მაგალითად დატოვებული სინდისი და სიყვარული
თაია ჭინჭარაული ენათმეცნიერის, ფოლკლორისტ ალექსი ჭინჭარაულის ძმისშვილია. ბავშვობაში მშობლებისა და ბებია-პაპებისგან ბევრი რამ ესმოდა ხევსურეთში უწინ მომხდარ ამბებსა და ადამიანებზე, რომლებიც თავიანთი გულადობითა და უშიშრობით სიკვდილსაც სჯობნიდნენ. თაიას მონათხრობი რამდენიმე ამბავი საუკეთესო მაგალითია ადამიანობისა, სამშობლოსა და ხალხის სიყვარულისა, სიკვდილზე სიცოცხლისა და სიკეთის გამარჯვებისა.
როგორ აშინებდნენ სიკვდილს ხევსურები
- პირიქითა ხევსურეთის სოფელ შატილში სახადმა იქ მცხოვრებთა ლამის ნახევარი შეიწირა. ერთ დილას მეზობლებმა სიმღერა გაიგონეს გვერდით ოჯახიდან. ალბათ, ამდენი ჭირისგან გაგიჟდნენო, იფიქრეს და გასძახეს: "რას სჩაითავ, გონ ხო არ დაჰკარგეთავ?" სიკვდილს ვაშინებთო, იყო პასუხი.
სიკვდილს ვერა, მაგრამ მაძახურას (კოშკების ჭინკას, რომელიც სახელს გეძახის და შენ პასუხი არ უნდა გასცე) კი ვაშინებდი მეც სიმღერით შატილის კოშკებში შეღამებულზე ავლისას, ყარუა ძალოს ნაჩუქარი რძიანი ვედროთი ხელში...…
შვილდაკარგული დედა
- კოშკის სათოფურში შემოვარდნილმა ტყვიამ დაანაგაბრა (დაფლითა - ავტ.) კედელი, დენთის სუნით გაჟღენთილი, მტვერში არეული სიპების ნაშალის ბურუსი ჩამოწვა. მსუბუქი კვნესა გაისმა და დადუმდა ირგვლივ ყველაფერი, თითქოს ჰაერი გაიყინა წამით. კუთხეში მიდგმული აკვნისკენ გააპარა მზერა. თვალი მოჰკრა გადაჭერილ არტახებზე მოწითალოდ გამოჟონილ ლაქას. შეშფოთებულმა ქმარს გადახედა, რომელსაც მტერი ნიშანში ჰყავდა ამოღებული და საჭირო მომენტს ელოდა სასროლად. მის ზურგს უკან უჩუმრად ადგა, სასწრაფოდ გადააფარა თოთოს ხელში მოხვედრილი ნაჭერი და სიმწრით, მშვიდად გააგრძელა ქმრისთვის ტყვია-წამლის მიწოდება...
- ბალღის ტირილის ხმა არ მამდის?! - იკითხა კაცმა, როცა ყველაფერი დამთავრდა და კიდევ ერთხელ მოიგერიეს შატილივნებმა მომხვდური.
- აღარ გვყავ!
- რაად არ მითხარი?! - მუხლი მოეკვეთა. ახლაღა გაიგო, პირველი ყრმა აღარ ჰყავდა, მიხვდა, ასხლეტილმა ტყვიამ იმსხვერპლა.
- რომ მეთქვ, ხელთ აგიცხროებდ (აგიკანკალდებოდა - ავტ.), თოფს ვეღარ დაღლიშნევდ (ნიშანში ვეღარ ამოიღებდი - ავტ.)! - მტკიცედ უპასუხა ერთადერთი შვილის დამკარგავმა დედამ, შვილის, რომელსაც წლები ელოდნენ და ნაომრის დალაგება დაიწყო...
ასე კლავდნენ დარდს მამები მთაში...
- ავდრიან ქალაქში ნისლიანი მთები მომენატრა, ჩემგან განსხვავებით, სიკვდილი რომ არასდროს ემართებათ. საფლავებს, ქვითკირებს, მოფუსფუსე ადამიანებს თავს წამოსდგომიან და საუკუნეების ამბებს შემსწვრალები მაინც უმძრახად დგანან! ქვის გული უნდა გქონდეს ამდენ ჭირ-ლხინ-საიდუმლოს გასაძლებად... მაშინ რას გრძნობდნენ, ნეტავ, არდოტელმა ჯარიათ გიგიამ შვილის, კარგი ვაჟკაცის დამკარგავმა, დამარხვის დღეს მოსულ წვიმაში ნაბადი რომ გადააფარა საფლავს, წყალი არ ჩაუვიდესო?! ერთი კვირის შემდეგ მღეროდა თურმე და სოფლელებსაც ამღერებდა: "შამავხე წყალათ გორზედა,/ შავხყუვლე როგორც მგელიო,/ ზოგებს ეგონა ვიმღერდი,/ ჩამამდიოდა ცრემლიო..."
დღესასწაული იყო ჩვენთან სუფრა და ქეიფი, ის საღამო კი სულაც არ გახლდათ მხიარული. დიდ ოთახში მრგვალი მაგიდა იდგა. აი, რაღაცნაირი, გაფარჩხული, სქელი ფეხები რომ აქვს. ბევრს გექნებოდათ ასეთი ადრე. ორნი ისხდნენ პირისპირ, მეგობრები: მიხა და ის... რამდენიმე თვის შვილმკვდარი მამა! ყავისფერი, მოჭიქურებული დოქი იდგა და მძიმე ჰაერი იყო.
