"მთელი ცხოვრება უცნაური განცდა მქონდა, რომ ერთ დღეს რაღაც ასეთი დამატყდებოდა"
"სულ ერთი წამით რომ დაეგვიანა, თურმე, აღარ ვიქნებოდი. მაშინ მეორედ მაჩუქა სიცოცხლე"
გუშინ მის საყვარელ სიმღერებს ვასმენინებდი და ისე დაგვათენდა. You are not alone ასეთი სიმღერაა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ყოველთვის და ასე ამბობდა, - მამშვიდებს და მაბედნიერებსო. ამ სიმღერაში ნათქვამია: "შენ ჩემი მზე ხარ. უშენოდ, მხოლოდ სიბნელე იქნება, დედა", - ეს ახალგაზრდა ჟურნალისტის, პოეტისა და ფოტოგრაფის, ნათია ხუნაშვილის ამონარიდია წერილიდან, რომელიც ავადმყოფ დედას მიუძღვნა. დედას, რომელიც მოულოდნელად გახდა ცუდად და რომელსაც ნათიას გარდა, მშველელი არავინ ეგულება. არადა, რა უნდა ქნას ამ პატარა გოგომ, მარტომ როგორ ასწიოს შვილის, დედის, მზრუნველის, დამფინანსებლის ტვირთი ერთდროულად? მაგრამ არა, არ ნებდება, იბრძვის დედის გადასარჩენად! არ იმეტებს პალიატიურში გადასაყვანად ადამიანს, რომელმაც მას სიცოცხლე აჩუქა... ძალიან მინდა, ამ კარგ შვილს როგორმე, ყველანი ამოვუდგეთ მხარში, რომ არ იფიქროს, თითქოს სამყარო გაიყინა და ის მარტო დარჩა თავისი პრობლემის წინაშე...
ქეთევან ასათიანმა, გრაფიკოს-დიზაინერმა, ცხოვრების განმავლობაში მრავალი კუთხით მოსინჯა საკუთარი შესაძლებლობები. ქმნიდა ულამაზეს შრიფტებს, ნახატებს, მუშაობდა გამოწვაზე, დოქების მოხატვასა და გამოძერწვაზე. არის არაერთი ექსლიბრისისა და ნახატის ავტორი. გაფორმებული აქვს ლევან სანიკიძის წიგნი "უქარქაშო ხმლები".
ნათია ხუნაშვილი:
- დედა არის საქართველოს გერბის შემქმნელის, ბატონი ემირ ბურჯანაძის ნათლული. ბატონი ემირის მეუღლის, ფატის ნათლული კი მე გახლავართ. ბავშვობიდან ამ უსაყვარლესი შემოქმედის სახელოსნოში მატარებდა და ხელოვნების სიყვარული ჩამინერგა. დედაჩემის დამსახურებაა, რომ მე დღეს ვარ ადამიანი, რომელიც წერს ლექსებს, არის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი. ყველა კუთხით მან ამიხილა თვალი.
- ამბობ, რომ ჯერ კიდევ ჩვილი იყავი, როცა შენი სიცოცხლისთვის მოუხდა ბრძოლა... - დიახ, ასეა. მაშინ საავადმყოფოებში საშინელი განუკითხაობა ყოფილა. 1994 წელი, მეორე სამშობიარო, ზარმაცი ექთნები. თურმე, გამიკეთეს "დამაძინებლის" დიდი დოზა. დედა ახალი ნამშობიარები იწვა ჩემ წინ და ერთადერთი, რაც შეეძლო, ლოყების ფოსოებზე თითს მაჭერდა და რომ ვიღიმოდი, ამით ხვდებოდა, კარგად არისო. ერთ მომენტში, ასე რომ გააკეთა, შენიშნა, რომ მთლიანად გაყინული ვიყავი და აღარც ფოსოებზე დაჭერაზე მქონდა რეაქცია. წამოდგა, ვინ იცის როგორ, რა ტანჯვით და რა დღეში მყოფი, გავიდა დერეფანში, როგორღაც მოძებნა ექთნები და მოიყვანა. სულ ერთი წამით რომ დაეგვიანა, თურმე, აღარ ვიქნებოდი. მაშინ მეორედ მაჩუქა სიცოცხლე და ამის შემდეგაც არაერთხელ მიხსნა, თავისი წინათგრძნობიდან გამომდინარე, როცა უკვე გავიზარდე.
