრა, შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ორგანიზმს, უკეთ დაიცვას თავი ამა თუ იმ დაავადებისგან. ის ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულშია შესული. მიღწევებს შორის უნდა დასახელდეს: პენიცილინის გამოგონება, რენტგენის სხივების აღმოჩენა, ინსულინი, ანესთეზია და ა.შ... კაცობრიობამ ვაქცინების წყალობით არაერთი საშიში დაავადება დაამარცხა, მაგრამ ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა ხალხში ყოველთვის არსებობდა. გამონაკლისი არც "კოვიდ 19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინებია. ალბათ, ჩვენს მკითხველს აინტერესებს, რა მითები ვრცელდება ვაქცინებზე და რას ფიქრობენ ამ საკითხზე ცნობილი ადამიანები:
"ერის ტრაგედიაა, რომ კორონავირუსის გამო ამდენი ადამიანი დავკარგეთ"
ნიკუშა შენგელაია, მხატვარი: - არ ვიცი, რა უნდა ვთქვა იმაზე მეტი, რასაც მთელი მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და რჩეული ექიმები გვეუბნებიან - ერთადერთი დაცვა, რომ "კოვიდ 19" არ მოგერიოს, არ დამძიმდე და საავადმყოფოში არ მოხვდე, არის აცრა! ჩამოყალიბებულ და ზრდასრულ ადამიანს ამაზე მეტი რაღა უნდა უთხრა?
"კოვიდის" საწინააღმდეგო აცრა მთელმა ჩემმა ოჯახმა და სამეგობრომ გაიკეთა. ქართველი ექიმები ყოველდღიურად მიმართავენ საზოგადოებას, ათასგვარ რჩევას აძლევენ და მეტი რა უნდა უთხრან, როგორ გააგებინონ ზოგიერთს, რომ ამ დაავადებისგან მხოლოდ აცრა დაგვიცავს?
ანტივაქსერები ამბობენ, თუ "კოვიდი" მაინც უნდა შეგვხვდეს, ვაქცინის გაკეთებას რაღა აზრი აქვსო? აზრი ისა აქვს, რომ რეანიმაციაში არ მოხვდები და სიცოცხლეს ტანჯვით არ დაასრულებ - ვაქცინის დანიშნულებაც ეს არის!
სხვათა შორის, აცრის შემდეგ ბევრი გათამამდა: სიფრთხილე დაივიწყეს და პირბადით დაწყებული, ყველანაირ შეზღუდვაზე უარი თქვეს, რაც დიდი შეცდომაა. სწორედ ამიტომ შეხვდა ზოგიერთ აცრილს ვირუსი. მართალია, აცრა გაკეთებული მაქვს, მაგრამ პირბადეს მაინც ვატარებ და სულ ვცდილობ ყველა წესის დაცვას. ჩემი რეკომენდაციაა ექიმებს დავუჯეროთ და სანამ ეს საშიშროება გვემუქრება, მათი რჩევების მიხედვით ვიცხოვროთ. განა ჩვენი ერის ტრაგედია არ არის, რომ ამ ვირუსის გამო ათასობით ადამიანი დავკარგეთ?!
"აცრილი ვარ, ამიტომ თავს გაცილებით მშვიდად და დაცულად ვგრძნობ"
ნინო ჩხეიძე, მომღერალი: - საქართველოში ვაქცინის შემოტანას მე და მთელი ჩემი ოჯახი მოუთმენლად ველოდით და როგორც კი შემოიტანეს, მაშინვე გავიკეთეთ "სინოფარმი". გაიკეთებს თუ არა ვაქცინას, თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, მაგრამ ამაზე მთელი ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული. ეს ერთადერთი გზაა, რომ საშინელი დაავადება არ გავრცელდეს და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. არ მინდა ეს სიტყვები ვინმემ მოწოდებად ჩამითვალოს - ეს ჩემი მოსაზრებაა.
აცრილი ვარ, ამიტომ თავს გაცილებით მშვიდად და დაცულად ვგრძნობ - ამ რთულ დროში ეს ცოტას როდი ნიშნავს.
"სამწუხაროდ, ჩემს ნაცნობებს შორის ბევრი დაიღუპა, ვინც აცრილი არ იყო"
დათო ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი:
- მეც და დედაჩემსაც დიაბეტი გვაქვს, რისკჯგუფში შევდივართ და აცრა აუცილებლად უნდა ჩაგვეტარებინა. ჯერ ჩვენ ავიცერით და მერე მთელმა ოჯახმა მოგვბაძა. შეიძლება "კოვიდი" აცრის შემდეგაც შეგხვდეს, მაგრამ სიკვდილიანობას ხომ შეამცირებს?
