"ამდენი წელი გავიდა და გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ის მუდამ ჩემ გვერდით იქნებოდა"
ჰოლივუდის კიდევ ერთი გამორჩეული წყვილის ისტორია 1986 წელს, სატელევიზიო შოუ "ლიმონის ცის" გადაღებებზე დაიწყო. მაშინ კირა სედგვიკი სამსახიობო კარიერას იწყებდა, კევინ ბეიკონი კი უკვე ცნობილ მსახიობთა სიაში შედიოდა. ბეიკონს გადასაღებ მოედანზე თავისზე შვიდი წლით უმცროსი გოგო შეუყვარდა, ორ წელში ცოლობა სთხოვა და დღეს მათი ქორწინება 32 წელს ითვლის. ეს ისტორია ჰოლივუდში და მის საზღვრებს გარეთ ბევრ ლამაზ, დასამახსოვრებელ და ემოციურ წუთს ინახავს. სედვიკი ამბობს, რომ მაშინ გათხოვება არ სურდა, თუმცა ბეიკონის გაცნობამ მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა.
1970-იანი წლების ბოლოს კირა სედგვიკი ძმამ ერთ-ერთ სპექტაკლზე წაიყვანა, სადაც 12 წლის პატარა გოგონას სპექტაკლზე მთავარი როლის შემსრულებელი ბიჭი მოეწონა, 12 წლის კირამ არ იცოდა რომ ცხოვრება მას დიდ თავგადასავლს უმზადებდა.
"იმ სპექტაკლში მთავარ როლს კევინი ასრულებდა, ჩემმა ძმამ მითხრა, მიდი მსახიობთან და უთხარი რომ მისი შესრულება მოგეწონაო, მე დავიმორცხვე და სახლში წამოვედით. წლების შემდეგ კევინს გადასაღებ მოედანზე შევხვდი", - ამბობს სედგვიკი ერთ-ერთ ინტერვიუში.
1986 წლის მიწურულს, PBS სტუდიამ სატელევიზიო დრამის - "ლიმონის ცის" გადაღებები დაიწყო. 1987 წელს გადასაღები მოედანი სერიალისთვის გადაეწყო, სერიალში როლზე კირა სედგვიკი და კევინ ბეიკონი დაამტკიცეს. ათი წლის შემდეგ, უკვე მსახიობის ამპლუაში, კირამ მომავალი მეუღლე გაიცნო.
"ის ნამდვილად არ იყო ჩემი მსგავსი ადამიანი, ვერ ვხვდებოდი, რატომ იქცეოდა ასე - დადიოდა, თავი გაგიჟებით მოსწონდა. კარგი, ვაღიარებ რომ გოგონებს მოსწონდათ ის, თუმცა რატომ, ამას ვერ ვხვდებოდი", - თქვა კირამ "რედბუკთან" მიცემულ ინტერვიუში.
"გადაღებები ყოველდღე გვქონდა, დღის ბოლოს კევინი გუნდს ეკითხებოდა, სავახშმოდ გასვლა ვის სურდა, მთელი გუნდი თანახმა იყო, ჩემ გარდა, თუმცა ვატყობდი, რომ იქ მყოფთა შორის კევინთან დროის გატარება ყველაზე მეტად მე მინდოდა" - თქვა კირამ ერთ-ერთი ინტერვიუში.
გადაღებები ჩქარა მიდიოდა, კევინი კი სულაც არ იყო გულგრილი და მასაც სურდა კირასთან დროის გატარება. სატელევიზიო შოუს დაწყებიდან რამდენიმე კვირაში მსახიობი ბეიკონს სიყვარულში გამოუტყდა და ურთიერთობიდან ერთ წელში ხელი სთხოვა. კირამ კევინის შემოთავაზება მიიღო და 1988 წელს სედგვიკი და ბეიკონი დაქორწინდნენ. წყვილმა საქორწინო ფიცი 1988 წლის სექტემბერში დადო.
"21 წლის ვიყავი, როდესაც მას შევხვდი, 23-ის ვხდებოდი, როდესაც გავთხოვდი. ვინმეს რომ ეთქვა, 23 წლის ასაკში გათხოვილი ქალი ვიქნებოდი და შვილები მეყოლებოდა, ალბათ, გავუბრაზდებოდი, რადგან ამბიციური, დამოუკიდებელი გოგო ვიყავი და ამაზე არც კი ვფიქრობდი", - იხსნებს კირა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ქორწინებიდან ერთ წელში, 1989 წელს ბეიკონი პირველი შვილის მამა გახდა, წყვილმა ბიჭს ტრევისი დაარქვა.
"პირველი წუთები იყო, ხელში ბავშვი დავიჭირე და გავიფიქრე, ღმერთო, მინდა დავრწმუნდე, რომ ის ამ სამყაროში კარგ ადგილს იპოვის და ბედნიერად იცხოვრებს. ვიცოდი, ჩვენი შვილისთვის საუკეთესო მშობლები ვიქნებოდით, მთელ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი", - თქვა სედგვიკმა 2019 წელს ინტერვიუში.
შვილის გაჩენიდან ორი წელი კევინი და კირა ცალ-ცალკე ჩნდებოდნენ გადაღებებზე, წყვილი ერთად სიარულს ვერ ახერხებდა, თუმცა 1991 წელს გენიალური დუეტი ფილმი "პირატის" გადასაღებ მოედანზე კვლავ ერთად გამოჩნდა. 1992 წელს კი ჰოლივუდში ხმა გავარდა რომ სედგვიკი მეორე შვილს ელოდა, ჭორი მართალი აღმოჩნდა. წყვილს გოგონა - სოსი რუთ ბეიკონი შეეძინა.
