"წავედი, რომ ერთგვარი "დეტოქსი" განმეცადა" - ღარიბაშვილის თქმით, პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ, ერთი კვირა ათონის მთაზე გაატარა
ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემაში "ნოესთან" პირველ ჯერზე პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომას იხსენებს და ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ, მან ერთი კვირა ათონის მთაზე გაატარა.
"როცა გადავდექი, მეორე დღეს რაღაც უჩვეულო შფოთვა მქონდა და მაშინ გავაანალიზე, რომ აღარ მიწევდა ფიქრი და ზრუნვა მიმდინარე, ყოველდღიურ საკითხებზე. პასუხისმგებლობა რომ მოვიხსენი, ეს იყო უჩვეულო ჩემთვის.
ყველაზე დიდი ცდუნება რაც შეიძლება ადამიანმა გამოსცადო, ეს არის ძალაუფლება.
დიდია ცდუნება, როცა ნებისმიერ შენს თქმაზე კეთდება საქმე და შენს მითითებებს ასრულებენ, ამას ეჩვევი და ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამოცდაა ადამიანისთვის. პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მეც მქონდა თავბრუსხვევა, იმიტომ რომ ძალაუფლება რეალურად ცვლის ადამიანს.
როცა მე გადავდექი, შეგნებულად წავედი ათონის მთაზე და შობას შევხვდი იქ, ერთი კვირა დავყავი. წავედი, რომ ერთგვარი, ასე ვთქვათ, დეტოქსი განმეცადა. იქ გაქვს შესაძლებლობა რომ განმარტოვდე და შენს თავთან ასე ვთქვათ, ჩაიკეტო. ჩემ თავთან დავიწყე ჭიდილი, ბრძოლა გამოვუცხადე ჩემს თავს. საერთოდ, ბავშვობიდან ასე მივეჩვიე, თითოეულ ჩემს შეცდომას და მარცხს, ვიწყებ საკუთარი შეცდომების გაანალიზებით, მე არ ვიწყებ სხვებზე დაბრალებს. უნდა გაიარო ყველა ეს ტრანსები და მიხვიდე ჭეშმარიტებამდე და თუ აღმოაჩენ, რომ შენი ბრალი არ არის, მაშინ მოიპოვებ სულიერ სიმშვიდეს.
მე ეს გზა გავიარე. ათონის მთაზე შევხვდი ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს, ბერებს, რომლებსაც სხვა არავითარი საზრუნავი არ აქვთ, გარდა ღმერთისა.
და მეორე, ალბათ ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის სიყვარული, რომელიც ყველაფერს გადაწონის. შეიძლება გაჰყვე ამ ცდუნებას და მერე უცებ ბრუნდები რეალობაში. და რეალობა რა არის? შენი ოჯახი. გახსენდება შვილები, მეუღლე, მშობლები, ახლობლები. ის ადამიანები, რომლებიც შენთვის ძვირფასნი არიან, ვინც ძალიან ბევრი სიკეთე გაგიკეთა. ეს ემოცია ერთვება შემდეგ და რეალურად ეს გადაგატანინებს ცდუნებას, რომელიც უკავშირდება ძალაუფლებას" - ამბობს ღარიბაშვილი.