როცა 3 წლის ვიყავი, ძმა უნდა მყოლოდა. სახელი შერჩეული იყო: ბექა. დედამ გარკვეული პერიოდი გარდაცვლილი ნაყოფი ატარა მუცლით, რამაც სხეული მოუწამლა. როდესაც კლინიკაში მივიდა, ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმების ხმა ესმოდა: დავკარგეთ, ცოცხალი აღარაა. მართლაც, პაციენტმა სუნთქვა შეწყვიტა. ექთნებმა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მოპარეს და გავიდნენ.
სასწაულისამებრ გამობრუნდა და ექიმი გაოგნდა, როცა ნახა, სუნთქავდა. მიყვება, რომ დიდი თეთრი გვირაბი გაიარა, შემდეგ კი თავი იგრძნო თეთრ, დაკუჭულ სუფთა ფურცლად, რომელიც ნელ-ნელა იშლებოდა. თავთან ჩემი ფოტო ედო და ამბობს, რომ იმ ფოტომ დიდი ძალა მისცა.
დედა ძალიან ღვთისნიერი ადამიანია. აქვს უძლიერესი ბიოდენები, რისი მეშვეობითაც ხალხის ტკივილისგან განკურნება შეეძლო. ეს ბიოდენები, ერთი მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობას აზარალებს კიდეც, თუ არ გასცა. წლების მანძილზე ადამიანებს უსასყიდლოდ შველოდა ხელებით, მასაჟით. ერთხელ ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა, - ხალხს ძალიან სჭირდებიო, რასაც ხშირად იხსენებდა. დედა არის პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში ონკოპაციენტებს თუ ზოგადად - ადამიანებს, ვისაც რაიმე სახის დახმარება სჭირდებოდა, ეხმარებოდა განცხადებების სწორად დაწერაში, ეძებდა ხალხს, ვინც მათ პროდუქტებით და ფულით დაეხმარებოდა და ეხვეწებოდა, მისი სიტყვა შეესმინათ. მართლაც, ჭრიდა დედას სიტყვა და არ წყდებოდა ზარები, მადლიერი სიტყვები.
- ნათია, დედათქვენს ჯანმრთელობის რა პრობლემა შეექმნა? - ერთი თვის წინ უცებ შეუნელდა ნაბიჯები. სასწრაფოდ წავიყვანე ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ანალიზების პასუხებზე სრული ათი დღე დადიოდა, დიდი დრო დავკარგეთ. ძალიან ვარ გულნატკენი, რადგან იქაური ნევროლოგი ფორმა 100-ს არ გვიწერდა, რომ ტომოგრაფია სჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, წავიყვანე ძვირად ღირებულ კლინიკაში, სადაც რამდენიმე გამოკვლევას ჩემი ფინანსებით გავწვდი. მაშინ უკვე მეტყველების პრობლემაც დაერთო ყველაფერს და ენცეფალოპატიამ დაიწყო განვითარება, რაც "თავის არევას" ნიშნავს. ტვინში ყველაფერი რიგზეა და აღმოჩნდა, რომ ამას ღვიძლი იწვევს, ოღონდ ესეც გვიან გავიგეთ. ამდენი გამოკვლევის შემდეგ, 3 კვირის წინ უცებ გახდა გადაუდებელი პაციენტი. აუწია ტემპერატურამ და რადგან ვერაფრით დავუწიე, გადაიყვანეს კლინიკაში.

სწორედ იქ, სტაციონარში აღმოაჩნდა ღვიძლში მეტასტაზები და ამას მეუბნებიან ტელეფონზე... ჩემთვის სრული შოკი იყო მოულოდნელად ასეთი მძიმე დიაგნოზის გაგება.
