"ტყუილი არის სისუსტის, შიშის მანიშნებელი. ვინმეს თუ უნდა რამე დამაბრალოს, ცილისმწამებლური პროპაგანდა ააგოროს, გააგრძელონ - ხალხი ყველაფერს ხედავს"
"მე არაფერი მინახავს და მე ამის განხილვაში ვერ შევალ, ავთენტურია, არ არის. ერთი რამ ვიცი, ჩვენს - პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ, რომ ეგრეთ წოდებული ჯანსაღი ცხოვრების ეგიდით ეს ცილისმწამებლური, პროპაგანდისტული მანქანა იყო ამუშავებული - რა თქმა უნდა, ამაზე მე ადრეც ბევრი მაქვს ნათქვამი და არავინ მჭირდება ამის დასანახად", - ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი გახარიამ მედიის კითხვებს უპასუხა, მედიაში გამოქვეყნებულ სავარაუდოდ, მოშე კლუგჰაფტის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზე, რომელიც "ქართული ოცნებისთვის" გიორგი გახარიას წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის წარმოებისთვის რჩევებს მოიცავს.
"უფრო მეტსაც გეტყვით , ქვეყნის პირველი პირი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ დავაბრალეთ და თვითონ თავი იმართლოსო, ადამიანი ქვეყანას მართავს და პრეზუმფცია რა არის, წარმოდგენა არა აქვს, გავიგე! მაგრამ ამაზე, ყველაფერზე ვუპასუხებთ ღირსეულად, იმიტომ რომ ჩვენ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა გააკეთონ თავისუფალი არჩევანი და არა იმ პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ, რომლის ქვეშაც დღეს, სამწუხაროდ, მმართველი ძალა მოქალაქეს ამყოფებს", - აცხადებს გიორგი გახარია.
გახარიას თქმით, მოქალაქისთვის თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მიცემის და დებატებისა და ცივილური საარჩევნო პროცესის ნაცვლად ცილისმწამებლური და სიცრუეზე დაფუძნებული კამპანიის წარმოება სისუსტის და შიშის ნიშანია.
"ეს თავისუფალი არჩევანია - ეს უნდა იყოს ინფორმირებული არჩევანი იმის ნაცვლად, რომ რაღაც სისულელეებს და ტყუილებს ჰყვებოდნენ. ტყუილი არის სისუსტის, შიშის მანიშნებელი. შიშიდან გამომდინარე ტყუილების ნაცვლად, უნდა დავსხდეთ დებატებში და ღიად ვისაუბროთ. დემოკრატია რა არის და არჩევნები რა არის, დებატი იმისთვის, რომ მერობის ერთი კანდიდატი, მერობის მეორე კანდიდატი სენაკში, ზუგდიდში, თბილისში, ჩხოროწყუში, ფოთში, დასხდნენ, ისაუბრონ, რომ ადამიანმა გადაწყვიტონ ვინ უფრო გონიერია, ვინ უფრო ჭკვიანია, ვინ უფრო პროფესიონალია, ვინ უფრო კეთილსინდისიერია და ამის მაგივრად, შეშინებული და უსუსური ხელისუფლება რაღაც პროპაგანდისტულ ტყუილებს იგონებს და ცილისმწამებლურ კამპანიას აგორებს, გააგრძელონ", - განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვას, მოიაზრებს თუ არა მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური და სიცრუეზე დაფუძნებულ კამპანიის დამკვეთად უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს, გახარია პასუხობს, რომ არ იცის და არც აინტერესებს.
"წარმოდგენა არა მაქვს. მადლობა ღმერთს მე უკვე 9 თვეა იქ აღარა ვარ. იქ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, ვინ არის ამაში ჩართული, ვინ მოჰყავთ, ვინ მიჰყავთ - წარმოდგენა არა მაქვს და არ მაინტერესებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივყვებით. ეს გეგმა არ შემოიფარგლება მუნიციპალური არჩევნებით, ბევრად უფრო გრძელვადიანია და ჩემთვის მთავარია ჩვენს მოქალაქეებს ვესაუბრო, რათა ის მხარდაჭერა მივიღო, რომელიც საკმარისია, რომ ქვეყანაში ცვლილებები დავიწყოთ და მე ამას გავაკეთებ. ვიღაცას თუ უნდა მე რაღაცა დამაბრალოს, ტყუილისგან ცილისმწამებლური პროპაგანდა ააგოროს - ეს ხალხი, ადამიანები ყველაფერს ხედავენ", - განაცხადა გახარიამ.