"ყველას დავუმტკიცე, რომ შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს..." - კვირის პალიტრა

"ყველას დავუმტკიცე, რომ შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს..."

გიორგი და ინა ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. რამდენიმე წლის წინ დაოჯახდნენ და ახლა უკვე პატარა დამიანე ჰყავთ - ბიჭი, რომელმაც მათ ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა და რომელიც დედ-მამის ყველაზე გულმხურვალე ქომაგია. გიორგი და ინა ქალდანები პარაძიუდოისტები არიან. ინა შვილის გაჩენის შემდეგ ერთხანს აქტიური სპორტიდან წავიდა, მაგრამ მერე კვლავ დაიწყო ვარჯიში და წელს ტოკიოს პარაოლიმპიადაზე 24 წლის ძიუდოისტმა საქართველოს ვერცხლის მედალიც მოუპოვა.

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. 10 წლისამ ვარჯიში დავიწყე. ფიზიკურად ძლიერი ბავშვი ვიყავი და, ალბათ, ამიტომ თავიდანვე ძიუდოთი დავინტერესდი. თავდაპირველად გაიანე ხალხატიანი მავარჯიშებდა, მან შემაყვარა სპორტის ეს სახეობა, მერე კი კარენ არუთინიანი იყო ჩემი მწვრთნელი. რა თქმა უნდა, იყო სირთულეები - ბავშვისთვის ძნელია დატვირთული რეჟიმით ვარჯიში, მაგრამ ნელ-ნელა ეჩვევი. მწვრთნელები მართლაც მაქსიმუმს აკეთებდნენ თითოეული ბავშვისთვის, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მე სასურველ შედეგს ვერ ვაღწევდი და აქტიურად ვარჯიშს თავი დავანებე, წლების შემდეგ კი კვლავ დავუბრუნდი ჭიდაობას, ოღონდ ჯანმრთელობის, უფრო ზუსტად - მხედველობის პრობლემების გამო ამჯერად პარაძიუდოს.

- როდესაც ჭიდაობის სურვილი გამოთქვით, ოჯახის წევრებს როგორი რეაქცია ჰქონდათ? - მამა და ბაბუა მხარს მიჭერდნენ, დედა კი წუხდა, რა გოგოს საქმეა ჭიდაობაო, მაგრამ მერე ისიც შეეგუა. ჩემი დაც ვარჯიშობდა, მაგრამ მალევე დაანება თავი. ყველაზე დიდი გულშემატკივრები ახლა სწორედ ჩემი ოჯახის წევრები არიან. შეჯიბრების დროს განსაკუთრებით მამა ნერვიულობს ხოლმე. უზომოდ გაახარა ჩემმა ვერცხლის მედალმა. სხვათა შორის, ახლა უკვე ჩემი შვილი სჯობნის ჩვენს ყველა გულშემატკივარს. ორწლინახევრის არის და თურმე ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. რაც სახლში დავბრუნდით, მას შემდეგ სულ გაიძახის, მოდი, მეჭიდავეო. როგორც ჩანს, მოტივაცია გაუჩნდა, ილეთების გამეორებასაც კი ცდილობს.

- ინა, ეს იყო თქვენი პირველი სერიოზული წარმატება. უფრო დაწვრილებით მოგვიყევით ამ ასპარეზობისა და გამარჯვებით გამოწვეული ემოციების შესახებ. - 70 კგ წონით კატეგორიაში ვჭიდაობდი. იპონით ჯერ მექსიკელ ალვარეს რუვაკალბას ვაჯობე, ნახევარფინალში იაპონელ კაზუსა ოგავას შევხვდი, გადამწყვეტი შეხვედრა კი ბრაზილიელ ალანა მალდონადოსთან გავმართე. სიმართლე გითხრათ, ფინალში რომ გადავედი, ისეთ შოკში ვიყავი, ემოციებს ვერც გამოვხატავდი. მგონი, ჯერაც ვერ გავიაზრე, რა მოხდა, თუმცა ამით ყველას დავუმტკიცე, რომ შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს და თუკი მოინდომებ, მიაღწევ კიდეც წარმატებას.

რომ იცოდეთ, რამხელა გზა გამოვიარე დღემდე! ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი და თვითონ ვიხდიდი სწავლის ფულს, მაგრამ პირველი კურსის შემდეგ სწავლა ვეღარ შევძელი - დედას სიმსივნე აღმოაჩნდა და მე რამდენიმე ადგილას შეთავსებით დავიწყე მუშაობა. დედა რომ გარდაიცვალა, სახლში ჩავიკეტე. ძალიან მიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ ფეხზე დადგომა შევძელი.

- როგორც საუბრისას აღნიშნე, დაქორწინების შემდეგ გადაწყვიტე, რომ ჭიდაობას დაბრუნებოდი და ვარჯიში გაგეგრძელებინა, რაც მეუღლის დამსახურებააო, გაგვიმხილე... - მე და გიორგი ცხრა წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, ერთ დარბაზში ვვარჯიშობდით. მერე ჩვენი გზები გაიყო. ის სხვაგან ვარჯიშობდა, მე - სხვაგან. ხუთი წლის წინ კვლავ შევხდით ერთმანეთს. დიდია გიორგის როლი ჩემს წარმატებაში. გიორგიც პარაძიუდოისტია. ბაქოს 2021 წლის გრან-პრის გათამაშებაში 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ოქროს მედალი მოიპოვა - ფინალურ შეხვედრაში რუსი ვასილი კუტუევი იპონით დაამარცხა. ფინალურ ბრძოლამდე ოთხ მეტოქეს - რუსს, უზბეკს, ლიეტუველსა და აზერბაიჯანელს აჯობა. სხვა არაერთი წარმატებაც ჰქონია, მაგრამ ამ ოლიმპიადაზე არ გაუმართლა. თვითონაც ძალიან დასწყდა გული და მეც, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. მოწინააღმდეგემ უცებ შეცვალა ტაქტიკა და გიორგიმ შეცდომა დაუშვა. პანდემიამ ბევრ რამეში შეგვიშალა ხელი. 20 დღე ჩაგვივარდა. ჩავედით შეკრებაზე, მაგრამ ერთ-ერთი გუნდის წევრს კორონა აღმოაჩნდა და ვერ ვივარჯიშეთ, კარანტინში ვიყავით. ამ ყველაფერმა ფსიქოლოგიურად ყველაზე იმოქმედა.

მე და გიორგის დამიანე გვყავს. ორივეს მხედველობის პრობლემები გვაქვს. მე მშობიარობის გამო უფრო გამიუარესდა მხედველობა. ექიმები მაფრთხილებდნენ, რომ საფრთხის წინაშე დავაყენებდი ჩემს ჯანმრთელობას, მაგრამ გავრისკე... შვილი ისეთი სიხარულია, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს? დამიანემ ყველაფერი შეცვალა და თავდაყირა დააყენა ჩვენს ცხოვრებაში.

- ინა, რა როლი აკისრია თქვენს ცხოვრებაში სპორტს, რა გასწავლათ? - სპორტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. დამარცხებას, გამარჯვებას - ყველაფერს სწავლობ, გაძლიერებს, მოტივაციას გმატებს. შედეგისთვის რომ იბრძვი, ეს ხასიათს ისე გიყალიბებს, სულ ცდილობ, მეტი და მეტი გააკეთო. სპორტი უფრო მებრძოლს გხდის და იმედი მაქვს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე, ასევე 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალსაც მოვიპოვებ და საქართველოს ჰიმნსაც ავაჟღერებ.

ნინო ჯავახიშვილი