დავიწყე სხვანაირი ბრძოლა. გადავაბიჯე ყველანაირ სიამაყეს და ვუთხარი ჩემს თავს, რომ ან ახლა დავიმდაბლებ თავს, ან დავკარგავ ერთადერთს, რაც ამ ქვეყნად ძვირფასი გამაჩნია, ერთადერთს, რომელმაც ჩემ გამო გაყიდა უძვირფასესი ბეჭდები, საათები და საერთოდ - ყველაფერი, რაც გააჩნდა, უკანასკნელი ნათლობის ჯვარიც კი, რათა ვერჩინე. მერე სულ იძახდა, ნეტავ, ის ყველაფერი გვქონოდა, ასე ხომ აღარ გაგვიჭირდებოდაო...
დედა წლების წინ უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან. დირექტორი თემურ ჯაფარიძე, რომელმაც ის იმიტომ გაათავისუფლა, რომ ბავშვებს არ უყვიროდა და ზოგიერთებივით არ მართავდა სიტუაციას, რამდენიმე თვეში ბავშვებმა ისე გაუშვეს სკოლიდან, რომ სირცხვილის კორიდორი მოუწყეს.
მაგრამ დედას ამით რა? უსამსახუროდ და ხატვის წრის გარეშე დარჩენილი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, ძალიან მიჭირდა მისი დამშვიდება. თუმცა, იმდენად ძლიერია, რომ შეძლო და თავი ხელში აიყვანა, ისევ ჩემ გამო. უფასო სასადილოში სიარულიც უწევდა, რადგან საქართველოში მისი ხელოვნება ნამდვილად არ დაფასდა. ამის ყურება და აღქმა ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. მხოლოდ სტატიებზე მუშაობით ან ფოტოგრაფიით გაჭირვებიდან ამოსვლა გამიჭირდა. თუმცა, იმას მაინც ვახერხებდი, გვქონოდა საკმარისი საკვები და გვცმოდა ნორმალურად...
ახლა იმას ვდარდობ, რომ ხშირად ვერ ვყიდულობდი მისთვის სახატავებს. რამდენჯერაც ვუყიდე, პანდემიის დროსაც 20-ზე მეტი ახალი ნამუშევარი შექმნა. მომდევნო სევდამდე, უსაღებავობის...
როცა დედა დამიმძიმდა, სასწაულების მოხდენა დავიწყე. ვისწავლე ყველაფერი, ოღონდ იგივე სტაციონარში არ მოხვედრილიყო, რადგან იქ უდიერად მოექცნენ და ფსიქოლოგიურად გატეხეს. წყალსაც ახვეწნინებდნენ და თუ რამეს სთხოვდა, აქ რესტორანი ხომ არ გგონიაო, - ეუბნებოდნენ, არადა, მე ხომ კვების თანხას ვუხდიდი (ამ შემთხვევაში, რაკი გადაუდებელი გახდა, ის კვლევები დაუფინანსდა და მხოლოდ კვების თანხის გადახდა მიწევდა, რაც დღეში 20 ლარი იყო), შემდეგ კი ისევ ახლიდან დაიწყო ხარჯების ათვლა, ვიდრე ისევ "გადაუდებელი" არ გახდა მისი მდგომარეობა. გუშინწინაც ჩავუტარე კვლევები ჩემი ხარჯით, რადგან 2 კვირა რომ მეცადა სოციალური დაფინანსებისთვის, აღარც მეყოლებოდა. ასეთ დროს ძალა გემატება და ხვდები, რომ ჩაწოლის, ტირილისა და დეპრესიის დრო არ გაქვს. ეფერები, უკოცნი სახეს და ხელებს და შოულობ თანხებს, მაგრამ ცდილობ, შენი სახე არ დაკარგო, რომ ისევ საამაყო შვილად დარჩე.
რთულია მწოლიარე დედის ფოტოების გავრცელება გადაწყვიტო, რთულია დახმარება ითხოვო, მაგრამ... თურმე ყველაფერს იზამ სიყვარულისთვის...