"კოვიდი" ჩემმა შვილმა და შვილიშვილმა ძალიან რთულად გადაიტანეს. მაშინ არც ერთი აცრილი არ იყო, რადგან ვაქცინა არ არსებობდა. ჩემს ნაცნობებს შორის ვინც აცრილი იყო და "კოვიდი" შეხვდა, ყველამ ადვილად გადაიტანა, მაგრამ ვინც აცრილი არ იყო, ძალიან გაუჭირდათ. ვაქცინაცია როგორმე უნდა წავახალისოთ, მაგალითად, ღონისძიებებზე, რომლებსაც ჩავატარებთ, ვეცდებით პირველ რიგში აცრილები მივიღოთ. რატომ? დიდი შანსია, რომ აუცრელმა ადამიანმა აცრილს რაღაც გადასდოს. მთელი მსოფლიო ამ წესებს იცავს: კონცერტებზე, თეატრებში მხოლოდ მათ უშვებენ, ვინც აცრილია. თუ გვინდა ნორმალური ცხოვრება დავიბრუნოთ, უნდა ავიცრათ.
ბავშვობაში აცრებს ხომ გვიკეთებდნენ? მაშინ რატომ არავინ ეწინააღმდეგებოდა? ჩვენ ერთმანეთის სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ და ერთადერთი გზა ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად არის აცრა, სხვა გზა, ჯერჯერობით, არ არსებობს. ხომ ვხედავთ, რომ უამრავი ადამიანი გარდაიცვალა, ვინც აცრილი არ იყო?! მსოფლიო სტატისტიკას მაინც გადახედონ - იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრა, სიკვდილიანობა ნულამდეა შემცირებული.
"ჩემმა შვილმა თავად გადაწყვიტა, აცრილიყო თუ არა"
ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:
- ჩემი დედ-მამა, შვილი და მთელი ოჯახი რა ხანია აცრილი ვართ. სწორედ ამას ვაბრალებ, რომ ჩვენს ოჯახში ეს ვერაგი ვირუსი არავის შეხვედრია.
"კოვიდის" საწინააღმდეგო ვაქცინებზე ათასგვარი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ ჩვენ მედიცინას ვენდეთ და დავუჯერეთ. ახლაც მხოლოდ იმას ვუსმენ, რასაც წამყვანი მეცნიერები ამბობენ, რადგან სწორედ ექიმებმა იხსნეს მსოფლიო უამრავი საშიში დაავადებისგან. საფიქრალი ისედაც ბევრი მაქვს და "კოვიდზე" ვეღარ ვიფიქრებ. მე არც ვირუსოლოგი ვარ და არც ეპიდემიოლოგი. ვერავის ვერაფერს ვასწავლი და ვერც მოვუწოდებ, მაგრამ ამ თემაზე საუბრისას ხშირად მომყავს ჩემი შვილის მაგალითი: მაშინ 18 წლისაც არ იყო, მაგრამ თავად გადაწყვიტა, აცრილიყო თუ არა. ჩემთვის არაფერი უკითხავს, ისე დაჯავშნა ვიზიტი. მიხარია, რომ საქართველოში ასეთი დამოუკიდებელი და გამბედავი თაობა იზრდება.
მითები და რეალობა
მითი N1 - ჰიგიენის ნორმების დაცვა ინფექციის თავიდან ასაცილებლად საკმარისია.
რეალობა: თუ იმუნიზაციას შევწყვეტთ, "სადღაც გამქრალი" დაავადებებიც ხელახლა იფეთქებს - ხელების დაბანა ეპიდემიებისგან ნამდვილად ვერ დაგვიცავს.
მითი N2 - ვაქცინაცია საშიშ შედეგებს იწვევს, რომელიც წლების შემდეგ გამოვლინდება.
რეალობა: ვაქცინები უსაფრთხოა. აცრის გვერდითი ეფექტები უმეტესად დროებითი და უმნიშვნელოა: მაგალითად, ტკივილი აცრის ადგილას, მოთენთილობა ან ტემპერატურის მომატება. მძიმე გვერდითი მოვლენები იშვიათია, თანაც საფრთხე აუცრელობის შემთხვევაში ბევრად მეტია, ვიდრე ვაქცინაციის შემდეგ.
მითი 3 - ვაქცინაცია იწვევს უშვილობას, აუტიზმს და ა.შ... რეალობა: ექიმების თქმით, ვაქცინაციას არანაირი კავშირი არა აქვს ადამიანის რეპროდუქციულ სისტემასთან. აუტიზმის შესახებ მოსაზრება კი პირველად 1998 წელს გამოქვეყნდა ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში, სადაც წითელა-წითურა-ყბაყურის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინის შესახებ მსჯელობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაშრომში სერიოზული შეცდომები აღმოაჩინეს, სტატიამ პანიკა გამოიწვია, რის შედეგად იმუნიზაციის პროცესი შეფერხდა.
"კოვიდ 19"-ის საწინააღმდეგო აცრებს სასურველი შედეგი რომ მოჰყვეს, ამგვარ მითებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, - გვირჩევენ მედიცინის ექსპერტები და წამყვანი სპეციალისტები.
ხათუნა ჩიგოგიძე