"საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხის წამოჭრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოცემულობას უკავშირდება"
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხის წამოჭრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოცემულობას უკავშირდება. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ზურგი აქცია ევროკავშირს, მათ შორის, ბოკუჩავა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე და მართლმსაჯულების რეფორმაზე ამახვილებს ყურადღებას.
"2019 წელს ეს მეტწილად დაკავშირებული იყო კრიმინოგენურ ვითარებასთან და აქედან გამომდინარეობდა რეზერვაციები, რომელიც ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს ჰქონდა უვიზო რეჟიმის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ახლა თუ ეს საკითხი განიხილება და ვადასტურებ, რომ სამწუხაროდ განიხილება და განიხილება პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე. ეს მოცემულობა კი მდგომარეობს იმაში, რომ "ქართული ოცნება" გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან, არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს მართლმსაჯულების რეფორმასთან მიმართებით, უარს აცხადებს ევროკავშირის დახმარებაზე და ზურგს აქცევს ევროკავშირს. სამწუხაროდ, ევროკავშირს შეუძლია განიხილოს ისეთი მძიმე ნაბიჯების გადადგმა, როგორიც არის მთავარი სიკეთის შეფერხება, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია", - განაცხადა ბოკუჩავამ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და ასევე მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო ბოროტად სარგებლობის გამო, ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი წამოჭრა.