- ერთ-ერთ პოსტში აღნიშნე, რომ გინდოდა, დედა საზღვარგარეთ გადაეყვანათ... - სტაციონარიდან გამოსულს ნაწოლები აღმოაჩნდა. ბინაზე დავიწყე მისი მკურნალობა, ვქირაობდი ექთანს... ამ ყველაფერმა მეც უამრავი რამ მასწავლა, მაგრამ დამაფიქრა იმაზე, საფრანგეთში ხომ არ გადავაყვანინო როგორმე, იქ აუცილებლად უშველიან-მეთქი... აქ ისევ დროს მაკარგვინებენ, ამდენი დიაგნოზის შემდეგაც ვერ დაინიშნა წამლები. პირველ წყაროდ ღვიძლი განიხილება, რადგან მკერდზეც არაფერი აღმოაჩნდა.
უზომოდ მებრძოლი წავიყვანე გუშინ საავადმყოფოში, მანამდე კი საკაცის წამღებიც ძლივს ვიშოვე და სიმწრის ცრემლებს ვყლაპავდი. ახლა ვარ უფლის იმედად, რომ როგორმე გახდეს უკეთ, დაენიშნოს რამე წამალი, რაც სწორად შერჩეული იქნება და როგორმე გავუხანგრძლივო სიცოცხლე მაქსიმუმამდე. ამ დრომდე ყველა მეუბნებოდა: გვებრალები ამ ყველაფრისთვის, ასე ახალგაზრდა ხარ. დააწვინე პალიატიურში, იქ მიხედავენო. ამას მეუბნებოდა სასწრაფოს ექიმი, მეზობელი, ნაცნობი... არა! არა და არა! სულის ამოსვლისთვისაც რომ მეყურებინა, მზად ვიყავი, რადგან ჩემი ხელების სითბოში მოუწევდა ეს. გუშინაც ვიყავით ამ საფრთხის წინაშე. პალიატიურში ყოფნას მისი ფსიქიკა ვერ აიტანს; სწორად გამიგეთ, როგორ კარგადაც უნდა უვლიდეს ვიღაც, მარტოობა დატანჯავს.
ამას ვუხსნიდი "სასწრაფოს" გუშინ მთელი 20 წუთი და ბოლოს დანებდნენ. მერე, რადგან სიცხეც ვერ დაუწიეს, კლინიკაში წაიყვანეს. კოვიდი ისევ არ აღმოაჩნდა. თუ გამოვძვერით ამ ყველაფრიდან, ერთადერთი ისღა დამრჩენია, "პისიარი" გავიკეთო, შევიდე იმ განყოფილებაში, სადაც გადაიყვანენ, დავუმუშავო ნაწოლები თავად და ვასვა წყალი, საჭირო რაოდენობით. წინათ "პისიარი" ვერ გავიკეთე, რადგან საამისო თანხა აღარ მქონდა და ვიტანჯებოდი, რადგან მის გვერდით არ ვიყავი. დავდიოდი ექიმებთან და გიჟივით ვარკვევდი მდგომარეობას.
თუ ნებას დამრთავენ, ფაქტობრივად, ვიცხოვრებ იქ, სხვაგვარად მას ვერ ვაჩუქებ სიცოცხლის ლამაზ დღეებს. ვიცი, რომ მისი განკურნება შესაძლებელია, თუმცა ყველა მიმტკიცებს, "უმძიმესიაო". უბრალოდ, ეს ჩემი საქართველოა, რომელიც მტანჯავს და სადაც ხელოვანი ადამიანები ლამის შიმშილით ვიხოცებით. თუმცა, მე ყველაფერს შევძლებ დედაჩემისთვის. ახლაც მისი მოსაცმელი მაქვს ჩახუტებული და ასე გადავცემ სითბოს. როცა კლინიკაში გადაგვყავდა, ხელზე ჯვარი მივუმაგრე. ვევედრები ღმერთს, წინა სტაციონარში ტანსაცმელი რომ დაუკარგეს და გააწამეს სულიერად, იგივე არ მოხდეს აქაც. ვიცი, ამას არც უფალი დაუშვებს და არც მე, რადგან უკვე ჭკუა ვისწავლე; ვიცი, როგორ სჯობს მოქცევა გამოუვალ სიტუაციაში; სასწაულის იმედად ვიქნები; რომ ისევ დახატავს, ისევ გაიხსენებს სულ ყველაფერს და ისევ დამიწერს ფურცელზე ამ ფრაზებს: "შენი წყლის ბოთლი ფანჯარაშია, დე, მალე ამოვალ"; ისევ მოეფერება და ლაპარაკს დაუწყებს თავის ლამაზ ყვავილებს, ჭიამაიებს. დედაჩემი არის სამყარო, რომლის გარეშეც ყველაფერი შეიძლება დაემხოს ჩემში, ამიტომ უფლება არ მაქვს, ყურები ჩამოვყარო. რაც უნდა გიჭირდეთ ადამიანებო, იბრძოლეთ, პატარა იმედი ყოველთვის სუნთქავს თქვენში და იმას მოეჭიდეთ. მიყვარხართ და გაძლიერდით, დაამარცხეთ ყველანაირი ბოროტი ძალა, ღმერთის სიყვარულით და წმინდანების მიმართ გულმხურვალე ლოცვით. ერთ ჩასუნთქვაში შეგიძლიათ ჩაატიოთ თქვენი სურვილი, თვალები დახუჭეთ და ჩაიფიქრეთ. მე ვიყავი უკანასკნელი ჟურნალისტი, ვინც ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანთან ინტერვიუ ჩაწერა და მისგან დიდი სითბოს პარალელურად, ასეთი შეგონება მივიღე, რითიც გეტყვით იმას, რასაც ემსახურება ჩემი სული, გული და გონება:
"ძარღვი ისევე არსებობს, როგორც ტვინი. ხომ ამბობენ, მაგას შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილიო. შენ უნდა იცოდე, რომ შენი ძარღვი მთლიანია მთელი შენი ცხოვრება, რომ შენ ემსახურები შენს ქვეყანას". ვეცდები, არასდროს გავიწყვიტო შუბლის ძარღვი და არ დავემსგავსო იმ ადამიანებს, ვისაც სიკეთის კეთება მობეზრდათ. არ მინდა, ვგავდე მათ, ვინც ყველაზე მძიმე დროს მიმატოვა და ამისთვისაც ვიბრძოლებ, დედისა და საკუთარი სულიერი იდენტობის გადარჩენისთვის...
დაბოლოს, წერილს ისევ შვილის მიერ დედისთვის მიძღვნილი წერილით დავამთავრებ:
"დღეს პირველი დღეა, როცა ასეთი ძლიერიც კი გაბმით ვტირი, ოღონდ ხალხთან მაინც თავი მიჭირავს. თუ ოდესმე შენი ან ვინმეს მოსავლელი გავხდი, ნუ მაცოცხლებო, წლების წინ მითხრა, სრულიად ჯანმრთელმა. როცა კარგად იყო და არაფერი უჭირდა, რატომღაც ჩაძინებულს სუნთქვას ვუმოწმებდი სულ. მთელი ცხოვრება უცნაური განცდა მქონდა და ბიბლიოთეკებში ათასგვარ პუბლიკაციებს ვეცნობოდი, სიცოცხლის დიდხანს გამახანგრძლივებელ აღმოჩენებთან დაკავშირებით, საშინელი წინათგრძნობით, რომ ერთ დღეს რაღაც ასეთი დამატყდებოდა. ამაზე მეგობრებს ეღიმებოდათ.
ასეთი ახალგაზრდა 1 კვირაში რომ დამიდნა, როგორ უნდა შევეგუო. ვერც იმას ვეგუები, მდგომარეობის შემფასებელმა ქალმა რაც მითხრა. ზეპირად მტკენენ გულს, როცა იმედი მართლა ბოლოს კვდება...
ბატონი ლევან სანიკიძე დედას, როგორც მხატვარს და მისი წიგნების გამფორმებელს, ასე მიმართავდა: "ჩემო აღმოჩენა".
ჰოდა, მე ყველა ბრძოლას მოვიგებ შენთვის, ჩემო აღმოჩენავ!.."
P.S.თუ ამ ადამიანების დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თანხა დარიცხოთ ანგარიშის ნომერზე: GE72TB7108545061600017
მიმღები: NATIA KHUNASHVILI
წინასწარ გიხდით მადლობას!
ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)