- იმღერე, მიხა!
- ვერ... წელი არ გასულა ჯერ! - თავი ჩაქინდრა, ცრემლი რომ დაემალა.
- ძალიან გთხოვ, იმღერე! - სევდიანად შეჰღიმილა. მხოლოდ თავი გაიქნია უარის ნიშნად. ამჯერად ვეღარაფერი თქვა, ცრემლებმა გააბუნდოვნა ირგვლივ ყველაფერი. მამუკამ ტორივით ხელში ჭიქა მოიქცია, მეორით მაგიდას დაეყრდნო, ნელ-ნელა წამოდგა, წელში გაიმართა და ხმაში კანკალშერეულმა თავად დაიწყო სიმღერა: "ღმერთო, ამ სახლში ნუ მოშლი, ლხინსა და გახარებასა, ვაჟების ქორწინებასა, ქალების გასტუმრებასა..." ასე კლავდნენ დარდს მამები მთაში...
გასაოცარი სვანი ვაჟკაცის ამბავი
- სიცოცხლესავით სიკვდილიც შეუძლიათ დიდსულოვან ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ცხოვრების ამბებით მაგალითებად გვიტოვებენ სინდის-ნამუს-სიკეთეს.
11 წლის იყო, მომავალი მეუღლის ოჯახმა თამაშისას რომ ნახა და დანიშნეს. ოცდაორისას უკვე საქორწილოდ მიაკითხეს. სასტიკი უარით გაისტუმრა მთხოვნელები. ვიღაც უყვარდაო, ამბობდნენ მერე. შეურაცხყოფად მიიღეს სვანებმა და საყვარელი ბაბუის სიკვდილით დაემუქრნენ. სხვა გზა არ დაუტოვეს, დათანხმდა. დიდი სიხარულით წაიყვანეს პატარძალი. სოფელთან, მდინარეზე გადასვლისას, შეუმჩნევლად გამოეყო მოზეიმე ამალას და ნელ-ნელა ხიდის კიდისკენ გაიწია. "იმ ხაშთბა?!" (რას აკეთებ? - სვან.) - იყვირა ვაჟმა, მიუხვდა ჩანაფიქრს, წამში გაჩნდა მასთან და გულში ჩაკრულივით, ისე მძლავრად მოხვია მკლავები, ნაბიჯიც ვეღარ გადადგა. დამორჩილდა ბედს, მაგრამ ახლა მასთან დაწოლაზე თქვა უარი...
იუკადრისა ვაჟმა უფროსების რჩევა, ძალად დაემორჩილებინა საყვარელი ქალი. მთელ სვანეთში თავს არ მოვიჭრი, ვერ გაგიშვებ, აქ უნდა დარჩე, მაგრამ გპირდები, თითს იქამდე არ დაგაკარებ, სანამ თავად არ იქნები თანახმაო, უთხრა ქმარმა, თვალებში ჩახედა და თავდახრილი გავიდა ოთახიდან.
მერე იყო ბევრი წელი... შეაბერდნენ ერთმანეთს... ყველას აღმზრდელ-გამზრდელ-პატრონი იყო გიგა (დეიდა, მამიდა - სვან.), ღირსეულად დაიტირა მეუღლეც. ასაკში ავად გახდა. მკერდის სიმსივნეზე მიიტანა ექიმმა ეჭვი და გინეკოლოგთანაც გაუშვა შესამოწმებლად, ცოტა ხანში კი ყველა გაოგნებული ლაპარაკობდა მის სილამაზესა და ქალწულობაზე...
უცებ ვიგრძენი, ალაგ-ალაგ ჟანგმოდებული ცხაურით შეკრულ პატარა ოთახში ჰაერი როგორ გაფართოვდა, სტუმრად მოსული ღმერთი ცოტა ხნით შეყოვნდა და ორი სამყარო გაერთიანდა. შუკვანების ჭრელთვალება გოგო, სითბოთი სავსე, მიყვებოდა თავისი საყვარელი გიგასა და ჩემთვის გასაოცარი სვანი ვაჟკაცის ამბავს, თითქმის ჩურჩულით...
უკანასკნელი სურვილი
- აუუ, რა ლადო იყვ?! - თავი დანანებით გადაიქნია მამიდამ (მარიემმა), როდესაც ლექსო თავისი მეგობრის, ლადო ჭინჭარაულის ამბებს ტირილით იხსენებდა.
გროზნოდან მომავალ, საქმეზე მყოფ ხევსურებს ჩასაფრებულმა ყაჩაღებმა სრულიად უმიზეზოდ ესროლეს. მხოლოდ ლადო დაიჭრა, სასიკვდილოდ.
- რატომ ესროლე?! - უკითხავთ მერე იმ ქისტისთვის.
- ყველაზე გამორჩეულად გამოიყურებოდა! - განაცხადა თურმე ამაყად მკვლელმა... ლადო შატილში რომ მოიყვანეს, ცოცხალი იყო.
- ლეკოთ წიქა არ ასა აქ?! - იმედით იკითხა. ეს ლეკოთ წიქა ბიძაჩემი, ალექსი ჭინჭარაულია.
- არ ას! რაად გინდოდ?! - "ვეფხისტყაოსანს" წამიკითხავდ! -ინატრა სიკვდილის წინ…
P.S. დიახ, სიცოცხლესავით სიკვდილიც შეუძლიათ დიდსულოვან ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ცხოვრების ამბებით მაგალითებად გვიტოვებენ სინდის-ნამუს-სიკეთეს!
ნინო ჯავახიშვილი