"კოალიციური მთავრობა აუცილებელია" - კვირის პალიტრა

"კოალიციური მთავრობა აუცილებელია"

9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული გამომცემლობა "კვირის ჟურნალისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს კოალიციური მთავრობა ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, დასრულდა თუ არა საქართველოში ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ამას მომავალი ადგილობრივი არჩევნები გვიჩვენებს.

"პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გამომცემლობასთან ქვეყნის პერსპექტივების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა.

"საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივა ევროპაა. ამ ინტეგრაციის თარიღი ევროკავშირის ევოლუციაზეა დამოკიდებული. ამ ლოდინისას კი, უნდა მივიღოთ ყველაფერი, რისი მიღებაც შესაძლებელია: ჩვენ შევუერთდით ისეთ ევროპულ პროგრამებს, როგორიც ერასმუსია, განხორციელდა ვიზალიბერალიზაცია, გაიხსნა ბაზრები. საქართველო გულით ევროპულია და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო და უფრო ასეთი ხდება. მას კიდევ უფრი მეტად შეუძლია იყოს ევროპული", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი და დასძენს, რომ ნატოში გაწევრიანება კვლავ არის საქართველოს მიზანი.

"ეს ის პროცესია, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს, და გარკვეულწილად, თითქმის უფრო ადვილია. საქართველო წარმოდგენილი იყო ავღანეთში. ჯარის თავსებადობა ძალიან წინ წასული პროცესია. წლებია ნატოსთან ერთად წვრთნები გვაქვს. საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ჩემს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრებისას ხშირად წამოიჭრებოდა ნატოში გაწევრიანების საკითხი. რუსეთის პოზიცია შემდეგი იყო: - ალიანსის არჩევანი სუვერენულია, მაგრამ ის არ უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და მართალია, ის არ არის დაკავშირებული გაწევრიანების გადაწყვეტილებასთან, ახსნა მაინც საჭიროა. პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა დაამძიმა თავისი პოზიციები ჩვენთან, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც უკრაინაში. ალიანსი არის ის ადგილი, სადაც მომავალი უნდა იყოს მყარი", - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, პრეზიდენტის შეფასებით, ეს ურთიერთობა "სრულიად გაყინულია".

"არანაირი დიალოგი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით მცირედ ტექნიკურ მიმოცვლას. თუმცა, ეს არასდროს იღებს პოლიტიკურ განზომილებას", - აცხადებს ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი და დასძენს, რომ პუტინთან უფრო მეტი სიმტკიცეა საჭიროა, რათა პატივი გცენ.

"თუმცა, საჭიროა გამოსავლების შეთავაზება. მხოლოდ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს. თუმცა, ის, რაც აკლია ევროკავშირს არის ხედვა ამ კონფლიქტებიდან გამოსავალზე და რუსეთისათვის შეთავაზებები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"კვირის ჟურნალისთვის" მიცემული ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"