"შეიძლება ბევრმა აკრიტიკოს პრეზიდენტი, მაგრამ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს იყო ძალიან სწორი განცხადება"
პარტია "ლელო - საქართველოსთვის" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება კოალიციური მთავრობის აუცილებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ძალინ სწორი განცხადებაა. ამასთან, როგორც ხაზარაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, კოალიციური მთავრობა საქართველოს რომ სჭირდება, ეს უდავოა.
"პრეზიდენტის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება ბევრმა აკრიტიკოს პრეზიდენტი და ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს იყო ძალიან სწორი განცხადება. ეს იყო ევროპული გზა, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტის სათაურადაც ვიყენებთ. ეს რომ ქვეყანას სჭირდება, უდავოა, ჩვენ გვჭირდება კოალიციური მმართველობა.
საქართველო ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, არა იმიტომ, რომ რაღაც განსაკუთრებული ხალხი ვართ, ჩვენ 30 წლის წინ თავისუფლებისთვის სისხლი გავიღეთ და ამას ყველაზე მეტად აფასებენ დემოკრატიულ სამყაროში. როდესაც შენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვი, ეს ნიშნავს, რომ იბრძვი ტრადიციებისათვის, წინაპრებისთვის, განვითარებისთვის, შენ არა ხარ მონა, რაც არ უნდა პატარა ერი იყო მზარდ ხარ წინააღმდეგობა გაუწიო ისეთ მონსტრს, როგორიც არის რუსეთი. ამას დემოკრატიული და თავისუფალი სამყარო ძალიან აფასებს", - განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული გამომცემლობა "კვირის ჟურნალისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. "პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.