ჰოლივუდში იშვიათად თუ ნახავთ კევინისა და კირას დარ მზრუნველ მშობლებს. მსახიობებმა ერთმანეთს პირობა მისცეს, რომ თავიანთი შვილებისთვის უკეთეს გარემოს შექნიდნენ და ამ ნაბიჯების გადადგმაც დაიწყეს. კირა და ბეიკონი პლასტმასს არ იყენებენ, ოკეანისა და კლიმატის გადარჩენაში მონაწილეობენ, აქტივისტები არიან და, როგორც ცალ-ცალკე, ასევე - წყვილად მცირე დეტალების შეცვლისკენ იბრძვიან.
2004-2005 წლებში კირამ და ბეიკონმა ერთად რამდენიმე ფილმში მიიღეს მონაწილეობა, მათი ეკრანზე გამოჩენის რაოდენობაც გაიზარდა, მსახიობებმა ინტერვიუს მიცემაც დაიწყეს და, როგორც ყველა წყვილს, ჟურნალისტებმა მათაც ჰკითხეს, თუ რა არის სედგვიკისა და ბეიკონის ქორწინების საიდუმლო. მედიამ წყვილისგან პასუხი ვერ მიიღო, თუმცა უცხოური გამოცემები დღემდე წერენ, რომ ბეიკონისა და კირას საიდუმლო ერთი რამ არის - ისინი მუდამ მზად არიან ერთმანეთისთვის მსხვერპლი გაიღონ, მათი მთავარი ღირებულება ოჯახია და ოჯახის ერთიანობის გამო წყვილს არაერთ როლსა და წარმატების გზაზე უთქვამს უარი, თუმცა არც ერთი და არც მეორე ამას არ ნანობს. თითო უარმა მსახიობებს სხვა კარი გაუღო და ჰოლივუდის დიდების ხეივანში ადგილი არცერთს არ დააკარგვინა.
"საიდუმლო არ გვაქვს, თუმცა ერთმანეთს მხარს ყოველთვის ვუჭერთ. ჩვენთან საუბარი არ იწყება "არას" თქმით, ერთმანეთს მუდამ ვახსენებთ რომ "არა" არ არსებობს, მასაც და მეც ყველაფერი შეგვიძლია", - თქვა კირამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
2008 წელს "რედბუკმა" ვრცელ ინტერვიუში კირასა და კევინს კვლავ ჰკითხა, თუ რა არის მათი ქორწინების საიდუმლო, კირამ კი ჟურნალისტს დაუფიქრებლად უპასუხა, რომ საიდუმლო არ აქვთ, მათ ერთმანეთისადმი ინტერესი არასდროს დაუკარგავთ.
"ადამიანს რამდენიმე ფენა გააჩნია, რაც უფრო დიდი დრო გადის, უფრო უკეთ იცნობ მას, მეტ ფენას ხედავ და სხვა საინტერესო დეტალებს აღმოაჩენ მასში. სულ ვიხსენებ ჩვენი ქორწინების პირველ ოთხ წელს, უკვე ორი შვილი გვყავდა და ახლა ვხვდები რომ მაშინ კევინს საერთოდ არ ვიცნობდი, მე ის მიყვარდა, მაგრამ არ ვიცნობდი და არც ის მიცნობდა მე. რაც უფრო მეტი დრო გადის, უკეთ ვხვდები, როგორი ადამიანია, რა უყვარს და უფრო მეტადაც მიყვარდება ის. ჩემი მშობელები დაშორებულები არიან, მაშინ პატარა ვიყავი და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ მარტოც ვიცხოვრებდი, დამოუკიდებელი ვიქნებოდი. ეს არის დამოუკიდებლობა - სხვასთან ერთად რომ ცხოვრობ, მას უკეთ იცნობ და ამით ბედნიერი ხარ", - თქვა კირამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
2011 წელს ბეიკონმა "სიენენთან" მიცემულ ინტერვიუში მისი და კირას შეხვედრა გაიხსენა, დღე, რომელმაც მსახიობის ცხოვრებაში სინათლე და ხალისი შემოიტანა.
"მე ლამაზი ქალი აღმოვაჩინე, ნაზი და მომხიბვლელი, მაშინვე შემიყვარდა ის, თუმცა თავიდან ჩემს მიმართ ინტერესს არ იჩენდა. ამდენი წელი გავიდა და გაცნობის დღიდან ვიცოდი, რომ ის მუდამ ჩემ გვერდით იქნებოდა", - თქვა ბეიკონმა "სიენენთან" ინტერვიუში.
2020 წელს კევინმა და კირამ ქორწინების 32 წლის იუბილე აღნიშნეს. კევინმა სოციალურ ქსელში სურათი გამოაქვეყნა, მეუღლეს ქორწინების იუბილე მიულოცა და დიდხანს ერთად ყოფნა უსურვა.
"მისი პარტნიორობა ფასდაუდებელია. მე ვიპოვე ადამიანი, ვისთან ერთადაც მინდა, მთელი ცხოვრება ვიყო" - დაწერა მსახიობმა სოციალურ ქსელში.(წყარო)
(სპეციალურად საიტისთვის)